ახალი 2014 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ავღანეთთან ტელეხიდით დაიწყო. ავღანეთის მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მის მოადგილესთან, ირაკლი გეგეჭკორთან ერთად მიულოცა. ტელეხიდი ავღანეთთან თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ვიდეო-კონფერენციის საშუალებით განხორციელდა. ირაკლი ალასანიამ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წარმატებები და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
თავდაცვის მინისტრი ახალ წელს მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ეწვია. ირაკლი ალასანიამ ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ჭკუასელს ახალი წელი მიულოცა და მისი ოჯახის წევრებს წარმატებები და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურის შვილებსა და შვილიშვილებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ჭკუასელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. მიხეილ ჭკუასელს 9 შვილი ყავს.
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალებს ეწვივნენ. მათ ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცეს და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსი, მის მოადგილეებთან ერთად ახალ 2014 წელს სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდენენ.