„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ყველა პარტნიორისგან დაფინანსებულ პროექტს საფრთხე შეექმნება.
მანჯგალაძის შეფასებით, საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს „ქართული ოცნების“ ქმედებებზე სარკისებური პასუხები აქვთ.
„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, არათუ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და კონკრეტულ პროექტებს შეიძლება საფრთხე, პრობლემა შეექმნას, არამედ უკვე არსებულ პროექტებს. კერძოდ, 100-მდე პროექტს, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით ხორციელდება. მათი ღირებულება ჯამში 10 მილიარდი დოლარია და ამ დაფინანსებით 100 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ეს პროექტებიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლუგარზე და ასევე, საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ სანქციებზე, ამას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური ნეგატიური გავლენა აქვს, როცა შენ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ერთად ფოტოებს იღებ, პოზიორობ და ასე მსოფლიოს თვალწინ ჩანხარ, მაშინ არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირის ან ნატო-ს კარი შენთვის გაიღება.
ჩვენი პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ ქმედებებზე სარკისებური პასუხია. ამასთან, თქვენ იცით, რომ შეჩერებულია, დაპაუზებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რა ჯანდაბად გვინდა მთავრობა, რომელსაც ევროკავშირში ქვეყანა არ მიჰყავს? რად გვინდა მთავრობა, რომელიც ამერიკას ეძახის არეულობის მსურველ ქვეყანას და „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ იღებს სურათებს? ასევე, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ მსგავს განცხადებებს აკეთებენ? „ქართულ ოცნებასა“ და ამ ბოროტების ღერძზე სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს შორის ფაქტობრივად არანაირი განსხვავება არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა იმას, რომ „დემოკრატიის ფესტივალზე“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი იყო გამოფენილი, რასაც მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა, მისი თქმით, „პატიმარი ადამიანის სურათი ვიღაცამ დადო იქ, როგორ შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს?!“
„არჩევნები ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და კამპანიაც დაწყებული არ არის. მათ შორის, არც პარტიები არ გადასულან აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. ეს მაშინ იქნებოდა ჩარევა, თუ ერთი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაიწყებოდა. „დემოკრატიის ფესტივალის“ და მსგავსი ფორუმების საშუალებით საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა პარტიას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარ მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე და მოუყვეს რის გაკეთებას აპირებს. „ქართული ოცნება“ იმას კი არ უნდა ებრძოდეს, რომ რატომ ატარებენ ასეთ ანგარიშებს, არამედ ჩვენ რატომ არა ვართ წარმოდგენილი?
იმდენს საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის სურათზე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც ეშმაკს ეშინია ჯვარის, ისე ეშინია „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სურათის, თორემ ვერ გავიგე ახლა, პატიმარი ადამიანის სურათი ვიღაცამ დადო იქ, როგორ შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს?!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ისე, ახალქალაში მომიწია 2003 წლის არჩევნებამდე ჩასვლა და იქ მითხრეს, რომ ეგ აფერისტი, ყოფილი დემენციანი სომეხ მოსახლეობას ეუბნებოდა, მეც სომეხი ვარ და ხმები მომეცითო.