„კეისრის ცოლი ეჭვმიუტანელი უნდა იყოს“

„კეისრის ცოლი ეჭვმიუტანელი უნდა იყოს“

ახალი წლიდან ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება. ოთარ ფარცხალაძის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით დაწერილი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დააკამაყოფილა. სამთავრობო გუნდი მომავალი მთავარი პროკურორის შესახებ ამ ეტაპზე საჯაროდ არ საუბრობს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ორ-სამი პიროვნება განიხილება და ახალი მთავარი პროკურორი უახლოეს დღეებში დასახელდება.

„სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას. ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ შესაბამის განცხადებას ფარცხალაძე ერთი კვირის წინ დაწერდა, მაგრამ არც ახლა არის გვიან და ამ ნაბიჯით მან საზოგადოების სასარგებლო წევრად დარჩენა შეძლო.

„მოვლენათა განვითარებამ გვაჩვენა, რომ მთავარ პროკურორს გააჩნია სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და, ვფიქრობ, მომავალშიც თუ ამ გზით იარა, მის მიმართ ანტიპათია საზოგადოებაში აღარ იქნება“, - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა For.ge-ს.

ოთარ ფარცხალაძის გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი. მისი განმარტებით, მთავარი პროკურორის გადადგომა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლითაც არის განპირობებული.

„მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მართალია, ღარიბაშვილი და ივანიშვილი ბოლომდე ცდილობდნენ, თავიანთი ყაჩაღი პროკურორის დაცვას, მაგრამ, ოპოზიციის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო და საზოგადოებრივი აზრიც ისე იყო მომწიფებული, რომ იძულებულები გახდნენ, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ“, - აცხადებს For.ge-სთან ირმა ნადირაშვილი.

მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების გამო მთავარ პროკურორს მის მიერ ჩადენილი დანაშულებრივ ქმედებები ვერ ეპატიება. ასეთად კი ნადირაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოფელ ჭელაში მინარეთის მოჭრას და თბილისის მერიის 23 თანამშრომლის დაკავების საქმეებს ასახელებს.

„ოპოზიციას აქვს ბრძოლის სახვადასხვა მეთოდები, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, მოთხოვნა, რომ საქმე აღიძრას, ამას ვაკეთებდით დღემდე და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განმარტავს ნადირაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ჩამოცილება შექმნილ სიტუაციაში მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან კონკრეტულ მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირების მიმართ ვინმეს წამოსაძახებელი არ უნდა ჰქონდეს.

„ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის მხრიდან. ქვეყანაში არის გარკვეული თანამდებობები, რომელზე ყოფნაც, იმ პირობებში, როდესაც იქმნება აჟიოტაჟი ამ თანამდებობის პირის რაღაც მოქმედების გამო - აწმყოში იქნება ეს თუ წარსულში, არ იქნებოდა გამართლებული. ამ დროს უმჯობესია, ეს პირი ჩამოსცილდეს თანამდებობას. ამბობენ, „კეისრის ცოლი ეჭვმიუტანელი უნდა იყოს“, ასეთია ჩემი აზრიც“, - განუცხადა For.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტან ხმალაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კი საკუთარ შეფასებაში აქცენტს მთავარი პროკურატურის შემდეგომ მუშაობაზე აკეთებს და ფიქრობს, რომ უწყებაში პროფესიონალურად მუშაობის კუთხით არაფერი შეიცვლება.

„საზოგადოებრივი აზრი, რასაკვირველია, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია და მთავარი პროკურორიც მართებულად მოიქცა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ საქმეებს, რომელიც ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში პროკურატურამ წამოიწყო, ხარისხი არ მოაკლდება. ამიტომ, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. გუნდი, რომელიც დღეს პროკურატურაში მუშაობს, საკმაოდ მობილიზებულია და სწორად აქვთ დალაგებული ამოცანები. მუშაობა გრძელდება და პროცესი არ შეფერხდება“, - აცხადებს For.ge-სთან ვოლკსი.

პროკურატურის მუშაობის ხარისხს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისივე თქმით, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების წარმოება და სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების ნებაა და არა რომელიმე კონკრეტული პროკურორის.

„ფარცხალაძე არ გახლდათ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემსრულებელი, იგი წარმოადგენდა კონკრეტულ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური ნების გარეშე, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, არანაირი წინსვლა არ ყოფილა და არ იქნებოდა. რადგან ეს პროცესი დაიწყო, უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების ახალ პოლიტიკურ ნებაზე და არა რომელიმე ცალკე აღებული პროკურორის გუნება-განწყობაზე“, - განმარტავს პოლიტოლოგი.

პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იზრუნოს საიმისოდ, რომ პროკურატურის მუშაობის ხარისხი კონკრეტულ პირებზე არ იყოს დამოკიდებული.

„ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს ის, რასაც მოითხოვს კანონი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვის უკავია ესა თუ ის თანამდებობა. სხვა საქმეა, რომ ერთი მთავარი პროკურორის პირობებში, შესაძლოა, უფრო ეფექტიანად შეძლოს მუშაობა პროკურატურამ, მეორეს შემთხვევაში - ნაკლებად. თუმცა, საბოლოო ჯამშიб ყველაფერი იქით უნდა წავიდეს, რომ პირველ პირზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამ ორგანოს მუშაობა. ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი და, სწორედ, ამის მიღწევას უნდა შევეცადოთ. ვფიქრობ, პროკურატურა შეეცდება, ეფექტიანად იმუშავოს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი და შენარჩუნდება თუ არა საქმეების გამოძიების ის ტემპი, რაც პოლო პერიოდში გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოვლინდა, ამას საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.