რადიო „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 27 დეკემბერს, პრესისთვის გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სკურპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
არის თუ არა ეს საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და ჩნდება თუ არა დასავლეთში ეჭვები კანონის უზენაესობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით, ცალსახაა - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასავლეთი მუდმივად იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში სამართლებრივი პროცესები ჩატარდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
თუმცა, აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ შევარდნაძის პერიოდის ჩინოვნიკების დაკავება - „გატყავებასთან“ დაკავშირებით, დასავლეთს სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან მსგავსი კითხვები არ გასჩენია.
როგორც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია დედაქალაქის მერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან.
„ვიცით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შეუჩერდა უფლებამოსილება და აღარ ახორციელებს მერის ფუნქციას. ეს არის არჩევითი თანამდებობა და არ არის ორდინალური მოვლენა, როდესაც მილიონი ადამიანის მიერ არჩეულ მერს უჩერდება უფლებამოსილება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
როგორც გოგოლაშვილი მიიჩნევს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ადმინისტრაციას არ შეუძლია გამოიტანოს ცალსახა დასკვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ფაქტი ხდება მისი ყურადღების საგნად და ამ საკითხთან დაკავშირებით შეეცდება, განახორციელოს სერიოზული დაკვირვება, რათა გაარკვიოს და დააფიქსიროს თავისი შემდგომი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.
„არის სხვა ფაქტებიც, მაგალითად, გენერალური პროკურორის მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ამავე პროკურორის მიერ დაწყებული ინტენსიური გააქტიურება სწორედ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. ეს არის ახალი კამპანია, რომელიც შესაძლოა ატარებდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს.
აქ შეერთებული შტატების მთავრობა ჯერჯერობით არ გამოთქვამს თავის პრეტენზიას და დამოკიდებულებას ამ ახალი ტალღის მიმართ, მაგრამ ხაზს უსვამს იმას, რომ არ დატოვებს უყურადღებოდ გამოძიების ნებისმიერ ფაქტს“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ამ განცხადებით შტატები მინიშნებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აშშ იქნება მომთხოვნი საქართველოს ხელისუფლების მიმართ რათა მან ყველა საქმე აწარმოოს კანონიერების ფარგლებში და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სენსიტიურ საქმეებს.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე თვლის, რომ ეს არ არის არანაირი გაფრთხილება და თუ ადევნებს თვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება განცხადებას სანდრო თვალჭრელიძე მის მიმართ ეჭვს გამოთქვამს.
„ეს ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია. ეს გაავრცელა „ამერიკის ხმამ“. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დევს მის ოფიციალურ გვერდზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე კი ეს განცხადება არ არის. ჯერჯერობით, ეს არაოფიციალური განცხადებაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ გვადევნებენ თვალ-ყურს, ძალიან კარგი. ეს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის კიდევ კონტროლიორი იქნება“,- აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.
ექსპერტი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ეს არის უფრო პრევენციული გაფრთხილება, რადგან ჯერ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი არ არის დამდგარი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სურს, კითხვები არ დარჩეს საზოგადოებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.
„ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც სულ რაღაც ერთი თვე რჩება ჩვენი პრემიერის აშშ-ში ვიზიტამდე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ვიზიტი, რადგან ბოლო პერიოდში წყვეტა მოხდა. გვახსოვს, შევარდნაძე დადიოდა, სააკაშვილი ხომ დადიოდა და დადიოდა აშშ-ში, მაგრამ წყვეტა მოხდა ივანიშვილის პერიოდში. მართალია, ეს ერთი წელი იყო, მაგრამ მაინც დიპლომატიურად ხორკლებიანი, რადგან არ შედგა სიმბოლური ვიზიტიც კი. ახლა კი აშშ-ში მიდის ახალი პრემიერი და ძალზე არასასიამოვნო იქნება ჩვენთვის, რომ იქ პრემიერს ეს კითხვები დაუსვან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლისთვისაც გაუგებარია რამ მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ასეთი განცხადების გაკეთების საბაბი.
როგორც ცინცაძე აცხადებს, უკვე შევეჩვიეთ და შევეგუეთ იმას, რომ ამერიკელებმა გაცილებით მეტი იციან იმ მოვლენებზე, რაც ჩვენთან ხდება, ვიდრე ჩვენ.
„პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს არის მერაბიშვილის ყბადაღებული თემის გარკვევა - გაიყვანეს, არ გაიყვანეს, თავზე პანამა დაახურეს, „მეშოკი“ ჩამოაცვეს, თუშური ქუდი დაახურეს თუ რა. ეს უკვე არასერიოზულ სახეს ღებულობს. ბოლო 9 წელი, იქამდე კი 10 წელი გვესმოდა, რომ რაღაც საკითხზე მიმდინარეობს ძიება და დაველოდოთ შედეგსო, ეს ლოდინი დაუსრულებელ ფორმას ღებულობდა-ხოლმე. იმედია ამ საკითხის შესწავლა მალე დასრულდება.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაციის რამდენიმე წყარო აქვს და ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს სახელმწიფოს სახელით, ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ფანატიკურად უფრთხილდება თავის რეპუტაციას. ამიტომ, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება მისი მხრიდან, ყურადსაღები მაინც უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისათვის“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
ახალი არ არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აპელირებს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე და არ იშურებს ძალ-ღონეს, რომ დასავლეთს მუდმივად მისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს. ამ ფონის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც კოაბიტაციის რეჟიმის დაცვა ევალებოდა ხელისუფლებას, სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში ყოველთვის დომინირებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა - საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება იმ ჩინოვნიკების მიმართ, ვის შესახებაც კითხვები კარგა ხანია, არსებობს.
კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ როდესაც საქმე სამართლებრივ საკითხებს ეხება აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა არ უნდა იყოს დომინანტი და სამართლიანობა უზენაესია.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამ შემთხვევში ნაკლებად შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას. კანონის უზენაესობა არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ყველაზე მაღალი საფუძველი. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა მაშინ შეძლება იყოს გათვალისწინებული, როდესაც კანონი ამის საშუალებას იძლევა. მაგალითად, გამოძიების პერიოდში მოხდეს ჩინოვნიკის დაკავება, თუ უფრო ლმობიერი, გირაოს გადახდა ან წინასწარი აღკვეთის ღონისძიებისგან გათავისუფლება დაეკისროს. მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა არ შეიძლება ეხებოდეს თვითონ გამოძიებას - დაიწყოს გამოძიება თუ არა“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
რაც შეეხება უგულავას თემას, სოსო ცინცაძე თვლის, რომ უმჯობესი იყო, სასამართლოს მეტი სიფრთხილე გამოეჩინა.
„როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანია, მაშინ სასამართლომ საბაბიც კი არ უნდა მისცეს არავის. ჩემთვის გაუგებარია ასე რატომ ხდება“, -აცხადებს ცინცაძე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება, არ არის გამორიცხული, სამართლებრივი პროცესები შედარებით ფრთხილად წარიმართოს. გახდება თუ არა პროკურატურაში განხორციელებული ცვლილება აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის კმაყოფილების საბაბი, დარწმუნდებიან თუ არა საქართველოში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობაში, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ კითხვაზე პასუხს სავარაუდოდ მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ი ვიზიტის შემდეგ მივიღებთ.