ბარაკ ობამამ ნაციონალები „გააწბილა“

ბარაკ ობამამ ნაციონალები „გააწბილა“

ამერიკის პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედები გაუცრუა. კონგრესმენ ტერნერის მცდელობის მიუხედავად, რომელიც თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოში მიმდინარე პროცესების ასახვას ითხოვდა, დოკუმენტში ე.წ. პოლიტიკური ოპონენტების დევნის ფაქტი ვერ მოხვდა.

ბარაკ ობამამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობასა და დახმარებას გულისხმობს, ხელი უკვე მოაწერა.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც ყოველწლიური კანონია და რომელსაც ამერიკა პრიორიტეტების დასახვის მიზნით იღებს, შეფასებები ქართულ პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა.

მმართველი ძალა აქტის მიღების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უკმაყოფილო ჩანს, რადგან დოკუმენტში ვანო მერაბიშვილის „პოლიტიკური დევნის“ ფაქტი არ მოხვდა.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, აღნიშნულ აქტში პოლიტიკური ოპონენტების დევნის ფაქტი არ აისახა, მაგრამ უახლოეს მომავალში, საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე სენატი ცალკე რეზოლუციას მიიღებს.

„ეს კანონი წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, სადაც ტერნერის აქტიურობით პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან და ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ჩასწორებები განხორციელდა. ეს წუხილები კონგრესში არსად გამქრალა და მართალია, სენატის მიერ მიღებულ დოკუმენტში ისინი არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში, სენატი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რეზოლუციას ცალკე მიიღებს. ეს წუხილები ისევ და ისევ არის და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, კონგრესის წამყვანი წევრების კრიტიკას მოუსმინოს“, - აღნიშნავს კანდელაკი, რომლის მტკიცებითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის სფეროს განვითარების კუთხით, ამერიკასთან თანამშრომლობას მიესალმება.

გიორგი კანლდელაკის ინფორმაციაზე, რომ უახლოეს მომავალში სენატი ცალკე რეზოლუციას მიიღებს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს პასუხის გაცემა უჭირს, რომელიც ამბობს, რომ ბარაკ ობამამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი იმ ფორმით მიიღო, რა ფორმითაც იყო მომზადებული.

„კანდელაკის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან ამ კაცს ეს ინფორმაციები საიდან მოაქვს, კაცმა არ იცის. რეალობაა, რომ ამერიკამ ობამას ხელმძღვანელობით, დოკუმენტი ზუსტად იმ ფორმით მიიღო, რა ფორმითაც იყო მომზადებული. თავად აქტი კი, ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ასევე შეიარაღებული ძალების განვითარებას. ეს თემაა, ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სერიოზულია“, - აცხადებს დოლიძე, რომლის განმარტებითაც, აქტი პარტნიორი ქვეყნებისთვის ტრეინინგების ჩატარებასა და სამხედრო ტექნიკა-აღჭურვილობის მოწოდებასაც ითვალისწინებს.

მისი ცნობით, შესაძლოა, ამერიკის დახმარებაში ვერტმფრენებიც შედიოდეს.

„ეს მეტყველებს აშშ-ს სურვილზე, რომ საქართველოს დაეხმაროს“, - მიიჩნევს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის მსგავსადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე თვლის, რომ ამერიკამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ამ აქტის მიღებას წინ ერთ-ერთი სენატორის შენიშვნები უძღვოდა, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც მიუღებელი იყო ამერიკისთვის და აქტს ხელი წინაპირობების გარეშე მოეწერა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ ხდება.

„მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამერიკაში მხარდამჭერები ჰყავს და რიგი სენატორები ინფორმაციას ცალმხრივად იღებენ, მაგრამ პოლიტიკურ დევაზე, რაც არ უნდა შენიშვნა გაიგზავნოს, ღრმად ვარ დამტკიდებული, რომ ამერიკა ამას არ დაამტკიცებს, რადგან ეს ინფორმაცია რეალობას მოკლებულია“, - აღნიშნა სესიაშვილმა, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერის თაობაზე ინფორმაციას მანამდე არ ფლობდა, სანამ ის დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა არ გააცნო.

ზალკალიანის მოსაზრებით, აღნიშნული აქტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ საკითხზე, სენატში გასული თვეების განმავლობაში დისკუსია მიმდინარეობდა და გახსოვთ, რომ ტერნერის მიერ ერთგვარი „დამატებაც“ იყო, რომელიც საქართველოსთვის სახარბიელო ელემენტებს არ შეიცავდა, მაგრამ ეს ვერსია არ იქნა გატანილი და ტექსტი არის ძალიან კარგი“, - დასძინა ზალკალიანმა, რომელმაც პარლამენტში სტუმრობისას, საგარეო საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალი წელი იქნება სერიოზული გამოწვევების წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

მისი თქმით, მომავალ წელს, რუსეთის მხრიდან სავარაუდოა ზეწოლები საქართველოზე, თუმცა, ამისთვის ქართული მხარე ემზადება.

„ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რათა ჩვენს საგარეო კურსსა და პრიორიტეტებთან მიმართებაში, რუსეთის მხრიდან რაიმე გავლენა არ მოხდეს“, - დასძინა მან.

რაც შეეხება თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, დოკუმენტი პირველ რიგში ეხება ამერიკის შეირაღებული ძალების განვითარებას, მისი საჭიროებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ამასთანავე, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას გულისხმობს.