არჩილ თალაკვაძე: არჩევნებზე რაც მეტი მოქალაქე მოვა, მხარს დაუჭერს მშვიდობას, ევროპისკენ სვლას, მით უფრო მეტი გარანტია გვექნება, რომ საქართველო შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც დღემდე აქვს

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებზე რაც მეტი მოქალაქე მოვა, მხარს დაუჭერს მშვიდობას, ევროპისკენ სვლას, მით უფრო მეტი გარანტია გვექნება, რომ საქართველო შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც დღემდე აქვს

არჩევნებზე რაც მეტი მოქალაქე მოვა, მხარს დაუჭერს მშვიდობას, ევროპისკენ სვლას, მით უფრო მეტი გარანტია გვექნება, რომ საქართველო შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც დღემდე აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„დიახ, ქუდზე კაცი [უნდა გამოვიდეს]. ყველას მონაწილეობა არის დღეს ქართული დემოკრატიისთვის პრინციპული და ამ არჩევნებისთვის. ჩვენ ვთხოვთ თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ მონაწილეობა მიიღოს და ხმა მისცეს მშვიდობას, ხმა მისცეს ღირსებით სვლას მომავლისკენ, ხმა მისცეს კეთილდღეობას, რომელიც საქართველოს ასე სჭირდება და დასჭირდება მომავალშიც. ჩვენ შეგვიძლია მოქალაქეებთან ერთად ამის უზრუნველყოფა და სწორედ ეს იყო საარჩევნო კამპანიის მთავარი განაცხადი დღეს. ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით არის განსაკუთრებული, ვინაიდან არამხოლოდ ახალ პარლამენტს ირჩევს და არა მხოლოდ პარლამენტარებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება ახლა აკეთებს არჩევანს რთულ დროს ძალიან რთული გამოწვევების გარემოში და იმ პროცესების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს და იმ ზეწოლის ფონზე, რომელიც ასევე საქართველოს მიმართ იყო ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის, სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, ფსევდო ლიბერალიზმს, სიძულვილს, ღირსებას და ადამიანების პატივისცემას შორის.

„რაც მთავარია, აკეთებენ არჩევანს საქართველოს განვითარებას და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ლობისტებით, თავისი პატრონებით ამ წლების განმავლობაში მუდმივად მიმართავდა. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში ყველას ჩართულობა, ყველას მონაწილეობა. რაც უფრო მეტი მოქალაქე მოვა, რაც უფრო მეტი მოქალაქე გააკეთებს ამ არჩევანს, მხარს დაუჭერს მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას, პროგრესს და ღირსებით ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სვლას, მით უფრო მეტი გარანტია გვექნება, ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, რომ საქართველო შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც დღემდე აქვს – ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ამას ჩვენ მივაღწიეთ, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით და კიდევ ერთხელ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მადლობას ვუხდი, რომ არა თქვენი ძლიერი მხარდაჭერა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ახლაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ახლაც გვჭირდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.