პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია. გენერალური პროკურატურა კი სკანდალური საქმის გამოძიების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიება დასრულების ფაზაში შევიდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია მინდინარეობდა და მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან და მათ შორის პროკურატურაში.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურაში სერიოზული კითხვები არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთგვარი თვითლუსტრაცია მოახდინა, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით. მე თქვი, რომ ეს ადამიანი დაკავებულია სხვა საქმეზე და გაუგებარი იყო მათი რეაქცია. რატომ ანერვიულდნენ? რატომ ჩავარდნენ პანიკაში? - ეს არის გასარკვევი. ზოგადად, ჟვანიას საქმის ირგვლივ გამოძიება გადაიხედება. მე მაქვს სერიოზული ინფორმაციები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მაქვს ეს გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია. დაველდოთ გამოძიებას. მე მინდა დავარწმუნო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალების არსებობის შემთხვევაში, ამის შესახებ დროულად ისაუბროს.
„ამ საკითხზე უკვე არაერთხელ გვითქვამს, თუ რაიმე არის ისეთი, რაც საზოგადოებისთვის არაა ცნობილი, თქვან და გაგვაგებინონ. წლების განმავლობაში ამ თემაზე მიდის სპეკულაცია და ხელისუფლება დღეს ამას პოლიტიკური მიზნებისთვის აგრძელებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, for.ge-ს ინფორმაციით საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკითხული არაა ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და ასევე დაცვის არც-ერთი წევრი. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, კობა ხარშილაძეს გამოძიება ზურაბ ჟვანიას საქმეზე უახლოეს დღეებში დაკითხავს, თუმცა როგორც ამბობს, როდის დაიკითხება ხარშილაძე, თარიღი მისთვის უცნობია.
გამოძიებამ უკვე დაკითხა უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე. ის მთავარ პროკურატურაში გოგლა ჟვანიასთან ერთად მივიდა. გამომძიებლის კითხვების შემდეგ, ირაკლი კაკაბაძემ for.ge-ს კითხვებს უპასუხა.
ირაკლი, რა სტატუსით იმყოფებოდით გენერალურ პროკურატურაში?
ირაკლი კაკაბაძე: ამასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ალბათ, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას.
ადასტურებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების ფარგლებში იყავით დაკითხვაზე?
- მე 2005 წლის თებერვლიდან მაქვს დაკითხვის სურვილი, მაგრამ არავის არ დაუსვამს ამ საკითხზე კითხვები. მესმის თქვენი პოზიცია, მაგარამ მე გამოძიების დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ამის უფლებამოსილება არ გამაჩნია. ჩემი პოზიცია ცნობილია ყველასთვის და მათ შორის - თქვენთვის. იყო გარკვეული ეკონომიკური დაჯგუფებები, რომლის ინტერესები იკვეთებოდა, ლაპარაკია ტრანსნაციონალურ ჯგუფებზე და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია.
თქვენ თვლით, რომ ერთ-ერთი ამ ჯგუფის კვალი იკვეთება პრემიერის მკვლელობაში?
- მე არაფერს ვამტკიცებ. ამას გამოძიება იტყვის.
თქვენ საუბრობდით, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში იკვეთებოდა ყოფილი პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას კვალი. ამის შესახებ ესაუბრეთ გამოძიებას?
- მე ვსაუბრობ კონკრეტულ ეკონომიკურ ჯგუფზე, რომელიც იარაღის გადაზიდვით იყო და არის დაკავებული, რომელშიც მონაწილებდა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები. ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი, სწორედ ამ ჯგუფის და ზურაბ ჟვანიას ინტერესები გადაიკვეთა 2004 წლის 19 დეკემბერს. ზურაბ ჟვანიამ უარი უთხრა მათ აეროპორტის ტენდერზე. მათ შესთავაზეს ჟვანიას ქრთამი და მან ამ ქრთამზე უარი თქვა. ამის შემდეგ განხორციელდა ბატონი გუდისის ცნობილი ზარი, რომელიც შეიცავდა მუქარას მის მიმართ.
თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ გუდისმა დაურეკა ყოფილ პრემიერს და დაემუქრა?
- დაკითხვაზე გყავარ... მე დამირეკა თვითონ გუდისმა 15 იანვარს და დამემუქრა, რომ ერთ თვეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეკონიმიკის მინისტრი თავის ადგილზე არ იქნებიან.
თქვენ რატომ დაგირეკათ?
- მე ვმუშაობდი თბილავიამშენის საგარეო ურთიერთობების განყოფილებაში, რომელთანაც ეს ფირმა გარკვეულ კონტრაქტებს აფორმებდა. ჟვანიამ უარი თქვა მათთან ურთიერთობაზე.
ანუ, თქვენ თვლით, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც ამ ჯგუფმა დაგეგმა?
- ეს გამოძიების პრეროგატივაა, ამაზე მე ლაპარაკი არ მინდა. მე რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ და ძალიან, ძალიან სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გარდაცვალება.