2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 6 თვეში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, ეკონომიკური განვითარების ტემპი, მინიმუმ, გაორმაგებულია, რაც შეიძლება არჩევნების ციებ-ცხელებამაც დიდად ვერ შეაფერხოს.
როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ივნისში ეკონომიკის ზრდაში წვლილი საფინანსო, სადაზღვევო, სამშენებლო, საკომუნიკაციო, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა შეიტანეს.
„საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით. მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში მატება დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან;
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით.
კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან - გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმი ექსპორტის მონაცემებით დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა თოდრაძემ.
საქართველოს მთავრობა წლის მეორე ნახევარში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დადებითი ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. თქვენ იცით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, ეს კარგი ტენდენცია წელსაც გრძელდება, წლევანდელი მაჩვენებელი 9%-ია. ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ვფიქრობ, ივლის-აგვისტოში მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და წლის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ თანდათანობით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წლის დასაწყისში ადგილობრივი თუ საერთაშორი ინსტიტუტები საქართველოს 5%-მდე ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არსებული შედეგი თითქმის ორჯერ მეტია.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ექსპორტის, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ივნისში ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს - 580 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, ასევე პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით.
„ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 2024 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც ასევე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდასა და ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მიღწეულ შედეგებს აფასებენ ეკონომისტებიც. როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ აღნიშნა, 6 თვეში დაფიქსირებული 9%-იანი ზრდა მაღალი მაჩვენებელია, რომელზეც რამდენიმე დროებითი ფაქტორი მოქმედებს.
„არის კონკრეტული სექტორები, სადაც ბოლო პერიოდში მაღალი აქტივობა შეინიშნება და მათი წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასეთ სექტორებს მიეკუთვნება ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი და ასევე ტრანსპორტის სექტორი. ეს უკავშირდება, მათ შორის, რუსეთის უკრაინაში ომის ფაქტორსაც. ტურიზმისა აღდგენის ტემპიც არის საყურადღებო, სადაც შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს. საგარეო სექტორში მნიშვნელოვანია ვაჭრობის გამოყოფა. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო პროდუქციაში შემცირება გვაქვს, ამას მომსახურების ექსპორტის ზრდა აბალანსებს“, - განაცხადა დავით კეშელავამ.
როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, არსებული ფაქტორები მომდევნო რამდენიმე თვე იარსებებს, წინასაარჩევნო ხარჯების ფონზე კი მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ მოსალოდნელია.
„ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, მინიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდება. აღსანიშნავი იქნება სახელმწიფო ხარჯების ზრდაც წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება“, - აღნიშნა ეკონომისტმა.