სომხეთი, ირანი და ინდოეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის გაჭრას გეგმავენ. როგორც სომხური მედია წერს, ეს იქნება ნამდვილი გარღვევა საერთაშორისო ლოგისტიკაში. საქართველოზე უკვე გადის შუა დერეფნის ტვირთები და ამ მხრივ მოთხოვნა სწრაფად მზარდია. შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ახალი მარშრუტი კი ქვეყნის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
სამივე ქვეყნის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ირანის ტერიტორიაზე შედგება.
რაც შეეხება მარშრუტს, ის ინდოეთში, მუმბაის პორტიდან ირანის ჩაბაჰარის გავლით სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და საქართველოში შემოვა, საიდანაც პროდუქტები სპარსეთის ყურიდან ევროკავშირის ქვეყნებში გავა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სავაჭრო კორიდორი ოთხჯერ შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს, ხოლო გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდება - 40 დღიდან 18 დღემდე.
ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული პროექტის წარმატებული რეალიზაცია ასევე განიხილება, როგორც არსებული საზღვაო მარშრუტების პერსპექტიული ალტერნატივა, მათ შორის სუეცის არხის გავლით.
რაც შეეხება ამერიკული მხარის პოზიციას, როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი არხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გამავალი მარშრუტი იქნება.
„ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოუდგენლად მდიდარია და ამჟამად მათ მსოფლიო ბაზრებზე წვდომის ერთადერთი ვარიანტი, ძირითადად, რუსეთის ან ჩინეთის გავლით აქვთ. თუ ჩვენ შევძლებთ, გავხსნათ მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანის ან სომხეთის ტერიტორიას გაივლის, ისინი მსოფლიო ბაზრებზე წვდომას მიიღებენ და რუსეთსა და ჩინეთზე ბევრად ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
გარდა ამისა, მიმდინარე თვეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე ანჯალი კაურმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები 2025 წელს შესაძლოა, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის რუსეთისა და ჩინეთის „სანდო ალტერნატივა“ გახდეს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე უკვე ჩამოყალიბებულ შუა დერეფანთან დაკავშირებით რისკები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ახალი პროექტებით კი საუბარია, რომ მაგალითად, ცენტრალური აზიიდან გადმოიზიდოს ლითონკონსტრუქციები ან ქიმიური ტვირთები, რომელიც სასუქად შეიძლება გამოიყენონ. ამ ტიპის ტვირთებზე დიდი მოთხოვნაა და შეიძლება ახალი მარშრუტი ამ თვალსაზრისითაც იქნას გამოყენებული.
„ყველა შემთხვევაში სახელმწიფომ თავისი როლი უნდა გააძლიეროს. არ უნდა ჩერდებოდნენ, ნებისმიერი ტვირთის მოძიება უნდა იყოს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სახელმწიფოს ფუნქცია. 25-30 წლის წინ, როცა შუა დერეფანს ეყრებოდა საფუძველი, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არავინ ფიქრობდა კომერციულ მომგებიანობაზე. პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ დაეწყოთ ნულიდან, მერე უკვე კომერციული მომგებიანობის საკითხი დადგა დღის წესრიგში.
უნდა ითვას ისიც, რომ გარკვეული ნაკადები ისევ რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა, ჩინეთი თავისებური მოთამაშე აღმოჩნდა. მისგან წამოსული ტვირთების დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის მიმართულებით გადაიზიდება, თუმცა სიტყვით სხვას ამბობს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ჯერჯერობით საქართველოს გავლით გადაზიდვაზე გაზრდილი მოთხოვნას ინერციული ხასიათი აქვს. გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების გამო აღმოჩნდა.