მას შემდეგ რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) დაამარცხა, საქართველოს შიდა პოლიტიკა მძაფრი ბრძოლების სერიებად გადაიქცა, რომელშიც, როგორც ჩანს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკურენტის დისკრედიტებისათვის მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო იარაღს იყენებს.
ორივე ლიდერმა დატოვა პოლიტიკა, მაგრამ მათი წასვლა არ აღმოჩნდა საკმარისი დაძაბულობის განმუხტვისათვის. სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა გასულ თვეში ამოიწურა. მას შემდეგ მან დატოვა საქართველო და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ლექციების წასაკითხად ბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლის და დიპლომატიის სკოლაში. მისი მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე ივანიშვილის შერჩეული კანდიდატი, თავაზიანი და მოკრძალებული გიორგი მარგველაშვილია, რომელიც ერთ-ერთი ქართველი ბლოგერის თანახმად, თავის პირველ სამუშაო დღეს ფეხით მივიდა ძველი კანცელარიის ოფისში. მარგველაშვილმა ინაუგურაციამდე გამოაცხადა, რომ გრანდიოზულ საპრეზიდენტო სასახლეში, რომელიც სააკაშვილმა თავისთვის აიშენა, საქართველო-აშშ-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება.
თავის მხრივ, ივანიშვილიც წავიდა აქტიური პოლიტიკიდან და თქვა, რომ თავის ენერგიას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას მოახმარს, მემკვიდრედ კი მისი ყოფილი თანაშემწე და პროტეჟე, 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. მაგრამ, „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალისხმევა, რომ სააკაშვილის ორი ყოფილი მოკავშირე პასუხისგებაში მიეცა, რომლებიც საბიუჯეტო თანხების მასშტაბურ გაფლანგვაში არიან ეჭვმიტანილნი, ამ ორ კაცს - შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და თბილისის დიდი ხნის მერ გიგი უგულავას - საპასუხო ზომების მიღებისკენ უბიძგა, უყენებენ რა დამანგრეველ ბრალდებებს ღარიბაშვილის პროტეჟე მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.
მერაბიშვილი 21 მაისს დააკავეს და ჯანმრთელობის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ფონდებიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის ($2.895 მილიონი) გამოყენებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ენმ“-ს კამპანიის დაფინანსებისთვის დაახლოებით 20 000 სამუშაო ადგილის შექმნის საფარქვეშ. ერთი კვირის შემდეგ, მერაბიშვილს კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით, რაც დაკავშირებულია მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დარბევასთან თბილისში 25-26 მაისის ღამით, რომლის დროსაც პოლიციის ერთი ოფიცერი და სამი დემონსტრანტი დაიღუპა.
მერაბიშვილი ორივე ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მას კიდევ ერთი ბრალი აქვს წაყენებული ცალკე ეპიზოდად, რომელიც ეხება მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას 2006 წელს ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. გირგვლიანი მოკლული იპოვეს რამდენიმე საათში თბილისის ბარში შელაპარაკების შემდეგ, რომელშიც მერაბიშვილის მეუღლე და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანმშრომელი იყო ჩართული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2011 წლის გადაწყვეტილებაში დაასკვნა, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი, ყველა მოქმედებდა შეთანხმებულად იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
17 დეკემბერს, ქუთაისის სასამართლოში, საკუთარ პროცესზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამი დღით ადრე ის ღამით საკუთარი საკნიდან გაიყვანეს ფარცხალაძესთან და კიდევ ერთ კაცთან შესახვედრად. მეორეს სახელი მას არ უთქვამს. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ მას პროკურატურისთვის დახმარება სთხოვა 2005 წლის თებერვალში პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებათა გარკვევის საქმეში, ასევე სთხოვა ინფორმაცია სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ჟვანიას ძმა გიორგი მერაბიშვილს ბრალს დებს, რომ მან ხელი შეუწყო ისეთი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას, თითქოს ჟვანია და მისი კომპანიონი გაზის მოწამვლისგან დაიღუპნენ, და ისინი არ მოუკლავთ.
მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძე დაემუქრა, რომ თუკი ის თანამშრომლობაზე უარს იტყოდა, მისთვის საქმე „ცუდად“ წარიმართებოდა და ვერ დატოვებდა ციხეს მანამ, სანამ ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლებაშია. ფარცხალაძემ უმალ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მერაბიშვილის ბრალდებებს და მასზე ზეწოლის მცდელობას უარყოფს და მის განცხადებებს „აბსურდს“ უწოდებს. თუმცა მთავარ პროკურორს კატეგორიულად არ უარყვია შეხვედრის ფაქტი. მერაბიშვილის ადვოკატებმა ციხის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული იმ დღის ჩანაწერები მოითხოვეს.
პროცესში ჩართულმა მთავრობის ჩინოვნიკებმა, მერაბიშვილის ბრალდებების ფონზე
ვერ შეძლეს ერთიანი ფრონტის დემონსტრირება. 19 დეკემბერს მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჩინოვნიკებს ოფიციალური გამოძიებისკენ მოუწოდა „რათა ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი“. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილის განცხადებები სიცრუეა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოძიების მოთხოვნას დაეთანხმა.
მაგრამ ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ახლა პენიტენციარულ სისტემაზე პასუხისმგებელი მინისტრია, კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი ციხიდან სადმე გაიყვანეს. შესაბამისად, სუბარის თქმით, ის გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, მერაბიშვილის განცხადებებს „არასერიოზული“ უწოდა და მიანიშნა, რომ მერაბიშვილის ფსიქიკა არასტაბილურია. „თუ ჩვენ გვაინტერესებს იმის გაგება, თუ რა მოხდა იქ, მთელი რიგი პროცედურები ჩატარდება ადგილზე, გამომძიებლები მივლენ მასთან და დაკითხავენ“, თქვა ღარიბაშვილმა. მაგრამ პრემიერმინისტრის არგუმენტი, რომ „ამისთვის დრო არ გვაქვს და არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ რეაგირება მოვახდინოთ მერაბიშვილის ბრალდებებზე, და მინისტრები და პროკურორები დროებით გადავაყენოთ [მერაბიშვილის] ბრალდებებზე. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს“, იმის რისკს აჩენს, რომ მერაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებული ეჭვები შეიძლება ვინმემ საფუძვლიანად მიიჩნიოს.
მერაბიშვილის მსგავსად, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უგულავას წინააღმდეგ. 2013 წლის თებერვალში, მას ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, ის დაეხმარა ხელისუფლებას ჯოზეფ ქეისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედის“ მითვისებაში. ქეიმ ეს არხი თავისი შორეული ნათესავის ბრადრი პატარკაციშვილისგან მემკვიდრეობით მიიღო. ამ საქმეებზე გამოძიება დღესაც გრძელდება.
შემდეგ, 18 დეკემბერს, უგულავას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს, კერძოდ 48.18 მილიონი ლარის ($28.2 მილიონი) გამოყენება ბიუჯეტის ფონდებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით - სქემა, რომლის მსგავს სქემასაც მერაბიშვილს ედავებიან. სამ დღეში, 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერა. უგულავა ამ თანამდებობაზე ჯერ სააკაშვილმა დანიშნა 2005 წელს, შემდეგ, 2010 წელს ის ამ თანამდებობაზე ხელახლა ამომრჩევლებმა აირჩიეს.
მერაბიშვილის მსგავსად, უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისთვის უფლებამოსილების შეჩერება მან შეაფასა, როგორც მთავრობის სასამართლოზე ზეწოლის შედეგი, და ვარაუდი გამოთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება უნდა, რათა გაუიოლოს არჩევნებში გამარჯვება კოალიციის კანდიდატს თბილისის მერის პოსტზე მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში.
შემდეგ უგულავა შეეცადა ეჭვქვეშ დაეყენებინა ფარცხალაძის კომპეტენტურობა და პატიოსნება. 23 დეკემბერს საღამოს, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორი 2001 წელს გერმანიის სასამართლომ გაასამართლა და 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყაჩაღობისა და ქურდობისათვის, და რომ მას არ აქვს კენჭისყრის ან საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება და რომ ის უნდა გაადააყენონ თანამდებობიდან. ფარცხალაძის ოფისმა ოფიციალურად უარყო ბრალდებები, როგორც სიცრუე და განაცხადა, რომ ის მიმართულია იმისკენ, რომ მთავარ პროკურორს გადადგომა აიძულონ, რაც ბუნებრივია, ნეგატურად აისახება ხმაურიანი საქმეების გამოძიებაზე.
წერილობით განცხადებაში, ფარცხალაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მართლაც წარდგა გერმანიის სასამართლოს წინაშე 2000 წელს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მიზეზი პოლიციელთან „სიტყვიერი შელაპარაკება“ იყო, რომელსაც ის ქურდობაში ეჭვმიტანილ ადამიანში შეეშალა. მაგრამ აუგსბურგის პროკურატურის წერილი, რომელიც 23 დეკემბრითაა დათარიღებული და სოციალურ ქსელში გავრცელდა, თითქოს ადასტურებს უგულავას ბრალდებას, რომ ფარცხალაძე ქურდობის და თავდასხმისთვის არის გასამართლებული.
რამდენიმე მაღალი რანგის ქართველმა ჩინოვნიკმა ფარცხალაძეს საჯაროდ მხარი დაუჭირა. პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 26 დეკემბერს თქვა, რომ მას, ღარიბაშვილს და წულუკიანს კითხვები არ აქვთ და რომ ფარცხალაძის გადადგომის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მისი თქმით, პრემიერმინისტრს და წულუკიანს არ ჰქონდათ ფარცხალაძის არდანიშვნის საფუძველი გასულ თვეში. მომდევნო დღეს, ინტერვიუში, ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ფარცხალაძე ნასამართლევია და თავისი ვადა მოიხადა, მაგრამ დასძინა, რომ საპასუხო რეაქცია ამ ფაქტზე გაზვიადებულია.
ფარცხალაძის დაცვა კაბინეტის წევრებმაც დაიწყეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უგულავას განცხადებები შეთქმულების თეორიას მიამსგავსა. მას შეკითხვა გაუჩნდა, თუ როგორ შეიძლება გერმანიის სასამართლომ აუკრძალოს პირს კენჭისყრა ან თანამდებობაზე მუშაობა მის საკუთარ ქვეყანაში. ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დარწმუნებით თქვა, რომ „უგულავა რაზეც არ უნდა ოცნებობდეს“, ფარცხალაძე წარმატებით დაასრულებს გამოძიებებს და იმ სამართალწარმოების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ შეკითხვებზე, რომელიც ფარცხალაძის წარსულთან დაკავშირებით გაჩნდა, „დამაჯერებელი პასუხებია“ საჭირო, რათა მთავრობა არ გადაიქცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების მძევლად და იძულებული არ გახდეს შეაჩეროს მიმდინარე გამოძიებები.
ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ ფარცხალაძე უნდა გადადგეს, თუკი ის მართლაც არის ნასამართლევი ქურდობისთვის. ზოგიერთ კომენტატორს მიაჩნია ასევე, რომ ფარცხალაძე უნდა გადადგეს, რათა ახალი კაბინეტის დისკრედიტება შემდგომში აღარ გაგრძელდეს.
უსუფაშვილის განცხადებაში შეიძლებოდა დაფარული მინიშნების ამოკითხვა ღარიბაშვილის გამოუცდელობაზე, როდესაც მან თქვა, რომ მთავრობამ „პატარა შეცდომა დაუშვა, როდესაც სწრაფი, ამომწურავი და ფაქტებით გამყარებული პასუხები“ არ გასცა საზოგადოებას მაშინვე, როგორც კი ფარცხალაძის წინააღმდეგ ბრალდებები გაჩნდა. შეარყევს თუ არა სკანდალი ნდობას ღარიბაშვილის მიმართ ამას დრო გვიჩვენებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში მისი მოწონების რეიტინგი 79%-ია.
foreignpress.ge