წელს რთველის სუბსიდირება გარანტირებულად იქნება. მით უფრო, რომ ქვეყნის მასშტაბით 300 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან და მისი დაბინავება მთავრობის დახმარების გარეშე გაჭირდება. პირობები შარშანდელი რთველისგან დიდად განსხვავებული არ არის, ჩასაბარებელი ყურძნის ფასიც წინა წლების მსგავსია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, წელს სრულად უნდა დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ სტაბილური განვითარება გააგრძელოს.
„ჩვენ 10 წელზე მეტია აქტიურად ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას და არაერთ პროგრამას ვახორციელებთ ამ მიმართულებით, რაზეც დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ამ პერიოდში 5-ჯერ არის გაზრდილი გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და 4-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. 2023 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 455 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. 43-დან 66-მდეა გაზრდილი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია.
ბოლო წლებში, ყოველწლიურად მევენახეები 300 მლნ ლარამდე შემოსავალს იღებენ ყურძნის რეალიზაციიდან და ვფიქრობთ, რომ წელს ეს შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის და ჩვენი მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგი. დარგის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა შამუგიამ.
ცნობილია რა პირობებით და როდის მიიღებენ ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები სუბსიდირების თანხას. „მოსავლის მართვის კომპანიამ“ კახეთში მოსული ჭარბი ან დაზიანებული რქაწითლის არანაკლებ 1 ლარად მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და საჭიროების შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტებიდან საკრედიტო რესურსების მოძიება უნდა უზრუნველყოს.
პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 1 კგ რქაწითლის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ ღვინის კომპანიებზე გაცემული სუბსიდია 20 თეთრის ფარგლებში იქნება. სუბსიდირებით კი ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც კახეთში არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ჩაიბარებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მევენახეობის ზონებში არსებულმა მუნიციპალიტეტებმა ყურძნის ჩამბარებლებზე პროდუქციის წარმოშობის შესახებ ცნობა უნდა გასცენ. ყურძნის ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ცნობის შესაბამისად განხორციელდება.
ამასთან, განისაზღვრა კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც ღვინის ჩამბარებელი კომპანიები სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ:
ყურძნის მიღება-გადამუშავებამდე სააგენტოსთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება;
შეისყიდის კახეთში მიღებულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს;
შესყიდული 1 კგ რქაწითელის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს;
2024 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოს წარუდგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის შესაბამისი პირის მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს; ასევე ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ არანაკლებ 1 ლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
აგრარული სფეროს სპეციალისტები მთავრობის მხარდამჭერი პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობენ. აკადემიკოს ანზორ მესხიშვილის შეფასებით, ჯერჯერობით მევენახეეების დახმარება აუცილებელია, მაგრამ, პარალელურად, ყურადღება სხვა პრობლემურ საკითხებზეც უნდა გამახვილდეს, რომ სამომავლოდ შედეგი უკეთესი იყოს.
„კარგია, რომ მთავრობა მოსახლეობას ეხმარება, არაერთი პროექტი ხორციელდება და ფერმერული მეურნეობები უფრო ძლიერდებიან, ვიდრე ამის შესაძლებლობა იყო. თუმცა, პარალელურად, უფრო სხვაგვარი დახმარებაა საჭირო. ფერმერებს და გლეხებს დიდი პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ ტექნიკურად ჯერ კიდევ არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. საწვავსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა ბარიერს ქმნის, ჭირს შხამ-ქიმიკატების შეძენაც.
სუბსიდია უნდა იყოს სხვანაირად, არ უნდა გქონდეს პრობლემა ნიადაგის დამუშავებაზე ტექნიკაზე და რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს. უამრავი ფაქტორია, რაც თვითონ მევენახეობაში ქმნის პრობლემას, ელემენტარულად, ტრანსპორტირების საკითხი, ნამდვილად არ მომწონს, როცა სატვირთოები წინა დღეს ცემენტს ეზიდებოდნენ და მეორე დღეს ყურძენი გადააქვთ ყუთებით. ნეტავ შვძლოთ, რომ საფრანგეთს, ჩინეთს და ესპანეთს ვაჯობოთ ღვინით, მაგრამ შედეგს რომ მივაღწიოთ, საჭიროებები სწორად უნდა გადანაწილდეს“, - განაცხადა მესხიშვილმა.