თხილის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ცვლილებების მიხედვით, რეგლამენტი შეეხება არა მხოლოდ გატეხილი ან გადამუშავებული თხილის ექსპორტს, არამედ გაუტეხავსაც. წელს დასავლეთ საქართველოში თხილის საკმაოდ კარგ მოსავალს ელოდებიან და ხარისხიც უკეთესი იქნება.
რეგლამენტს დანართის სახით დაერთო მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისათვის, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს კაკლოვანი კულტურების კულტივირებული სახეობების პირველად წარმოებას, უნდა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს ისეთი გარემო ფაქტორები (მაგ.: ქარით, ნიადაგითა და მტვრით გამოწვეული დაბინძურება, მათ შორის, ასპერგილუს ფლავუსით/პარაზიტიკუსით), რომლებმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს პროდუქტის უვნებლობა.
ბიზნესოპერატორს ევალება აწარმოოს ჩანაწერები ბაღში ვეგეტაციის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ (აგროტექნიკური ღონისძიებების, გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ასევე ჩატარებული მონიტორინგის – პერიოდულად ბაღის ვიზუალური დათვალიერების, შედეგები მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის მიზნით).
ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ნალექების რაოდენობა ჭარბია და გრუნტის წყლების დონე ნიადაგის ზედაპირთან ახლოსაა, ბაღში უნდა არსებობდეს შესაბამისი სადრენაჟე სისტემა. ამასთან, დაუშვებელია საქონლის ან/და სხვა ცხოველების ყოფნა ან ბაღის ტერიტორიის საძოვრად გამოყენება.
რაც შეეხება დასაწყობების ტექნიკურ მოთხოვნებს, რეგლამენტში შევიდა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დასაწყობების სათავსები უნდა იყოს სუფთა და მშრალ მდგომარეობაში, ფარდობითი ტენიანობის დონე არ უნდა აღემატებოდეს 70%-ს.
დანართში აღნიშნულია ტემპერატურული რეჟიმის შესახებ მოთხოვნაც, რომლის თანახმადაც ტემპერატურული რეჟიმები დაცულ უნდა იყოს 0-დან 10°გრადუსამდე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სოკოს განვითარების შესაძლებლობა საწყობში კაკლოვანი პროდუქტის შენახვისას, თუმცა ეს მოთხოვნა 2026 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. დანარჩენი მოთხოვნები კი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
წელს თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსავლის აღების სეზონი სულ მალე დაიწყება, თუმცა თამამად კეთდება პროგნოზი, რომლის საფუძველზეც თხილის რაოდენობა გაზრდილია. წელს ფერმერები სეზონის მოახლოებას იმედიანად უყურებენ. იგივე მოლოდინები აქვს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას და გასულ წელთან შედარებით, უკეთეს მოსავალს ელოდება.
როგორც თხილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ განაცხადა, წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას მიუახლოვდება, რაც წლიურად 30%-იანი ზრდა იქნება. ხოლო, რაც შეეხება ფასს, მისივე თქმით, რეალიზაციის სხვადასხვა პერიოდში თხილის ფასმა შესაძლოა, 7-9 ლარსაც მიაღწიოს.
„ფერმერებიც უფრო აქტიურები იყვნენ წელს, ჩატარებულია შეწამვლითი ღონისძიებები, ამინდებიც წელს უკეთესია. ახლა მთავარია, რომ მოსავალი რაც შეიძლება ოპერატიულად ავიღოთ, გავაშროთ და დავასაწყობოთ. მერე, ბუნებრივია, ფერმერები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გაყიდონ. დაახლოებით 50 ათასამდე ტონა თხილს ველოდებით, რაც კარგი მაჩვენებელი იქნება.
ხარისხით იქნება სხვადასხვა - ვინც მოუარა და წამლობები ჩაატარა 4-5-ჯერ მაინც, ხარისხი იქნება პრემიუმი და ფასიც შესაბამის ექნება. დაახლოებით 7-9 ლარი მაინც ეღირება მშრალი თხილი, შეიძლება აგვისტოში არა, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა, ეს ფასები დაფიქსირდეს“, - აღნიშნა თოდუამ.
შარშან მიღებული მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავიდა, ძირითადი საექსპორტო არეალი ევროპის ქვეყნები იყო. დღეისათვის სამეგრელოში ერთ კილოგრამ თხილს 3 ლარად იბარებენ.