კომიტეტები დავით უსუფაშვილს შტატების გაზრდას სთხოვენ

კომიტეტები დავით უსუფაშვილს შტატების გაზრდას სთხოვენ

საპარლამენტო კომიტეტებში, შესაძლოა, შტატები გაიზარდოს. თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, კომიტეტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს, თუმცა, თანაგუნდელებმა დავით უსუფაშვილისგან მკაცრი პასუხი მიიღეს - მოთხოვნის მიზეზი დაასაბუთონ.

კომიტეტებს შტატების გაზრდის მოტივის დასაბუთება საფუძვლიანად მოუწევთ, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე შტატების გაზრდას „მყარი მიზეზის“ გარეშე არ აპირებს და კომიტეტებს მოუწოდებს - ის ცნობარი შეავსონ, რომელსაც მისი აპარატი 8-9 იანვრამდე მოამზადებს.

იქედან გამომდინარე, რომ უმრავლესობაში შტატების გაზრდის საკითხი უთანხმოების მიზეზი უკვე გახდა, სპიკერი აცხადებს, რომ კომიტეტმა ცნობარში აუცილებლად უნდა მიუთითონ - წლის განმავლობაში, რამდენი სხდომა ჩაატარეს, რამდენი კანონპროექტი მოამზადეს, რამდენი წერილი მიიღეს და შტატების გაზრდა, რა მიზნით სურთ.

კომიტეტები საკუთარ მოთხოვნას, თუ რამდენად კარგად დაასაბუთებენ, ამის პროგნოზი ძნელია, რადგან პარლამენტში მოხმდარი ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, რიგმა კომიტეტებმა თანამშრომელთა რაოდენობა ვერ გაზარდონ.

კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, შტატების გაზრდის საკითხზე, ხაზინადართა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, ანი მიროტაძემ ერთი შტატის დამატება, დეპუტატებისთვის ვიზების მიღების საკითხების მოგვარებისთვის მოითხოვა.

ამ ინფორმაციას თავად მიროტაძე კატეგორიულად უარყოფს და ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დროისთვის, კომიტეტში შვიდი საშტატო ერთეულია და მათ ერთი თანამშრომლის აყვანის უფლება აქვთ, რის გამოც, მათ კონკურსის გამოცხადებამდე, ერთი შტატის დამატება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის მოითხოვეს, რასაც ხაზინადართა საბჭო არ დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო კომიტეტის მოთხოვნას, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, თუმცა, მან კომიტეტის დასახელებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ერთ-ერთ კომიტეტს საკუთარ თხოვნაზე უარი ეთქვა, რადგან მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არასაფუძლიანი იყო“.

ბიუროს სხდომაზე „საფუძვლიან“ მოთხოვნაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომლის განმარტებით, კომიტეტის აპარატს სამუშაოების შესრულების კუთხით, ურთულესი მდგომარეობა აქვს.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2013 წელს, საკანონმდებლო ორგანოში შესული წერილებიდან 47 პროცენტი, დაახლოებით 13 ათასი წერილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შევიდა, ყოველთვიურად კი კომიტეტში, დაახლოებით ათასი წერილი შედის.

„ჩვენი კომიტეტისთვის შტატების დიდი პრობლემაა. ამ საკითხს, დღის წესრიგში პრინციპულად ვაყენებთ, რადგან კომიტეტს ურთულესი მდგომარეობა აქვს. კომიტეტში თვეში ათასი განცხადება შემოდის, მატება არის და კლება არა. აპარატში კი, მხოლოდ ათი ადამიანი არის დასაქმებული. ათი ადამიანით მსგავსი სამუშაოების გაწევა, შეუძლებელია. თანამშრომლები ვერ უძლებენ, რომ პასუხების მომზადება დაასრულონ. მუშაობის საშუალება უნდა მოგვეცეს!“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის საპასუხოდაც, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტები ცნობარის კონკრეტულ ფორმას, მომავალი კვირის ორშაბათს მიიღებენ.

სპიკერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ, კომიტეტები მოთხოვნას დაასაბუთებენ, საკითხი 15-16 იანვრის რიგგარეშე სხდომების ფორმატში გადაწყდება.

„მოთხოვნის დასაბუთებული არგუმენტი უნდა დადოთ. აგერ, ბიუჯეტი და აგერ ვართ ჩვენ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუ რამდენი თანამშრომლოთ გაიზრდება პარლამენტის აპარატი, ამის თქმა რთულია, მაგრამ ამ დროისთვის, უწყებაში დაახლოებით 800 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ქუთაისში ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, წელიწადში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი იხარჯება.