ავტომობილების ტექდათვალიერებამ 14 თვით გადაიწია

ავტომობილების ტექდათვალიერებამ 14 თვით გადაიწია

ავტომობილების ტექდათვალიერება კიდევ ერთხელ და ალბათ, უკვე საბოლოოდ გადავადდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირობა დადო ეკონონიკის მინისტრის მოადგილემ. 2015 წლის მარტიდან მძღოლებს მანქანების წესრიგში მოყვანა მოუწევთ.

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ყველა სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება აუცილებელი გახდება 2015 წლის 1-ლი მარტიდან, ნაცვლად მოქმედი კანონით გათვალისწინებული 2014 წლის 1-ლი იანვრისა. ცვლილება შეეხება დაახლოებით 800 ათას მსუბუქ ავტომანქანას, რომელთა მფლობელებს არ მოეთხოვებათ ყოველწლიურად ტექდათვალირების გავლა.

ტექდათვალიერების გადავადება ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა იყო და ამის მიზეზი სათანადო ინფრასქტურქუტრის არარსებობა გახდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობს საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომლის რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყოს ყველა სატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივი ტესტირება შესაბამის ცენტრებში, რომელთა რაოდენობა ამჟამად 25-ს არ აღემატება.

„ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ევროკავშირის მოთხოვნებს ამ მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშიც გვიდევს ტექდათვალირებებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, მეტი გადავადება აღარ მოგვიწევს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, 2015 წლის 1-ლი მარტიდან თუ ვინ და რა ფორმით განახორციელებს ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მათ შორის, მსუბუქზე - პერიოდული ტესტირების ჩატარებას“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ავტომობილების ტექდათვალიერება მარტოოდენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას არ უკავშირდება. აქ მეტად მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში მოძრავი ძველთაძველი ავტომობილების გამოისობით მკვეთრადაა გაუარესებული.

ორიოდე თვის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად ახალი რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მთავარი აქცენტი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების აღდგენის საჭიროებაზე, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და ავტოპარკისგანახლებაზე გაკეთდა. საუბარია, ჰაერში კანცეროგენული ნივთიერებების შემცველობის მაღალ მაჩვენებელზე, რაც, ძირითადად, საწვავის გამონაბოლქვის შედეგია.

მთელ მსოფლიოში ატმოსფეროს ერთ-ერთი დამაბინძურებელი ავტომობილია. საქართველოში კი, ძირითადად, მოძველებული ავტოპარკია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 70%-მდე ძველი ავტომობილებია, ანუ სწორედ ისეთი მანქანები, რომლებმაც სხვა ქვეყნებში ექსპლოატაციის ვადა ამოწურეს და შემდეგ შემოივანეს საქართველოში, როგორც მეორადი სატრანსპორტო საშუალებები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენთან ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით ბინძურდება.

ძველი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია დრო და დრო გაიევლებს ხოლმე, თუმცა მძიმე სოციალური ფონის გამო, მთავრობა ვერაფერს აკანონებს. არსებობს მოსაზრება, რომ ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ ძველ ავტომობილებზე გაზრდილი გადასახადი დაწესდება (დაახლოებით ისეთი, როგორიც საბაჟოზე მოქმედებს, როდესაც იმპორტიორი ხანდაზმული მანქანის შემოყვანას აპირებს). ასეთ დროს, რაც უფრო ძველი იქნება სატრანსპორტო საშუალება, მის მფლობელს უფრო მეტი გადასახადის გადახდა მოუწევს. ამიტომ იგი იძულებული იქნება ავტომობილის განახლებაზე იფიქროს.

როგორც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ინსპექტირების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე უჩა კასაბური ამბობს, ტექნიკური ტესტირების გავლა, პირველ რიგში, თავად მძღოლების ინტერესებში უნდა იყოს.

„საუბარია პერიოდულ ინსპექტირებაზე, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისად მოახდენს მინიმალიზაციას იმ რისკფაქტორებისას, რომელიც შეიძლება საგზაო მოძრაობის პროცესში გამოვლინდეს - შეიძლება ეს იყოს სამუხრუჭე სისტემა, მაშუქი ფარები, საჭის მექანიზმი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა უჩა კასაბურმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.