ადგილი მესამესთვის

ადგილი მესამესთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც წესი, ცდილობს უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდებები მთლიანად პოლიტიკურ კონტექსტში მოაქციოს და როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მთავარი კონკურენტი ჩამოიცილა.

ამ რიტორიკას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება „ქართული ოცნება“. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი თანხის გაფლანგვა ედება ბრალად, წესით, მორალი არ უნდა აძლევდეს მომავალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებას.

„როდესაც ამბობენ, ჩვენ იმიტომ ჩამოვიცილეთ გიგი უგულავა, თითქოს, შეგვეშინდა ხელმეორედ არ აირჩიონ მერის პოსტზე, ეს სასაცილოა“, - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი.

რისი მიღწევა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან იმ შემთხვევაში, თუ უგულავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის პოსტი შეუნარჩუნდებოდა, რა რეალური შანსები შეიძლება ჰქონოდა. აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატების პერსპექტივა და როგორ შეიძლება გადალაგდეს პოლიტიკურ ველზე მთავარი ფიგურები ადილობერივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ თემებზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

როგორცნაციონალური მოძრაობაამტკიცებს, უგულავა ხელისუფლებამ მოიცილა იმიტომ, რომ კვლავ მერი არ გამხდარიყო. უგულავა რომ დაეტოვებინა კიდეც სასამართლოს თანამდებობაზე, თქვენი შეფასებით, რა შანსი ექნებოდა, რომ იგი თბილისის მერად აერჩიათ?

- ნავაროს მონაცემებით, დაახლოებით, 9% ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და როგორც ამ პარტიის წარმომადგენელს, უგულავასაც ანალოგიური რეიტინგი უნდა ჰქონდეს.

რომ ვთქვა, უგულავა განზე დგას პარტიისგან და მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს, ძნელია. როგორც ვხედავთ ის აქტიური, ენერგიული წევრია „ნაციონალური მოძრაობისა“. ასე რომ, ის დამოკიდებულება, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მას დიდ პერსპექტივას არ უჩენს მერობაში.

ნაციონალური მოძრაობაპერმანენტულად აკეთებს განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მუდმივად აქტიურია და ცდილობს დღის ახალ ამბებში დომინირებდეს. თუკი წინასწარი მონაცემებით ამ პარტიას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც სერიოზული შედეგის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რითი აიხსნება მისი აქტიურობა, თეორიულად რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს?

- საერთოდ, აქტივობა ორ დაპირისპირებულ ძალას შორის ორი რამით იხსნება ხოლმე. ერთი იმით, რომ ვინც აქტიურია, ის ბუნებით აქტიურია და მეორე - მისი მიწინააღმდეგე ძალა პასიურია - არ ეჯიბრება, არ ეძებს იმ საშუალებებს, რომლითაც შეიძლება მეტოქის აქტიურობა განეირტალდეს.

თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს პასიურობა დაბადების დღიდან მოსდევს როგორც დამახასიათებელი ნიშანი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აქტიური იყო, გინდ ოპოზიციაში ყოფნისას, შევარდნაძის დროს და ახლა და გინდ ხელისუფლებაში ყოფნისას - სააკაშვილი სახურავებზე აწყობდა მთავრობის სხდომებს. მათი აქტიურობა გასაკვირი არ არის, უფრო ის მიკვირს, მეორე მხარე რატომ არ აქტიურობს.

თვლით, რომ იმაზე მეტად პასიურია ხელისუფლება, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდშია საჭირო?

- ...ვიდრე საჭიროა ასეთ მეტოქესთან ბრძოლის დროს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი პარტია რომ იყოს, როგორიც დღეისთვის ძალზე ბევრია, პასიურობის თვალსაზრისით, მაშინ მასთან დაპირისპირებაც შეიძლებოდა პასიურ რეჟიმში. მაგრამ როცა ხედავ, რომ შენი მეტოქე ენერგიულად მოქმედებს, მაშინ შენც ცოტა ენერგიულად უნდა იმოქმედო, თუ გინდა გამარჯვება.

მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ რეიტინგი, რომლითაც მოვიდნენ, უდავოდ ძალიან იყო გადახრილი „ქართული ოცნებისკენ“ არ შეიძლება. რეიტინგები ისეთი რამეა, ერთ მხარეს რომ გადაიხრება, შეიძლება მეორე დღეს მეორე მხარეს გადაიხაროს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, „ნაციონალურ მოძრაობასმყარად აქვს გარანტირებული, რომ მისი რეიტინგი 10%- არ გასცდება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას სჭირდება თუ არა იყოს აქტიური, თუ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მართლაც დაემშვიდობოს თავის მაღალ რეიტინგს, განსაკუთრებით თუ გამოჩნდა სხვა პოლიტიკური ძალა?

- ერთი ანტიკური იგავია, კუ და მალემსრბოლი რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს და მალემსრბოლი გზადაგზა ათას რამეზე რომ გადაერთვება - კუს მაინც მივასწრებო და ადგილზე მისვლისას კუ რომ მისული დახვდა. ხელისუფლებას გამოფხიზლების საბაბს უკვე აძლევს შექმნილი სიტუაცია, იმიტომ, რომ მოსახლეობაში არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განწყობილებაა, არამედ კრიტიკულია დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართაც.

საზოგადოების ასეთი განწყობა, ალბათ, კარგ გარემოს ქმნის ალტერნატიული პოლიტიკური ძალისათვის, მას შეუძლიაგამოთავისუფლებულიელექტორატის ათვისება. შესაძლებელია თუ არა, რეიტინგი შეიქმნას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მაგალითად ბურჯანაძემ?

- სავსებით ლოგიკური დაყენებაა საკითხის, იმიტომ, რომ ბურჯანაძე გვახსოვს, იყო მესამე პოლიტიკური ძალა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა. ეს სიტუაცია სავარაუდოს ქმნის, რომ ბურჯანაძის მიმართ ხალხის ნდობა არსებობს და მის პარტიას შეუძლია ამ ნდობის გამოყენება ადგილობრივ არჩევნებში. მაგრამ, ვიმეორებ, ამასაც გამოყენება უნდა. ჯერჯერობით, გარდა ბოლო პერიოდის გააქტიურებისა, არც ეს პარტია არ არის რეიტინგული, თუმცა პერსპექტივა მას უდავოდ ძალიან დიდი აქვს.

სხვა რომელ პარტიას აქვს წარმატების შანსი?

- შედარებით აქტიურია კუკავას „თავისუფალი საქართველო“, დანარჩენებს ეზარებათ თუ უკვე ხელი ჩაიქნიეს პოლიტიკაზე, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ბევრი არ ჩანს, ნათელაშვილიც კი გაპასიურდა.

რითი ახსნით პოლიტიკური ველის ასეთ გაპასიურებას? ფაქტია, რომ მესამე არჩევნებს ვატარებთ ერთმანეთის მიყოლებით და არაადეკვატურია პოლიტიკური პარტიების ასეთი პასიურობა?

- ძალიან ხშირად ადამიანს პასიურს ხდის იმის განცდა, რომ ის საწადელს მაინც ვერ მიაწევს. სააკაშვილის პერიოდში ბოლო ხანს ასეთი პასიურობა შეინიშნებოდა იმიტომ, რომ იყო განცდა, რაც არ უნდა გააკეთო, ვერ დააღწევ თავს იმ მახეებს, რაც საარჩევნო სისტემაშია ჩადებული. ახლა ეს მოტივი არ არის, მაგრამ არის განცდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგია სხვა პარტიებისგან იმდენად განსხვავებული, რომ ამ განსხვავების დაძლევა იქნება საკმაოდ რთული.

პასიურობის მიზეზს ყოველთვის იპოვი, მაგრამ გამართლება პასიურობას არასდროს არ აქვს, მაშინაც კი, როდესაც შანსები მინიმალურია.

ფინანსებიც ხომ არ არის შუაში? ქართული პოლიტიკური პარტიები ძალზე ღარიბები არიან...

- ქართული პოლტიკური პარტიები მართლაც ღარიბები არიან, განსხვავებით ორი ძირითადი პარტიისგან, რომლებსაც ეს პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს. თუმცა ფინანსებიც არ არის პასიურობის მიზეზი. რომ ვნახოთ რაში შეიძლება დაიხარჯოს ფინანსები და გამოაკლო ეს კომპონენტები, მაგალითად, რეგიონებში მოგზაურობა, შტაბების გახსნა, პროფესიონალი მეთვალყურეების დანიშვნა რეგიონებში და ა.შ. ესენი რომ გამორიცხო, დარჩენილ აქტივობებიც კი არ არის გამოყენებული.

მარტივ მაგალითს მოგახსენებთ - გამსახურდია საბჭოთა კავშირს რომ უპირისპირდებოდა, ბევრი ფული ხომ არ ჰქონდა. მედიაც კი არ ჰქონდა, მისთვის დახურული იყო მედიასაშუალებები, მაგრამ გაიმარჯვა. ასე რომ, მარტო ფულში არ არის საქმე.

მაშინ არასაკმარის პოლიტიკური კულტურაზე უნდა ვისაუბროთ? გვახსოვს როდესაც პოლიტიკური ბრძოლა ჩაღდებოდა, ეს იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების, ქვეყნის პრეზიდენტების წინააღმდეგ. ჯერ გამსახურსიას, შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს ასეთი ობიექტი არ არის და პოლიტიკურ ველზე სიმშვიდეა...

- ანალოგიური მომენტი ყოველთვის არის, გარკვეული პერიოდით, მას შემდეგ რაც მოდის-ხოლმე ახალი ხელისუფლება. გაიხსენეთ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მოვიდა, ერთხანს ყველა გაპასიურდა, იმდენად დიდი იყო ხალხი ორიენტირებული სააკაშვილზე, რომ სხვა პარტიები უაზროდ მიიჩნევდნენ გამოსვლას. შემდეგ ნახეს, რომ სააკაშვილი უშვებდა შეცდომებს და სააკაშვილის შეცდომების პარალელურად დაიწყო ამოსვლა ოპოზიციურმა ფიგურებმა ამ სცენაზე.

შევარდნაძის დროსაც იგივე იყო. შესაძლოა, ახლაც ამ სტრატეგიასთან გვაქვს საქმე, რაც უდავოდ ლოგიკურია - პარტიები ელოდებიან როდის დაუშვებს შეცდომებს ხელისუფლება, რომ მერე ამ შეცდომებზე ააწყონ საკუთარი რეიტინგი.

ვიტყოდი, რომ მიუღებელი ლოგიკაა, მაგრამ გაგება შეიძლება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამართლებულია ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, მხოლოდ ნეგატივზე იმუშავოს და არ ცდილობს თავისი პოზიტივის დამუშავებას და შემდეგ შემოთავაზებას ისე, რომ ხალხის განწყობილებას შესაბამისი მიმართულება მისცეს.

გასაგებია, სხვა პარტიებმა აიღეს ტაიმ-აუტი, მაგრამ რა პერსპექტივა აქვსნაციონალურ მოძრაობასიმ მოცემულობაში, როდესაც აქვს დაბალი რეიტინგი, სამაგიროდ გააჩნია ჩამოყალიბებული და განვითარებული პარტიული სტრუქტურა, რეგიონული ქსელი და საკმაო ფინანსები. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, უკვალოდ არ გაქრება. მოსალოდნელია მათი ტრანსფორმაცია, შეერწყმებიან ხელისუფლებას თუ სხვა პოლიტიკური ძალის საფარქვეშ მოგვევლინებიან?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, მოვლენები როგორ განვითარდება. ეს დაძაბულობა გამოიწვია მათმა ბრძოლამ იმისათვის, რომ არ აღმოჩნდნენ საკანში. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ თუ სამართლიანობის აღდგენის მანქანა ამუშავდა, ოდესმე და ის ძირითადი ფიგურები ნაციონალებიდან, ვისზეც ხალხს აქვს განცდა, რომ ყველაფერში ისინი არიან დამნაშავეები, დაისჯებიან, სამართლიანობის აღდგენის სურვილი ჩაქრება, ამასთანავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ აირჩია ზომიერი რიტორიკა, უფრო მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი, რადგან მისი რიტორიკაც გამაღიზიანებლად მოქმედებს, გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს რეანიმაცია.

წესით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა აწყობდეს, რომ მათგან ვიღაცეები გაიცხრილონ, აღმოჩნდნენ ციხეში, იმისათვის, რომ მერე „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ აღორძინდეს, მაგრამ ამ ფიგურებს სწორედ თავის გადარჩენა უნდათ და არა პარტიისა. რომელი დიდი იდეოლოგია ამ პარტიაშია ჩადებული, რომ ამ იდეებისთვის თავი გაწირონ? მათ პარტიაც და პოლიტიკაც თავის გადასარჩენად სჭირდებათ.

ეს შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?

- გააჩნია, ადგილობრივი არჩევნები როგორ დამთავრდება. ახლა ნაციონალებს სული ჩაბერა საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლამ. ეს კიდევ ერთი შეცდომა იყო „ქართული ოცნების“. „ქართულ ოცნებას“ უნდა ებრძოლა იმისათვის, რომ უფრო მეტი ხმა მიეღო მათ კანდიდატს. მაგრამ რაც არის არის და იმედია მომავლისთვის ეს გაკვეთილი იქნება, რადგან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იგივე შედეგი მიიღო „ნაციონლურმა მოძრაობამ“, რომ სალაპარაკოდ ეყო, მაშინ მართლაც საპარლამენტო არჩევნები ძალზე ძლიერი დაპირისპირების ფონზე შეიძლება წარიმართოს მასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. თუ განსხვავება დიდი იქნა, სურვილებსა და შედეგს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იმპულსი ნამდვილად ჩაქრება.

როგორც ჩანს, მესამე პოლიტიკური ძალის ასპარეზზე გამოსვლა უბრალოდ აუცილებელია...

- წესით, უნდა გამოჩნდეს, იმიტომ, რომ თვითონ ხალხის განწყობილება კარნახობს ამას შექმნილ სიტუაციას. ხალხს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება როგორც ერთი, ისე მეორე ძირითადი პარტიის მიმართ. შესაბამისად, მესამესთვის თავისუფლდება ადგილი.