[BBC -ს მიხედვით]
სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს ინტერვიუ მისცა. საუბრის ძირითადი თემა 2008 წლის ომი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იყო.
ბი-ბი-სი: - თქვენს ტიტულს მიემატა ახალი - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. როგორ უნდა უმეთაუროთ ეპარქიას, რომელზედაც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება?
ილია მეორე: - ზუსტადაც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზეც და ცხინვალზეც. ამას აღიარებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც. მე 11 წლის განმავლობაში ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ამიტომ მე კარგად ვიცნობ ამ ეპარქიას. ვიცნობ აფხაზ ხალხს და ვაპირებ უახლოეს მომავალში მოვინახულო ეს მხარე, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელმა.
რამდენად უსაფრთხოა და ფიზიკურად შესაძლებელი ამ სიტუაციაში?
-რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეკლესიების ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მადლიერი ვართ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის, რომ იგი აფხაზეთსა და ცხინვალზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ უფლებებს აღიარებს. მე იმედი მაქვს რუსული ეკლესია და მისი მეთაური დაგვეხმარებიან მოვაგვაროთ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემა.
მე არაერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფალთათვის რად გინდათ აფხაზეთი და ცხინვალი, თუკი საქართველოს მეგობრობას დაჰკარგავთ? საქართველოში ესმით, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ ამავე დროს იგი მხარს უჭერს სეპარატიზმს საქართველოში, იმ დროს როცა თავად აქვს მსგავსი პრობლემები.
2008 წლის ომის დროს, თქვენ იყავით მშვიდობიანი მოლაპარაკების ინიციატორი, ჩახვედით კონფლიქტის ზონაში. მაგრამ ამის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი.
- როცა გორში ჩავედი, სახიფათო დრო იყო. მაცილებდა ორი ავტომობილი, იმ მიზნით, რომ სნაიპერისაგან დავეცავი. მე ვნახე ველზე დაყრილი ახალგაზრდების გვამები. მახსოვს გზის პირას გაცერებულ;ი მანქანა, რომელშიც მძღოლი გარდაცვლილი აღმოჩნდა. ის გადმოვიტანეთ მანქანიდან და სხვა დაღუპულებთან ერთად, თბილისისაკენ წავასვენეთ.