საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა ნუსხაშია, სადაც ზამთრის კურორტები ბუნებრივად არსებობს - თავისი რელიეფით, ბუნებრივი პირობებით, ისტორიულად დასახლებული პუნქტებით და სხვადასხვა დონის ინფრასტრუქტურით. აქ ხელოვნურად რაიმეს მოწყობა-დამონტაჟებაზე ფიქრი საჭირო არ არის.
რადგანაც დასასვენებულ ადგილებს (გუდაური, ბაკურიანი) მომხმარებელი არასდროს აკლდა, დაიწყო სხვა ადგილების კურორტად გადაქცევის კამპანია. ყოფილი ხელისუფლების პირობებში მესტიის, ასევე ზემო აჭარაში გოდერძის გაკურორტებას ჩაუყარეს საფუძველი.
რამდენად საჭიროა ამ ნაბიჯების გადადგმა? ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ბაკურიანის და გუდაურის კეთილმოწყობა უნდა დასრულებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ფიქრი შესაბამის სამსახურებს ზამთრის სხვა კურორტების მშენებლობაზე.
„ისეთი მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება, აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს საქმეში გარკვეული ექსპერტების დასკვნებს. მთიან და მეწყერსაშიშ ზონებში ტყის გაჩეხვა და ინფრასტრუქტურის გაყვანა გარემოზე ზემოქმედების კუთხით ყოვლად დაუშვებელია. პირველ ეტაპზე გასარკვევია რამდენად უსაფრთხოა ამ ტერიტორიებზე კურორტის აშენება და ამ კურორტების მომგებიანობაზე ფიქრი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება“, - აცხადებს მეტრეველი.
სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მიმნიჭებელი კომპანია „გლობალ სთარის“ დამფუძნებელს აჭარის და მესტიის კურორტების პერსპექტიულობაში ეჭვი არ ეპარება და მთავარ პრობლემას მომსახურებაში ხედავს. დავით სუჯაშვილის განცხადებით, აზერბაჯანელი ვიზიტორები საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი ინტერესს მუდმივად გამოხატავდნენ, თუმცა ადგილზე ჩამოსულებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად „გესთ ჰაუსში“ უწევდათ ცხოვრება.
სუჯაშვილის განმარტებით პრობელმაა ინფასტრუქტურა და გზები, ამიტომ თუ ეს საკითხები კომპლექსურად გადაწყდა და მომსახურების ხარისხი ამაღლდა, საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი დაინტერესება დიდი იქნება.
გუდაურისა და ბაკურიანისგან განსხვავებით, სვანეთში მუდმივად ტურისტების სიმცირეს უჩივიან, რის მიზეზადაც კურორტის კეთილმოუწყობლობა სახელდება. საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ია თაბაგარის თქმით, საბაგიროცა და სათხილამურო ტრასებიც მესტიიდან რვა კილომეტრშია, რის გამოც გადაადგილება საკმაოდ რთულია და ტურისტებს იქ ძალიან უჭირთ მისვლა.
მისი აზრით, ზამთრის სხვა კურორტები კონკურენციას ვერ უწევენ გუდაურს, სადაც ტურისტებისთვის კარგი ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ეს არის გზა, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, ადამიანური რესურსები, თუნდაც ახლომდებარე დედაქალაქის სამაშველო სამსახურის არსებობა. ამას ემატება მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებიც.
„ზამთრის სხვა კურორტებიც თუ უფრო კომფორტული გახდება, ხალხიც მათ შორის გადანაწილდება. საამისო პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მარტო პოტენციალი არ კმარა. თანაბარ პირობებში რომ აღმოჩნდნენ, კომფორტისა და სხვა პირობების მიხედვით ერთნაირად უნდა მოვაწყოთ. ამის ნათელი მაგალითი ბაკურიანია. იქ სასტუმროები ბევრია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საბაგიროებსა და სათხილამურო ტრასებზე. ძალიან ცოტაა კვების ობიექტი და გასართობი ადგილებიც.
მარტო ტრასა და საბაგირო არ არის საკმარისი კურორტის განვითარებისთვის. ადამიანმა კურორტზე თავი დაცულად და კომფორტულად უნდა იგრძნოს და ფასებიც ნორმალური უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, უნდა არსებობდეს რეგულარული სამაშველო სამსახური. რამე რომ მოხდეს, დამსვენებელს ხომ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დროულად დაეხმარებიან?” - აცხადებს ია თაბაგარი.
ასე რომ, თეთრი ტურიზმის შავი ლაქები ჯერჯერობით ისევ მოუწესრიგებელი ინფრასქტურტურა და შეუსაბამო ფასებია.