ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების ახალი წესით მმართველი გუნდიც და უმცირესობაც კმაყოფილია

ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების ახალი წესით მმართველი გუნდიც და უმცირესობაც კმაყოფილია

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ნდობის ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. პროექტის მიხედვით, ნდობის ჯგუფის შემადგებლობას პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება და ჯგუფში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პერსონალური კენჭისყრები საჭირო აღარ იქნება.

სიახლეა ისიც, რომ ნდობის ჯგუფში მაჟორიტარების და უმცირესობის კვოტით ის დეპუტატი შევა, რომლის წარდგენასაც ხელმოწერით ყველაზე მეტი დეპუტატი დაუჭერს მხარს. 
ირაკლი სესიაშვილის მიერ შეთავაზებულ ნდობის ჯგუფის ფორმირების ამ ვარიანტს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ის, რომ ნდობის ჯგუფი დღემდე ჩამოყალიბებული არ არის, საპარლამენტო საქმიანობის სერიოზული ხარვეზია. ამის მიზეზი არის როგორ სუბიექტური, ასევე ობიექტური. პრაქტიკიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ნდობის ჯგუფში უმცირესობას აქვს თავისი კვოტა და კანონის გათვალისწინებით, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ცალკეულ კანდიდატებს, უმრავლესობას რჩებოდა უფლება, უმცირესობის წარმომადგენელი დაებლოკა, ან მისთვის ხმა არ მიეცა.

მიმაჩნია, რომ რამდენადაც ნდობის ჯგუფი საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმია და აქვს ფუნქცია, რომ სამხედრო საიდუმლო შესყიდვების კონტროლი განახორციელოს, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ჯგუფს, საკითხთან ხელმისაწვდომობის უფლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ინიციატივისადმი ღია მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მოიძებნა გამოსავალი და იმედი გამოთქვა, რომ ეს გამოსავალი სათანადოდ იქნება გამოყენებული, როცა ჯგუფი დაკომპლექტდება.
პარლამენტის ნდობის ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება. მის შემადგენლობაში ერთი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარი პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული სუბიექტები ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ და პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დადგენილებით, კენჭისყრა კი პერსონალურად ტარდება.
ნდობის ჯგუფის ფორმირების წესის შეცვლის გადაწყვეტილება უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ფაქტორს უკავშირდება. დღევანდელ პარლამენტს, რომელიც უკვე მეორე წელია კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებს, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიც ნდობის ჯგუფია, დღემდე არ ჰყავს, იმის მიუხედავად, რომ ნდობის ჯგუფში შესაყვანი კანდიდატები შესაბამისი სუბიექტების მხრიდან დიდი ხანია დასახელებულია.

საქმე ისაა, რომ უმცირესობამ საკუთარი კვოტით პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურა შესთავაზა. მმართველ გუნდს არ სურს ნდობის ჯგუფში მხარი თარგამაძეს დაუჭიროს და არც ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ნდობის ჯგუფი უმცირესობის წარმომადგენლის გარეშე შეიქმნას. თავის მხრივ, უმცირესობაც პრინციპულ პოზიციას იჭერს და უარს აცხადებს გივი თარგამაძის კანდიდატურის მათი რიგებიდან სხვა დეპუტატით შეცვლაზე.

for.ge. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს თეონა აქუბარდიას ესაუბრა.

ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებ მოხდება ახალი წესით, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი გუნდიც და უმცირესობაც. ნდობის ჯგუფი არარსებობა, ალბათ, საპარლამენტო საქმიანობის სერიოზული ხარვეზი იყო, მაგრამ რამდენად მისაღებია სამოქალაქო სექტორისთვის ბოლო ვარიანტი?

- როდესაც საუბარია ნდობის ჯგუფზე, აუციელებლია აღვნიშნოთ ნდობის ჯგუფის როლი საპარალამენტო ზედამხედველობის კუთხით. რამდენადაც საიდუმლო თემას, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და ასევე, საიდუმლო ხარჯებზე კონტროლს, ამის უფლება აქვს მხოლოდ ნდობის ჯგუფს და აქამდე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება ვერ მოხდა.

ის ინიციატივა, რომელიც იყო წარდგენილი პარალამენტში, შესაძლებელია იყოს მიჩნეული როგორც კონსენსუსი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რამდენადაც ბოლო ვერსია, რომელიც წარადგინა პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იქ საუბარი იყო ნდობის ჯგუფის არჩევისა და პარალამენტში მისი დანიშვნის საკითხზე. ამ ვერსიით წარმოდეგენილ კანონპროექტს დაეთანხმა უმცირესობა.

სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრები პარლამენტის დასამტკიცებელი აღარ იქნება და შესაბამისად, უმცირესობის მიერ თარგამაძის წარდგენაც ცნობად იქნება მიღებული?

- პროექტის ავტორი ამბობს, რომ უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც სჭირდება ნდობის გამოცადება ხელმოწრებით პარლამენტში. შესაბამისად, ეს ხელმოწერა თავისთავად დაადასტურებს იმას, რომ ეთანხმებიან დეპუტატები ამ კანდიდატურას. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა წინა ვერსია, როდესაც თითოეულ კანდიდატს ღია კენჭისყრით აფიქსირებდა და მაღალ ნდობას უცხადებდა, მაგრამ ვერ მოხერხდა ნდობის ჯგუფის ფორმირება, ჩვენ მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისე, რათა ნებისმიერი მიზეზი უკან იყოს გადადებული, რამდენადაც საპარალამენტო კონტროლი არაა მხოლოდ უმრავლესობის და უმცირესობის ინტერესი.

ეს არის ქვეყნის ინტერესი, რასაც ითვალისწინებს კანონდმებლობა და დასავლური ინტერესი. ასე რომ, ის ვერსია, რომელიც არსებობდა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რამდენადაც გამოსავალი სხვა არ არსებობს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ კომპრომისულ ვარიანტსაც მხარს დავუჭერთ, მთავარი მიზეზის გამო, რომ საბოლოო ჯამში, ნდობის ჯგუფის ფორმირება მოხდეს პარლამენტში და სრულფასოვანი ზედამხედველობის განხორციელება მოვახერხოთ თავდაცვის სამინისტროზე და მათ შორის შეიარაღებულ ძლებზე.

სამოქალაქო სექტორი როგორ აფასებთ თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს. რამდენად პოზიტიურად განვითარდა მოვლენები ერთი წლის განმავლობაში?

- სერიოზული ძვრები იყო უსაფრთხოების სექტორში არსებული რეფორმების კუთხით. აუციელებელია აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა კონსტიტუცია, მათ შორის ცვლილება შევიდა დაახლოებით 16-მდე კანონში, მათ შორის მთავრი ცვლილება, რომელიც თავდაცვის კუთხით დაფიქსირდა, იყო ის, რომ გაერთიანებული შტაბი გადაიქცა გენერალურ შტაბად, წარმოდგენილი იქნა მინისტრის ხედვის დოკუმენენტი, რომელიც ასახავდა ორწლიან გეგემებს. ამასთან ერთად დამტკიცებული იქნა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებული იყო სამი წლის გათვლებით.

რაც შეეხება უწყების გამჭვირვალეობის დონეს, არ შეიძლება არ ვისაუბროთ წინსვლაზე. რამდენადაც, რამოდენიმე სახის შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში, ეს იქნებოდა მინისტრის დონეზე, თუ დეპარტამენტის უფროსებთან და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა, მათ შორის ჩვენ შეხვედრა გვქონდა კვების კომპანიასთან.

თუმცა კვება იყო ყველაზე პრობლემური მიმდინარე წელს სამხედრო ნაწილებში...

- ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, რომ ბრიტანელები მზად არიან ამ კუთხით დახმარება გაუწიონ საქართველოს. დაველოდოთ რა იქნება. მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცა, დიდი დანაკლისი მიიღო ავღანეთის სამშვოდობო მისიაში ქართულმა დანაყოფმა. ამასთან დაკავშირებით კარგი ინიციატივა იყო მთავრობის მხრიდან გაჟღერებული, რომ ავღანეთში დაღუპულ სამხედროებზე გაიზარდა ერთჯერადი კომპენსაციის თანხა 15 ათასი ლარიდან ის გახადა 100 ათასი ლარი, რაც არის ძალიან დიდი დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც ეს დიდი ტრაგედია გადაიტანეს.

ალბათ, მნიშვნელოვანი იყო თავდაცვისა უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში, ამერიკასთან სტრატეგული ქარტიის ფარგებლში მოხდა ეს შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა...

- არ შეიძლება არ აღინიშნოს ის მიღწევა, რომელიც დადგა. როგორც იცით ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ის რეზოლუცია, რომელიც საბოლოოდ იქნა მიღებული, რაც გულისხმობს საქართველოს დახმარებას ჩვენ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და თუ ადრე იყო წუხილები ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ეს წუხილები უკვე მოხსნილია და დახმარება არის ძალიან უმარავ სფეროში, როგორიცაა განათლება, წვრთნის საკითხი, ასევე ის, რომ საქართველომ მოახერხოს გარკვეული ტიპის შეიარაღების შესყიდვა აშშ-ისგან.

ეს არაა მარტო თავდაცვის პროგრესი, ეს არის ქვეყნის პროგრესი, რამდენადაც რომ არა ის დემოკრატიის ტესტი, რომელიც ქვეყანამ ჩააბარა, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, მე ვფიქრობ, ეს ყველაფრი ასეთი შედეგით არ დასრულდებოდა. ასე რომ, პოზიტური ძალიან ბევრია. თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ძალები გახდა აპოლიტიკური და ამის დასტურია ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. როგორც წესი, მიჩნეული იყო, რომ ჯარისკაცები ხმას აძლევდნენ უმარავლესობას, რაც ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. არანაირი პოლიტიკური ზეწოლა სამხედროებზე არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ გაერთიანებული შტაბის უფროსი ძალიან აქტიურია საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის კუთხით, ის პირადად აბარებს ანგარიშს პარალამენტს თუ საზოგადოებას. პროგრესი ნამდვილად არის.