სტაჟირების დიდი პროგრამა იწყება - რა პირობებს შესთავაზებენ უმაღლესდამთავრებულებს?

სტაჟირების დიდი პროგრამა იწყება - რა პირობებს შესთავაზებენ უმაღლესდამთავრებულებს?

დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება და კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე უმაღლესდამთავრებულს მიეცემა.

შესაბამის დეტალებზე ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.

„ეს საკითხი დავამუშავეთ, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. უკვე ცხადდება კონკურსი, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით განაცხადების შემოტანა შეეძლებათ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. უწყებებმა სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, 2-ეტაპიანი კონკურსი ჩატარდება, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება, ასევე, გასაუბრებები და მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში. ეს მათთვის შექმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს, ისინი საჯარო სამსახურის სისტემაში შევლენ, საჯარო სისტემის მუშაობას გაეცნობიან, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას, - განაცხადა კობახიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი კი დარწმუნებულია, რომ კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მათთვის შეთავაზებულ სახელმწიფო უწყებაში გაიარონ სტაჟირება და წარმატებით დასრულების შემდეგ დარჩნენ იმავე უწყებაში სამუშაოდ. სტაჟირების პერიოდში კი კონკურსანტების ანაზღაურება 500 ლარი იქნება.

„კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, თვითმმართველი ორგანოები ყველა ტერიტორიულ ერთეულში, რადგან პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის. ანაზღაურება იქნება დარიცხული 500 ლარი. აგვისტოში მთლიანად დამთავრდება აღნიშნული შერჩევის პროცედურა.

სტაჟიორებს ეყოლებათ თავიანთი მენტორები ადგილზე და შეეცდებიან, რომ ყველანაირად ხელი შეუწყონ, როგორც გრაფიკში, ასევე სამუშაოს ათვისებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი დიდი რაოდენობა დარჩება და ძირითად თანამშრომლად გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პროგრამის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას სახელმწიფო უწყებებში 1-ლი სექტემბრიდან შეძლებს. მოლოდინია, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება. როგორც სოციოლოგმა და აკადემიკოსმა პაატა აროშიძემ განაცხადა, უფრო მეტი ყურადღება პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო დასაქმებაზე გაკეთდება, ვიდრე ანაზღაურებაზე.

სტუდენტების 90% ისწრაფვის სახელმწიფო სამსახურსკენ. ეს იმის გამო, რომ ახალგაზრდას საჯარო სამსახურში დატოვების უფრო დიდ იმედი აქვს. საჯარო სამსახური უფრო მეტად სტაბილურად აღიქმება, ვიდრე კერძო სექტორი.

სტუდენტების უმეტესობის აქცენტი საჯარო სამსახურისკენ არის მიმართული. შესაბამისად, სტაჟირებას კურსდამთვარებული გამოიყენებს გამოცდილების მისაღებად, მაგრამ, ამასთან ერთად, მათთვის შესაძლებელია ფინანსური მდგენელი გაიუმჯობესოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ საჯარო უწყებებს კერძო სექტორიც აუბამს მხარს და რამდენიმემ გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ თავიანთ პროგრამაში კურსდამთავრებულები ჩასვან, - აღნიშნა აროშიძემ.