ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად, რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია, „ქართული ოცნების“ ოპონენტები რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმების გამო.
„ეს საშიშროება კარგად დაგვანახა, მათ შორის, საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს „გლობალური ომის პარტიის“ მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს. რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, ოპონენტები რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმების გამო, რაიმეს მართლა ხომ არ ბედავდნენ ან რაზე დასწყდათ გული?“ – განაცხადა წილოსანმა.