შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შავი ზღვის კაბელი როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად განხორციელებადია. კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ, პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში დაიწყება შავი ზღვის ფსკერის ტექნიკური შესწავლა, რასაც შემდეგ საპროექტო სამუშაოების განხორციელება მოჰყვება.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ასევე ქვეყანაში ენერგოსიმძლავრეების და განახლებადი ენერგიების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივა დაანონსდა. ქვეყანაში აქტიურად ხდება განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი“, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემის, პრაქტიკულად, მოხსნის საფუძველი გახდება. ასე ფიქრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომლის თქმითაც, პროექტი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც კი საქართველოსთვის გაკეთებულა.
„საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეძლოს განახლებადი რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ასევე ჭარბი ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს. შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებით, ფაქტობრივად, გარანტირებული მყიდველი გვეყოლება. ევროპაში მწვანე ენერგიაზე მზარდი მოთხოვნაა, რაც ექსპორტს მნიშვნელოვნად წაადგება.
ამასთან, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია იმ მხრივაც, რომ სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება, რაშიც ასევე დიდია საქართველოს სარგებელი. რაც მთავარია, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემა, პრაქტიკულად, მოიხსნება. ეს პროექტი არაერთ ახალ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს და მისი სწორად გამოყენება, წინ წასწევს ქვეყანას, რაც შეიძლება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს სარგებელი“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.
პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-26 წლებშია დაგეგმილი.