კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კართან მივიდნენ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის “დაუმორჩილებლობის მთელი ციკლი” სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევისკენ იყო მიმართული.
“როცა საუბარია, თუ რა ამოძრავებდა რადიკალურ ოპოზიციას და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო სექტორს, თუ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევა. მათი დაუმორჩილებლობის მთელი ციკლი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული. ისინი აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ემორჩილებოდნენ და არ აღიარებდნენ. მათი მხრიდან საქართველოს რყევის დაუსრულებელი ისტორია გვახსოვს. ქვეყანა მყარ ინსტიტუციურ საფუძველზეა, ინსტიტუტები მყარი, ფუნქციონირებადი და დემოკრატიულია. სწორედ ამიტომ, მათი დესტრუქციის მიუხედავად გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წასულიყვნენ. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კარებთან მივიდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.