დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე არეულობა იქნება განხილული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, დაუნინგ სთრითზე მთავრობის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე პოლიციისა და დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერს მიმდინარე მოვლენების ანალიზს წარუდგენენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს აგრეთვე ზომებს, რომლის გატარებაც იგეგმება ქვეყნის ქუჩებში ძალადობის აღმოსაფხვრელად. ბრიტანეთის პრემიერმა თავის სატელევიზიო მიმართვაში უკვე აღნიშნა, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი „ინანებს“ იმას, რასაც სჩადის.
არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.
არეულობამ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, მათ შორის როტენჰემი, სადაც ადგილობრივები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა.