ფრანგული წარმოების საჰაერო აპარატისა და ვერტმფრენების პარკის განახლების საკითხი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ დღეს გამართული პრესკონფერენციის ერთ-ერთი თემა იყო. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყება მომავალ წელს საბჭოთა, რუსული სამხედრო სატრანსპორტო თუ მოიერიშე ვერტმფრენების პარკის მოხმარებიდან ამოღებას გეგმავს. „ვაპირებთ განვაახლოთ და განვავითაროთ ამერიკული ვერტმფრენების პარკი. სხვა ქვეყნებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები და მათ შორის, ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობები გაჩნდა საფრანგეთთანაც, ჩემი ვიზიტის შემდეგ“ .
მინისტრმა საბჭოთა წარმოების ვერტმფრენების პარკის ამერიკული საჰაერო აპარატების ჩანაცვლებაც განმარტა. „სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება საბჭოთა პარკის მომსახურება. მარაგი ნაწილების შეძენა პრობლემებთანაა დაკავშირებული და უმეტეს შემთხვევებში თუ არა, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული გარიგებების გარეშე, პრაქტიკულად, ასეთი მომსახურების მიღება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ძალიან ხისტი, მაგრამ, სწორი, ლოგიკური გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა „პუმა“-ს ტიპის ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „ეს იყო ვიპ-კლასის საფრენი აპარატი ექს-პრეზიდენტის მომსახურებისთვის და არა სამხედრო გამოყენებისთვის. რატომღაც ეს მომსახურება თავდაცვის სამინისტროს ერიცხებოდა“.