იმერლიშვილმა ბოკერიას სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანა დაიწუნა

იმერლიშვილმა ბოკერიას სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანა დაიწუნა

აჭარის ა-რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთადერთი არაა, ვისაც ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის სურვილი გაუჩნდა. 174 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეიძინა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, 78 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა პრადო“ იყიდა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ასევე, მნიშვნელოვანი შენაძენი გაკეთდა კომპიუტერის სახით, შეძენილი იქნა პლანშეტული კომპიუტერი, რომლის ღირებულებაც 1499 ლარი, 1749 ლარად ღირებული ტელეფონი „აიფონ 5“ და ასევე კომპიუტერის ჩასადები ჩანთა, რომლის ღირებულებაა 335 ლარია. 

მთავრობის წევრების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა, კანონმდებლობით დარეგულერდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობას მიღებული აქვს. რა სტანდარტებისა და მარკის მანქანები ეყოლებათ მინისტრებს მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ამას კანონი დაარეგულირებს. ხოლო მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ავტომანქანა და არ ჩაჯდება ამ სტანდარტებში, მოუწევს მანქანის შეცვლა.

ხელისუფლების პირველი პირების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენის ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაანაშაულა.

„მაშინ, როცა მთავარი პროკურორის გერმანიაში ყაჩაღობასა და ქურდობის გამო ნასამართლეობას „ქართული ოცნებიდანაც“ ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ მისი პირადი კომფორტისათვის 174 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეიძინა. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების ნაცვლად მის კომფორტზე ასეულ ათასობით ლარის ხარჯვა უაღრესად შეურაცხმყოფელია თითოეული მოქალაქისათვის.

ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მასპინძლობისთვის წინა ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების ფრიალით დაამახსოვრა, ასევე დაკავებულია საკუთარი კომფორტით. მან თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეიძინა 78 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა პრადო“. ეს ყველაფერი ხდება არა წინა წლებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, არამედ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევამ, ანუ დანაკლისმა მიაღწია 800 მილიონ ლარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უმცირესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია გენერალურ პროკურატურას. დღის ბოლოს კი ბოლო ერთ თვეში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა და განაცხადა, რომ მათ, როგორც საიდუმლო დოკუმენტაციაზე მომუშავე უწყებას, „მაღალი დაცულობის მქონე ტექნიკა“ სჭირდებათ.

„უშიშროების საბჭოს აპარატისთვის აუცილებელია მაღალი დაცულობის მქონე ტექნიკა, ვინაიდან ის მუშაობს საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციებზე. ესაა ერთგვარი დაცვის მოთხოვნაც კი. უშიშროების საბჭოს აპარატს და არა ირინა იმერლიშვილს სჭირდება სამუშაოსთვის კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის კომპიუტერი, რომელზეც, მე მგონი, არ უნდა დაისვას კითხვები. უშიშროების საბჭოს მდივანს კომპიუტერი არ დახვედრია“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

რაც შეეხება აპარატის მიერ შეძენილ ახალ ავტომობილს, უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, მისი წინამორბედის ავტომანქანა ზუსტად იმავე ფირმის და მოდელის ავტომობილით ჩანაცვლდა.

„არაფრის დამატება არ მომხდარა, ჩანაცვლდა ერთი ავტომანქანა მეორეთი. დიახ, იყო ძველი მანქანა, უშიშროების საბჭოს მდივანს ემსახურებოდა საკმაოდ მოძველებული, რამდენიმე წლის მანქანა, სადაც დაცვის წარმომადგენლებს მთელი რიგი პროცედურები ჰქონდათ ჩატარებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაა პირადი, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნის (რომელიც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა) საკუთრება. არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ბოკერიას მანქანა იყო გაჟღენთილი სიგარეტის სუნით“, - განმარტავს უშიშროების საბჭოს მდივანი.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი განმარტავს, რომ ჩინოვნიკებს გადაადგილებისთვის მანქანები სჭირდებათ, მაგრამ მეორეა ეს აუცილებლად უნდა იყოს თუ არა „ლექსუსის“ ან „ლენდკრუზერის“ მარკის ავტომობილი.

„ვერ გავიგე რა საჭიროა თბილისში გადაადგილებისთვის ძვირადღირებული მანქანა, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ჯიპი როგორც ხარჯიანი მანქანა, ბევრ საწვავს მოითხოვს. თუ ვინმე განაცხადებს, რომ ჯიპი საჭიროა იმიტომ, რომ მთებში დადიან, ჯერ ერთი, არც ერთი მინისტრი არ მინახავს მთებში ჩასული, მაშინ ჰყავდეთ ერთი მანქანა უწყების ბალანსზე რომელიც იდგება ავტოფარეხში და თუ იქნება მივლინება, მაშინ გამოიყვანონ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავქვს ბიუჯეტის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენა უკავშირდება თანხებს, პრობლემაა პენსიების მომატება, იმიტომ, რომ ფული არ აქვთ და ა.შ. ასეთ ვითარებაში, როდესაც იმაზეც კი წვრილმანდებიან და კომპიუტერის ჩანთაში 350 ლარს იხდიან, მითუმეტეს, ის ადამიანები, ვისაც ძალაინ დიდი ხელფასი აქვთ, ეს არასწორია. პირველ რიგში, ეს იმ ადამაინების მორალურ თვისებებზე საუბრობს, რომლებიც დაინიშნენ თანამდებობაზე.

როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა ძვირადღირებულ მანქანებთან და სხვა სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, უკავშირდებოდა იმას, რომ მათაც უნდოდათ იგივეს გაკეთება და არა იმას, რომ არასწორად მიაჩნდათ. როდესაც გამოდიხარ და აკრიტიკებ საქართველოს პერზიდენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მან საკუთარი ფონდიდან ტელეფონი უყიდა და აჩუქა დეპუტატს, ვეთანხმები, რომ ამაში გასაკრიტიკებელი იყო, მაშინ შენ თვითონ ასე არ უნდა მოიქცე“, - აცხადებს კახიშვილი.

როგორც კახიშვილი აცხადებს, ამხელა ხარჯების გაწევა, იმ თანამდებობის პირების მიერ, რომელთა ფუნქციაც კი არაა განსაძღვრული, ცოტა უცნაურია.

„თუ ვინმე ამიხსნის დღეს რა ფუნქცია აქვს საქართველოს უშიშროების საბჭოს, კიდევ შეიძლება გავამართლო და ვთქვა, რომ სერიოზული თანამდებობის პირია და რაღაცა სჭირდება. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ფაქტობრივად, არაფერს არ წარმოადგენს ფუნქციურად. ეს არის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, რომელიც შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ პერზიდენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

პრეზიდენტის კომპეტეციაში არ შედის ისეთი საკითხები როგორიცაა კოორდინაცია დანაშაულთან ბრძოლის, ქვეყნის უსაფრთოება და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება. არ ვიცი რა პარამეტრებით იხელმძღვანელა ქალბატონმა ირინამ როდესაც განაცხადა, რომ „აიფონ 5“ ბევრად დაცულია, ვიდრე სხვა მარკის ტელეფონებიო. მეეჭვება, რომ მას მანამდეც „აიფონი“ არ ჰქონოდა.

ის ადამიანები, რომლებიც დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათი პირველი გადაწყვეტილებები უკავშირდება საკუთარი ცხოვრების გაუჯობესებას, კაბინეტების რემონტს, ქოლგების, ტელეფონების და მანაქანების ყიდვას ხელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, დიდი ხანი პოლიტიკაში ვერ გაჩერდებიან, რადგან ამ ყველაფერს ხედავს ხალხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე, ჯერ კიდევ იმ ავტომაქანით სარგებლობს, რომლითაც სარგებლობდა წინა მოწვევის სამი პარალამენტის თავმჯდომარე. მანქანა რომლითაც დავით უსუფაშვილი გადაადგილდება ტექნიკურად გამართული არაა. როგორც კახიშვილი აცხადებს, მოსწონს ვინმეს თუ არა, ის არის პოლიტიკოსი და კარაგად იცის, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯმა შესაძლებელია ძალიან სერიოზულად შეულახოს პოლიტიკოსს იმიჯი მის კარიერაში.