სწრაფი გადახდის ბიზნესს შეიძლება ეშველოს. საქართველოს ეროვნული ბანკი მათ გასაჭირს ყურად იღებს და პრინციპული პოზიციის დაკავებას აპირებს.
სწრაფი გადახდის კომპანიებსა და მობილურ ოპერატორებს შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის გამოც ეროვნული ბანკი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, იგი სადავო საკითხზე ძალიან მკვეთრ და გამოხატულ პოზიციას დაიჭერს.
„ჩვენ ჩავერთეთ სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებულ პროცესში, შევისწავლეთ ის და გვაქვს ჩვენი პოზიციაც. დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება მობილურ ოპერატორებთან. საუბარია, სწრაფი გადახდის აპარატებსა და მობილურ ოპერატორებს შორის ახალი თამაშის წესების დამკვიდრებაზე და არა სწრაფი გადახდის აპარატებსა და „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ შვილობილ კომპანიებს შორის მოლაპარაკებაზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, არის ბევრი კითხვა თუ როგორ განხორციელდა აღნიშნული თამაშის წესების ცვლილება.
„თუმცა, მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, არ მინდა გავაკეთო განცხადება, რომელმაც შეიძლება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი შეუშალოს. იმედია, მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მკვეთრ და პრინციპულ პოზიციას დავიჭერთ“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
სწრაფი გადახდის კომპანიებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას იმ მოტივით, რომ ბანკები არაკეთილსინდისიერად თამაშობენ ბაზარზე, რაც მათ ბიზნესს საფრთხეს უქმნის. ოქტომბერში ეროვნულ ბანკთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ამ კომპანიებმა ეროვნული ბანკისგან „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკისათვის“ რეგულაციების დაწესება მოითხოვეს.
როგორც სწრაფი გადახდის კომპანიების ადვოკატი აცხადებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია არსებული პრობლემით და მათი მიზანი სწრაფი გადახდის ბიზნესის კონკურენტულ პირობებში განვითარებაა. აკაკი ჩარგეიშვილის ინფორმაციით, მობილურ ოპერატორებს, სწრაფი გადახდის ბიზნესს და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის შეხვედრა მზადდება.
ადვოკატის თქმით, ვიდრე შეხვედრა არ შედგება, სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესის მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ბანკებისათვის საგადახდო ბიზნესის შეზღუდვას ითვალისწნებს, პარლამენტში არ შევა. თუმცა, თუ ეროვნული ბანკის შუამდგომლობით გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყვა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
მას შემდეგ, რაც „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ერთდროულად გადაწყვიტეს, სწრაფი გადახდის ავტომატებით ბალანსის შევსების საკომისიო აღარ გადაეხადათ, საგადასახადო ტვირთმა მომხმარებელზე გადაინაცვლა. თითქმის ყველა სწრაფი გადახდის კომპანიამ მომხმარებლისათვის საკომისიო გადასახადის ზედა ზღვარი - 4% დაადგინა.
იმის ნაცვლად, რომ სწრაფი გადახდის კომპანიებს პრეტენზიები მობილური ოპერატორებისთვის წაეყენებინათ, მათ იოლი გზა - მომხმარებლის ჯიბეში ხელის ფათური აირჩიეს. არადა, მობილური კომპანიები თითქმის მთლიანად ჩარიცხვის აპარატებზე არიან დამოკიდებულნი და მათი პრინციპულობა ფიჭური კავშირგაბმულობის გიგანტებს ქედს მოახრევინებდა.
ეს ამბავი ზედმიწევნით კარგად გამოიყენა ჯერ „საქართველოს ბანკმა“, ხოლო შემდეგ „თიბისი ბანკმაც“. მათ განაცხადეს, რომ მათი „ექსპერესს ფეისა“ და „თიბისი ფეის“ ავტომატებით მობილურის ბალანსის შევსებაზე მომხმარებელს საკომისიოს გადახდა არ მოუწევდა. შესაბამისად, სწრფი გადახის კომპანიებმა კლიენტების 50% უცებ დაკარგეს.