„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები ძალიან გასაკვირია.
„როგორც უცხოეთიდან, ისევე, აქ არსებული საელჩოებიდან თუ რა დამოკიდებულებებია და რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, ამას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაკვირდებით. ასევე, ვაკვირდებით თუ რა კომუნიკაცია აქვთ „ნაცმოძარობასთან“ - ნაწილობრივ ვიცით, მაგრამ მაინც.
იმ ფონზე, როცა ბოლო რამდენიმე დღეა „ნაცმოძრაობისგან“ და მისი ლიდერებისგან პირდაპირი მუქარები ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს მსხვერპლსაც კი არ მოერიდებიან, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აღარავითარი სტატუსი აქვს, აშშ-ის საელჩოში კონსულტაციებს მართავს. თან მაშინ, როცა 26 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეს ყველაფერი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია. ამიტომაც მოვითხოვეთ, რომ საელჩოს წარმომადგენელს განცხადება გაეკეთებინა - თუ ასე არ არის, ესეც თქვას, ხოლო თუ ნამდვილად ასეა, განგვიმარტოს, რა კონსულტაციები შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის საელჩოსთან იმ ადამიანს (მით უმეტეს, ხელისუფლებისგან დასამალი), რომელსაც დღეს არანაირი სტატუსი არ აქვს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.