პეტრე ცისკარიშვილი: ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი - წარმოუდგენელია, ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას

პეტრე ცისკარიშვილი: ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი - წარმოუდგენელია, ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნებში რუსული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიას აუცილებლად დაფინანსება დაუბრუნდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

მისი თქმით, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ქვეყნისთვის უფრო მძიმე შედეგები დადგება.

„რუსული კანონის მიღება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან ემსახურებოდა რამდენიმე ამოცანას ერთდროულად. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ესიამოვნებინათ რუსეთისთვის და გაეგზავნათ მესიჯი, რომ მათი გავლენის სფეროში არიან. ის ზონა არიან, სადაც რუსული გავლენა ვრცელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც კი არ მიიღო ეს კანონი, მაგრამ „ოცნებამ“ ეს არ ქნა, რადგან მათ ინტერესშიც შედიოდა ეს ყველაფერი - ნაკლები დემოკრატია, მეტი ავტორიტარიზმი, ისეთი ტიპის როგორიც არის რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში. აქედან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი მიეღოთ. ეს რუსული გავლენა, ანტიდემოკრატიული გარემო პირდაპირ მიზეზშედეგობრივია დასავლეთის მხრიდან იზოლაციასთან. ეს წარმოუდგენელია ვინმეს ვერ გაეთვალა. აქედან გამომდინარე გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მიზანი იყო დასავლეთის მხრიდან იზოლაცია და გაწევრიანება რუსულ, ბელარუსულ, ირანულ ბანაკში, სადაც ათწლეულები რჩებიან ხელისუფლებები და მთელი დინასტიებიც კი შექმნეს. ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათი ინტერესები რუსეთს ემსახურება და ევროინტეგრაციის გზის ჩახერგვას. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ხალხზე აისახება, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაშია დასაქმებული. ეს არის ბიო უსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს. ვირუსული საფრთხის კონტროლის კუთხით ჩვენ რეგიონში ვიყავით პირველ ადგილზე. ეს ლაბორატორია ჯერ კიდევ გვაქვს და მე იმედი მაქვს, რომ გაძლებს ეს ლაბორატორია არჩევნებამდე იმ რესურსებით, რაც ჯერ კიდევ აქვს, რადგან მას შემდეგ, რაც ესენი დამარცხდებიან არჩევნებში, აშშ-სთან აღდგება ურთიერთობა და ლუგარის ლაბორატორიას გაუგრძელდება დაფინანსებაც.

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, რა ნაბიჯებიც გადადგა, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო, რა კანონებიც შემოიტანა ქვეყანაში და დაგვიწესა „ქართულმა ოცნებამ“, ის შედეგი დადგა დასავლეთის მხრიდანაც. წარმოუდგენელია შენ აქ რუსული კანონები გქონდეს, დემოკრატიას ებრძოდე, ევროინტეგრაცია შეაფერხო, რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში შეიყვანო საქართველო და იმავდროულად დასავლეთს უყურებდე და ეუბნებოდე, რომ „ლუგარის დაფინანსება და სხვა ფინანსური დახმარებები რატომ არ გრძელდება“? ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ თუნდაც იმ რესურსებით, რომელიც მათ აქვთ და გასაგებია, რომ მწირი ინტელექტუალური უნარების ხალხია, მაგრამ ამის ვერ გათვლა წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი წავიდოდა სწორედ ამ გზით, რომ დასავლეთის მხრიდან შეფერხდებოდა ევროინტეგრაციაც, დაფინანსებაც, შეერთებულ შტატებთან პარტნიორული და სტრატეგიული კავშირები, ასევე გაიყინებოდა და უფრო მეტიც, თუ ეს ხელისუფლება დარჩება მთავრობაში 26 ოქტომბრის შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე და სავალალო შედეგები დადგება სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოვექცევით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.