ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს გააკრიტიკებს, დასავლეთმა უნდა აღიაროს საკუთარი ღალატის ისტორია მისი ქვეყნის მიმართ
ბედნიერ შობას ვუსურვებ Pussy Riot-ის წევრებს, Greenpeace-ის აქტივისტებს და მიხეილ ხოდორკოვსკის, რომ აღარაფერი ვთქვა ვლადიმერ პუტინზე. მისი ცოტა არ იყოს უცნაური პრესკონფერენციის დროს, სადაც მისი ყურადღების მისაპყრობად 1300 დროშა ფრიალებდა, პუტინმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის, ისევე როგორც დანარჩენებს, ციხიდან გაათავისუფლებს. შეიძლება, პუტინი ძალიან სასიამოვნო და იოლი ადამიანი არ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისი არაორდინარული ეშმაკობა, მიუხედავად იმისა, რომ მას არა მხოლოდ დასცინოდნენ, არამედ ხშირად სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, რის შემდეგაც 20 წელიწადზე მეტი გავიდა, დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობაში ყველა ტიპის შეცდომა დაუშვა. პროცესში, რომელსაც მაშინ ისტორიის დასასრულს ეძახდნენ და ლიბერალური დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის უნივერსალურ ტრიუმფად მიიჩნევდნენ, ამერიკელმა ენთუზიასტებმა რუსეთს თავს მოახვიეს თავისუფალი ბაზარი, ქვეყანას, რომელიც 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა რეჟიმის პირობებში, რომელსაც სოციალიზმად ასაღებდნენ. ამ ყველაფრის სამწუხარო შედეგები არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა.
არანაირად არ ვცდილობ პუტინის არასრულყოფილი რეჟიმის დაცვას. ვერცერთ ჟურნალისტს ვერ ექნება სიმპათია ქვეყნისადმი, სადაც რეპორტიორები, რომლებსაც დამოუკიდებელი გამოძიებები მიჰყავთ და ხელისუფლებას აწუხებენ, რატომღაც იღუპებიან ხოლმე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგარეო პოლიტიკა - ეს სხვა რამ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ძალიან გვიჭირს საზღვრის გავლება რუსული რეჟიმის შიდა ბუნებას და მსოფლიოსთან მის დამოკიდებულებას შორის.
დასავლეთში, ადამიანთა რამდენიმე თაობა ჯერ აღფრთოვანებული იყო საბჭოთა მითით, შემდეგ მათ იმედი გაუცრუა საბჭოთა მთავრობის ქმედებებმა - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერამ 1939 წელს, კომუნისტურმა გადატრიალებამ ჩეხეთში 1948 წელს, ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობამ უნგრეთში 1956 წელს.
დიდი ალბათობით, ეს ვერ გამოდგება ნუგეშად პოლონელების, ჩეხებისა და უნგრელებისათვის, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, ისე მოქმედებდა. სუსტი მეზობლების ჩახშობა - ეს სწორედ ის არის, რასაც ზესახელმწიფოები აკეთებენ: შეეცადეთ გაიხსენოთ, თუ რას აკეთებდა აშშ ლათინურ ამერიკაში. 20 დეკემბერს, პუტინმა თქვა, რომ სტალინი არაფრით უარესი არ არის ოლივერ კრომველზე, რაც შეიძლება ექსცენტრულ განცხადებად ჩაითვალოს, თუმცა, სწორედ სტალინმა მოიხადა ბოდიში ფინეთზე აგრესიული თავდასხმებისათვის, როდესაც განაცხადა: „მე გეოგრაფიაზე პასუხისმგებელი არ ვარ“.
რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, დაეცვა თავისი ნაციონალური ინტრესები, დასავლეთი პროვოკაციად მიიჩნევდა, თუმცა სინამდვილეში, ბევრი საუკუნის განმავლობაში პროვოკაციები სწორედ დასავლეთისგან მოდიოდა. როდესაც რუსებს პარანოიკებს უწოდებენ, მუდმივად მახსენდება მწერალ დელმორ შვარცის გამონათქვამი, რომ მტრები შეიძლება პარანოიკებსაც ჰყავდეთ. რუსეთის არმიას არ დაუწვავს პარიზი 1812 წელს, რუსები არ შეჭრილან გერმანიაში 1941 წელს.
1990-იან წლებში რუსეთს არ დაუწყია საკუთარი ალიანსების გაფართოება, დასავლეთმა კი მაშინ დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რაც იყო როგორც ბრიყვული, ასევე უწესო გადაწყვეტილება. ეს იყო ნამდვილი ღალატი: უფროსი ჯორჯ ბუში მიხეილ გორბაჩოვს დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სახელმწიფოები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბალტიის ქვეყნებზე, რომლებიც ის-ის იყო დამოუკიდებლები გახდნენ რუსეთისგან, ნატოში არ გაწევრიანდებოდნენ, მაგრამ ბილ კლინტონმა ეს პირობა დაარღვია - და ეს იყო შეურაცხყოფა.
„ჩვენ არასდროს გვიფიქრია იმაზე, რომ გვეღიარებინა ჰაიტის, კუბის ან პანამის რესპუბლიკის „უფლება“ (ყველა მათგანი დამოუკიდებელი სუვრენული სახელმწიფოა), გაწევრიანებულიყვნენ ალიანსებში, რომელიც მთელი ჩრდილოამერიკული კურსის საპირისპირო იქნებოდა“. ეს თქვა უოლტერ ლიპმანმა 1944 წელს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რა რეაქცია ექნებოდა ამერიკას, რუსეთს რომ კუბისთვის ვარშავის ხელშეკრულებაში გაწევრიანება შეეთავაზებინა?
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკა პერიოდულად ცინიკური და დაუნდობელია, ხშირად ის გაცილებით ბრძნული და გონივრულია, ვიდრე ჩვენი. 2008 წელს, სწორედ საქართველოს მთავრობამ გააჩაღა ომი რუსეთთან. დღემდე ვიხსენებ დევიდ კამერონის აბსურდულ ვიზიტს თბილისში, როდესაც მან მოითხოვა საქართველოს ნატოში სასწრაფოდ გაწევრიანება, რასაც ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო.
და თუკი დევიდ კამერონი მსგავს შეცდომებს უშვებდა ოპოზიციის ლიდერის რანგში, რას მოიმოქმედებდა ის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ სირიას მივუბრუნდეთ. როგორც გორბაჩოვი მოატყუეს ნატოზე, ზუტად ასე მოატყუეს პუტინი ლიბიაზე: მაშინ ის დათანხმდა მხარი დაეჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ „ჰუმანიტარული“ მიზნებით ჩარევა სინამდვილეში ღია ინტერვენცია აღმოჩნდა, რომლის ამოცანაც კადაფის რეჟიმის დამხობა იყო, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. მას შემდეგ, პუტინი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრვი უარს ამბობდნენ ნებისმიერი რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რომლის საშუალებითაც, ჩვენი მთავრობა ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას იმედოვნებდა, რათა სირია „ალ-ყაიდას“ ხელში გადაეცა.
ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ბედნიერ შობას ვუსურვებ ციხიდან გათავისუფლებულ ყველა პატიმარს. ჩვენ კი, ვფიქრობ, არ გვაწყენდა ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის თანახმადაც, რუსეთს თავს დავანებებთ.