„დადებითი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო“

„დადებითი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო“

კოაბიტაციის წელი დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ერთწლიანი „თანაცხოვრებით“, საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა, ნაწილი კი პირიქით. თუ რა გაკეთდა კარგი და ცუდი 2013 წელს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

როგორ აფასებთ, მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას - 2013 წელს?

- საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინი იყო. წინასაარჩევნოდ, ძალიან ბევრი დაპირება გაიცა, როგორც სოციალური დაცვის კუთხით, ასევე ე.წ. სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ამას გარდა, წინასაარჩევნოდ განცხადებები კეთდებოდა, რომ ჩვენს ჯიბეში საწვავიდან ერთი ლარი მიდიოდა, ხოლო გაზიდან 1/3 პროცენტი. ასევე გახმაურებეულ საქმეებზე ბრალდებები ისმოდა, რაც საზოგადოებაში სტერეოტიპებად ჩამოყალიბდა. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლების სათავეში დიდი ქონების პატრონი მოდიოდა, ბევრი კონკრეტულ სარგებელს ელოდა, თუმცა, მათ მოლოდინი გაუცრუვდათ.

რა მოვიგეთ? - მხოლოდ ლაპარაკი გასულ ცხრა წელზე, რაც უკვე სასაცილო თემა გახდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის კეთების გარდა, ყველაფერს აბრალებდნენ. ამას გარდა, საერთაშორისო არენაზე პოზიციები მნიშვნელოვანწილად დავკარგეთ, რადგან მცოცავი ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაა, ვინაიდან, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, მსგავსი მასშტაბები არ ყოფილა. ეს კარგად ასახავს იმას, საგარეო პოლიტიკა თუ როგორ მუშაობს. ასევე გაზაფხულზე, ამბობდნენ, რომ არა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მთავრობა გაცილებით მეტს შეძლებდაო. რაიმე დასაბრალებელი რომ არ ჰქონოდათ, ცალსახად პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით, პრეზიდენტის უფლებამოსილება შევზღუდეთ, მაგრამ ამის შემდეგ, დაბრალებების ახალი ტალღა წამოვიდა, რომ საერთაშორისო დონეზე ქვეყანას ლანძღავთო.

თუმცა, საერთაშორისო არენაზე, პრეზიდენტ სააკაშვილი საქართველოს ახალ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა...

- იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ხალხს მათი სჯერა. რიტორიკა იყო, რომ ყველაფერი კოაბიტაციის ბრალია, მაგრამ ეს კოაბიტაცია თანამშრომლობას ნიშნავს და ამ პროცესის მიმართ ყველაფრის დაბრალება აბსურდულია.

2013 წელს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ბიუჯეტისგარღვევაზეაპელირებდით. რამ გამოიწვია, ეკონომიკის პარალიზება?

- ეკონომიკა სერიოზულ კრიზისშია და თუ ნორმალური პროცესი არ წავიდა, შეიძლება დეფოლტამდე მივიდეთ. მართალი გითხრათ, მთავრობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დასაბრალებელს უფრო ეძებდა, ვიდრე გამოსავალს. რასაც, ნაციონალები წლის დასაწყისში ვამბობდით - წლის ბოლოს მილიარდამდე „გარღვეული“ ბიუჯეტი მივიღეთ. ამას გარდა, გაძვირებულია საწვავი და პროდუქტები. შემოსავლები კი, შემცირებულია. ყველა ამბობს, რომ ვაჭრობა შემცირებულია და თითქოს, ქვეყანაში ახალი წელი არ მოდის. ფიზიკურად ფულის ბრუნვა არ არის. ამას გარდა, სახელმწიფო, მომავალ წელს, მილიარდ 600 მილიონიან ვალს იღებს. ვითარება მარტივად რომ შევაფასოთ, ქვეყნის სათავეში მილიარდერი მოვიდა, რომლის მოსვლაც, ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 2 მილიარდ 600 მლნ ლარი დაგვიჯდა. ამაში იგულისხმება, მილიარდით „გარღვეული“ ბიუჯეტი და საგარეო ვალი. სახელმწიფომ ვალი უნდა აიღოს, მაგრამ ეს მიზნობრივი უნდა იყოს და ფული ისეთ მიმართულებაში უნდა იდებოდეს, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუწყობს. სახელმწიფომ მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს, რომ ბიუჯეტმა ამ ვალის გადახდა ხვალ და ზეგ შეძლოს. ამ შემთხვევაში, 600 მლნ ლარი შიდა ვალია, რომელსაც მთავრობა შიდა პრობლემების დასაფინანსებლად გამოიყენებს და აბსურდია, რომ თითქოს, 200 მლნ ლარს საბანკო სექტორში აბრუნებენ. საბანკო სექტორის პრობლემა ის არის, რომ ბიზნესი სესხს არ იღებს, რადგან მათ ვალის დაფარვის ეშინიათ. ეკონომიკური ზრდა დაბალია და ფაქტია, რომ არასწორად დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტი მივიღეთ. სახეზეა, სრული არაპროფესიონალიზმი.

ახალ მთავრობას კარგი ტრამპლინი აქვს, რომ საქმე აკეთოს და ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება არ დაუშვას, მაგრამ თქვენ მათში, კადრების პრობლემას ხედავთ?

- სად არის პრობლემა? საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც ქვეყნის მართვის გამოცდილება არ აქვს. ასევე პრობლემა არის იმაშიც, რომ ჩვენი მთავრობა არის ჩაკეტილი. ამ მთავრობაში თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც არიან ვიღაცის მეგობარნი და ახლობელნი. ხელისუფლებაში კადრების შერჩევა ღია წესით არ ხდება. როდესაც, იუსტიციის სახლის პროექტზე ვმუშაობდი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ. „კარგი პროდუქტის“ შექმნაც სწორედ მათთან ერთად შევძელით. ისინი ჩემს გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ, მე მარტო ვერაფერს შევძლებდი. ამ ხელისუფლების შემთხვევაში კი, ვითარება სხვაგვარად არის. ოღონდ ერთგული იყოს, ადამიანის არც პროფესიონალიზმი აინტერესებთ და არც გამოცდილება. მართალი გითხრათ, იმ სფეროებში, სადაც ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, იქაც ერთგულებაზე დაფუძნებული მენეჯმენტი იყო და არა პროფესიონალიზმზე.

სამართალდამცავ უწყებას გულისხმობთ?

- გარკვეულწილად მსგავს ფაქტებს ადგილი იგივე სამართალდამცავ უწყებებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში ჰქონდა. ასევე რიგ თვითმართველობებშიც ასე იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო გახსნილი, ვიწრო წრეში იყო წარმოდგენილი. ფაქტია, რომ წარმატებებს იმ სფეროებში მივაღწიეთ, სადაც ღია და გახსნილები ვიყავით. მოტივირებულ და განათლებულ ადამიანს, როცა თვითრეალიზების უფლებას აძლევ, ის შენი ერთგულიც არის და შენიანიცაა. ეს ხელისუფლება კი, რას აკეთებს? საქმე არც იციან და არც მცოდნე ადამიანები მიჰყავთ, რომ საქმე აკეთონ. საბოლოო ჯამში, რას ვიღებთ? - არაორგანიზებულობას. საქართველოში რომ თოვლი მოვიდოდა, ეს მთავრობისთვის გაურკვეველი იყო? ორი კვირის განმავლობაში, გზები ვერ გაწმინდეს და აჭარაში ელექტროენერგიის წაქცეული ბოძები, მგონი დღესაც აღუდგენელია.

ფაქტია, რომ სახელმწიფო მთლიანად ჩამოიშალა. მთავრობას ორგანიზებულობა და მობილიზაცია აკლია. ამას გარდა, აბსურდად მიმაჩნია, ე.წ. კომისიობანა. მგონი, დავით ნარმანია ხუთი თუ ექვსი კომისიის თავმდჯომარეა. არადა, სამინისტროები და დეპარტამენტები იმისთვის არსებობენ, რომ კონკრეტული ფუნქციები გაატარონ. კომისია, რას ნიშნავს? - ჯდები, ლაპარაკობ და შედეგი არ არის. ამიტომ არის, რომ გაჭედილები არიან. თვითმართველობის კოდექსი, რომელსაც პარლამენტი იხილავს, სწორედ კომისიის მიერ არის მომზადებული, სადაც აბსოლიტური ჩავარდნაა. ამ პროექტზე, ნარმანია ერთი წელი მუშაობდა, მაგრამ ცვლილებებმა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვია. ის ვარიანტი გამოაქვეყნეს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია, თუმცა, ამ პროცესში მთავარი იცით, რა არის? - პროექტი გზადაგზა დაიშალა. პროექტით, ერთადერთი სიახლე ის არის, რომ გამგებელს ავირჩევთ, მაგრამ წლის ბოლოს პრეცედენტი მივიღეთ, რომ არჩეულ მერეს გადააყენებ. ამას გარდა, არავინ იცის, სხვა სიახლე, თუ როგორ ტარდება თვითმართველობის არჩევნები.

როცა მენეჯმენტში პრობლემა გაქვს, ამის საპასუხოდ რას აკეთებ? - იმის გამო, რომ პოლიტიკურ ძალას საზრდო მისცე, პოლიტიკურ დევნას იწყებ. რაც ვანო მერაბიშვილთან და გიგი უგულავასთან დაკავშირებით მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. სოციალურ ქსელში, მერაბიშვილის განცხადება რომ დადო, ვიღაც გეტყვის, რომ თქვენ დროს, მეტი უარესობა არ ხდებოდაო, მაგრამ მე ხომ უკეთესი ქვეყანა მინდა?! შეიძლება, ბევრ რამეში ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ის, რაც ადრე ხდებოდა, გავიგეთ და მოდით, უკეთესი აკეთონ. საქმეზე გამოძიების დაწყება, პრემიერის თუ პროკურორის გადასაწყვეტი არ არის, ეს კანონში წერია. მათ ადგილზე იცით, რას ვიზამდი? გამოვიდოდი და ვიტყოდი, გამოძიება დავიწყეთ, ჟურნალისტებს მოვიხმობდი და ვიდეო-მასალას ჩავრთავდი და ამით, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ვანო მერაბიშვილს დავანგრევდი, რითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უზარმაზარ დარტყმას მივაყენებდი, მაგრამ მათ საქმის „გაპრავება“ და ზღაპრების მოყოლა დაიწყეს. გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე კი, შოუ დაიდგა, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ იწყება. რაც შეეხება ჟვანიას საქმეს, ამ საკითხით დავიღალე და დაინტერესებული ვარ, რომ თუ რაიმე აქვთ გამოსაქვეყნებელი, გამოაქვეყნონ. უბრალოდ, ის დასტურდება, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციებს და პროცესი ორღობეში ჭორაობას დაემსგავსა. წყალგამყოფზე ვართ. იცით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, რა იყო? თავის დროზე, მოვლენებს ისინიც „აპრავებდნენ“ და სიმართლეს რომ ამბობდნენ, საზოგადოებას ისიც აღარ სჯეროდა. ზუსტად, იგივე დინამიკა გვაქვს, მაგრამ ახალი მთავრობის ტემპი გაცილებით მეტია.

ყურადღებას მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებთ, რაც თქვენი სტატუსიდან - ოპოზიციონერობიდან გამომდინარე, ლოგიკურია, მაგრამ 2013 წელს, დადებითი არაფერი მოხდა?

- დადებითი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო და ხელისუფლების გადაბარება დემოკრატიულად პირველად მოხდა. ამ არჩევნების შედეგით, ბევრმა ნაციონალმა ბევრი მოვლენა სხვანაირად დაინახა. ხალხთან ურთიერთობის მეტი შანსი გაჩნდა. ქვეყნაში რაც მოხდა, ეს ლოგიკური იყო. შეიძლება, მეც მეთქვა, ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა-თქო. რაც მთავარია, „გამპრავებლები“ ვეღარ ვიქნებით. პრინციპი მქონდა, რომ „გამპრავებელი“ არ ვყოფილიყავი, თუმცა, ბარიერის გადალახვა, რომ მინუსებზე ისაუბრო, საკმაოდ რთულია და ეს გადავლახეთ.

რადგან თქვენს საქმიანობაზე საუბრობთ, გკითხავთ, 2013 წელს, რითი გამოირჩეოდით?

- დადებითია ის, რომ ერთიანობა შევინარჩუნეთ. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან წამოსული პარტიები არ იშლებოდნენ. პოლიტიკური თავდასხმების მიუხედავად, ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვანი ალტერნატივა ვართ. „ნაციონალური მოძრაობაში“ აზრთა სხვადსხვაობა ყოველთვის იქნება და განსხვავებული მიდგომები გვაქვს. თუმცა, ამის ფონზე, რა არ მომწონს? სწრაფი ცვლილებების, „ღია კარის“ პრინციპის მომხრე ვარ. გადაწყვეტილებები ყველა აქტივისტმა უნდა მიიღოს და პარტია მიმზიდველი უნდა გახდეს. ნაციონალებს გამოცდილება და პროფესიონალიზმი არ გვაკლია, მაგრამ დღეს, მიმზიდველები არ ვართ და ბევრს ჩვენთან მოსვლა არ სურს. ჩვენსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის, ბარიერია.

საზოგადოების ნაწილი თქვენს მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. მოსახლეობის 63 პროცენტს, რომელთაც ხმაქართულ ოცნებასმისცეს, გულზე არ ეხატებით. შესაბამისად, საზოგადოება რის სანაცვლოდ მიგიღებთ?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ საზოგადოების 22 პროცენტს „გულზე ვეხატებით“. რაც შეეხება ჩვენს მიმზიდველობას, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პრობლემა რა იყო? - ნაკლები ურთიერთობა ხალხთან.

ხალხთან გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ შეხვედრებსდადგმული სცენარითმართავდით...

- ჩვენ ვსაუბრიბდით, თუმცა, მოსმენის პრობლემა იყო. ამას გარდა, ხელისუფლების ცენტრალიზება იყო პრობლემა. ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე იყო ყველაფერი მიბმული. ეს იყო ქვეყანა, სადაც ძლიერი ოპოზიცია არ გყავდა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გახსნილობა არ იყო. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ მექანიზმებს შემქნის, რომელიც დაფუძნებული არ იქნება კონკრეტულ პირებზე და გადაწყვეტილებას ყველა მიიღებს, მაშინ ხალხი დაინახავს, რომ ქვეყნის მართვა უნდა იყოს არა ცენტრალიზებული, არამედ მმართველობა უნდა მოხდეს ქვემოდან ზემოთ. თუ საზოგადოებას მმართველობის ამ პრინციპს ვაჩვენებთ, ნდობა აღდგება.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თქვენ იუსტიციის სახლების მშენებლობას უწევდით ზედამხედველობას და საზოგადოებას განსაკუთრებული აგრესია თქვენს მიმართ შეიძლება არ ჰქონოდა, მაგრამ ნუგზარ წიკლაური, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და .. სწორედ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყველაფერსაპრავებდნენ“. შესაბამისად, ფიქრობთ, რომ ისინი საზოგადოების ნდობას, ისევ მოიპოვებენ?

- ამ ადამიანების გამოცდილება ცალსახად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ, ახალი ადამიანები უნდა წარმოვაჩინოთ. ჩვენს გვერდით, ძალიან ბევრი ღირსეული ახალგაზრდაა. მათ ასაკზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ახალ სახეებზე ვამახვილებ ყურადღებას. მათ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის საშუალება, სწორი მექანიზმების პირობებში უნდა მიეცეთ და არა ჩაკეტილ სივრცეში, რომ ჩვენ ვართ და სხვა არ გვინდა.

თქვენს მიდგომას, რომ პარტიაში მეტი ახალი სახე გამოჩნდეს, მიხეილ მაჭავარიანი და კიდევ რამდინიმე ლიდერი ეწინააღმდეგება. ფაქტია, რომ თქვენს გუნდშითაობათა ბრძოლასაქვს ადგილი. ახალი მექანიზმების შემოღების მიზნით, დაწყებული კამათი, თქვენი დაშლით ხომ არ დასრულება?

- იცით, ჩვენი სიძლიერე სად არის? - აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ. ამ პარტიაში მანამდე ვიქნები, სანამ დარწმუნებული ვიქნები, რომ ახალი მექანიზმების ამოქმედებას მივაღწევთ. იმის მომხრე კი არ ვარ, რომ ვიღაცა პარტიიდან წავიდეს და პოლიტიკა დატოვოს, პირიქით, თქვენ ვინც დაასახელეთ, მათი ცოდნა იმ ხალხისთვისაა აუცილებელი, ვინც ჩვენს რიგებში შემოვა. ისეთი მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ, რომლითაც ახალი სახეები წარმოჩინდება და რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ იმის, რომ ლიდერები გახდნენ. თუ ამ მექანიზმებს შევქმნით, პრობლემა არ გვექნება და აგერ ნახეთ, თუ არ შევქმნით.

2014 წლისგან, რა ელით?

- თუ სურვილებეზეა, მინდა, რომ ქვეყანაში მეტი სიხალისე იყოს და ნაკლები ბოღმა და აგრესია იგრძნობოდეს. დაძაბული გარემოს მოხსნა და მეტი თავისუფლება მსურს. 2014 წელი ნაციონალებისთვის „გარღვევის“ წელი უნდა იყოს, მთავრობას კი, წარმატებას ვუსურვებ, რადგან მათი წარუმატებლობა ჩვენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. 2014 წელს, საქართველოს გამოწვევების კუთხით, სოჭის ოლიმპიადა და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ელოდება, მაგრამ მთავრობა უკვე გეგმებს უნდა ამზადებდეს. თუ ევროპული ინტერგაცია შევქმენით, მაშინ ახალ ფაზაში გადავალთ, რაც თითოეულ ქართველს შედეგს მოუტანს.