უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილმა დეპუტატმა, ვადიმ ნოვინსკიმ ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა მღვდლებს, მორწმუნეებს დევნის, იკავებს ეკლესიებს.
„სამწუხაროდ, ზელენსკის მთავრობა უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ შევიწროების და დევნის კამპანიას აწარმოებს. ეს არის უკრაინაში ყველაზე დიდი ეკლესია. უკრაინელი ქრისტიანების უდიდესი კონფესია. ომამდე უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 12 ათასი სამწყსო, 7 მილიონი მორწმუნე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, უდიდესი კონფესიის 95-97% ზელენსკის მისცა ხმა - მშვიდობის პრეზიდენტს“, - თქვა ნოვინსკიმ.
მისი თქმით, ზელენსკის მთავრობა ეკლესიაზე ზეწოლას დღემდე ახდენს. ის მას ზღუდავს. „ის ზღუდავს და წნეხს ახდენს ჩვენს ეკლესიაზე. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ზეწოლა გაიზარდა, ხოლო ახლა ის საშინელ პირობებშია. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა. ჩვენი მღვდელმთავრები ზეწოლის ქვეშ არიან. მათ წინააღმდეგ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ჩვენს მორწმუნეებს სცემენ, ეკლესიებს ანგრევენ. უკრაინაში სატანიზმი ყვავის. ზოგი მიტროპოლიტი ციხეშია, ზოგი შინაპატიმრობაში“, - დასძინა ყოფილმა დეპუტატმა.
პოლიტიკოსმა ინტერვიუს დროს მღვდელმთავრების სისხლისსამართლებრივი დევნის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.
„მაგალითად, ციხეშია მიტროპოლიტი არსენი, რომელიც სვიატოგორსკის მეუფეა. ის ცრუ ბრალდებით არის ციხეში. მიტროპოლიტები თეოდოსი, ლუკა, ანტონი - ისინი ყველანი შინაპატიმრობაში არიან. კიდევ ერთი მაგალითი არის მიტროპოლიტი ლონგინი, რომელსაც ეკლესიაში თავშესაფარი ჰქონდა გახსნილი, სადაც 600 შშმ ბავშვია. ის სიყვარულის ადამიანია და მას დევნიან. ეს ყველაფერი უკრაინელებისადმი სიყვარულის გამო ხდება. თითქმის ყოველდღე ეკლესიებსა და ტაძრებში იჭრებიან ჯარისკაცები ტყვიამფრქვევებით, გარეთ აგდებენ მღვდლებს, სცემენ მორწმუნეებს, ბავშვებს, ქალებს“, - თქვა მან.