საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო მალის ოპერაციაში ჩართვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს თავდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, უკვე მოხსნილია ფორმალური და ინსტიტუციური ბარიერები და საქართველო ოპერაციისთვის საჭირო პროცესებში ჩაერთვება. ირაკლი ალასანიამ საერთაშირისო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება: "ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ როგორც უსაფრთხოების მიმღებს, არამედ როგორც გამღებს და ევროპული
უსაფრთხოების ნაწილს. ჩვენ უკვე თანაბრად დავიწყებთ ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირებას არა მხოლოდ ნატოს ოპერაციებზე, არამედ ევროპულ ოპერაციებზე, რომელსაც წარუძღვება ევროკავშირი. ერთობლივი ოპერაციების შესაძლებლობის საკითხი საფრანგეთთანაც განვიხილეთ."
ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე არ მოხდება.
"ჩვენ ეს ოპერაციები გვაინტერესებს ორი რამის გამო - პირველი, ვართ თანაბარი მონაწილე საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების და ამასთანავე ვიღებთ განუზომლად დიდ საბრძოლო გამოცდილებას, რომელიც უნდა მოხმარდეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის თავდაცვას." - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისიაში ჩართვის დეტალებზე ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მისი თქმით, საქართველომ განაცხადი ასეულის ზომის ქვედანაყოფზე გააკეთა, რომელიც 2014 წლისათვის უკვე სერტიფიცირებული იქნება. "სერტიფიცირებას გააჩნია რამდენიმე ეტაპი - თვითშეფასება, შემდგომი შეფასება, შუალედური შეფასება და საბოლოო შეფასება. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნატოს ექსპერტები, განაცხადეს, რომ შუალედური შეფასება არ იქნება საჭირო, რადგან ასეული უკვე მზად არის საბოლოო ტესტირებისთვის. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და მსგავსი შედეგი რეგიონში ვერცერმა ქვეყანამ ვერ აჩვენა." გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, 2014 წელს ასეული გერმანიაში ჩავა და შესაბამის შეფასებას გაივლის.