კოკოითი გადამწყვეტი გასროლის მოლოდინში

კოკოითი გადამწყვეტი გასროლის მოლოდინში

[ლევან სეფისკვერაძე]

ცხინვალის რეგიონში ტრადიციულად მკაცრი ზამთარი იცის. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. ნახევრად ოკუპირებული რეგიონის დიდ ნაწილში განსაკუთრებით მკაცრი სიცივეები დაიჭირა და ზამთრის უმთავრესი პრობლემა – გათბობა, მთელი სისავსით ახლა დადგა ადგილობრივების წინაშე. თუკი ზემო და ქვემო ნიქოზში, ერგნეთსა და მეღვრეკისში, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეშის პრობლემა მეტ–ნაკლებად მოგვარდა, სრულიად უმწეო მდგომარეობაში დარჩა ახალგორის რაიონი, სადაც სეპარატისტრები  ტყეებში შესვლას ადგილობრივებს ისევ უკრძალავენ და ქართლელი გლეხებიც იძულებულნი არიან, საკუთარ ბაღებში ხეხილის ჭრა დაიწყონ. 

ავთო გოზილაშვილი, კონფლიქტის ზონის მკვიდრი: -“ახალგორელი ძმაკაცი მყავს. ახლა ისევ თავის სოფელშია და დიდ შიშში ცხოვრობს. 2 დღის წინ ველაპარაკე მობილურით. ზამთარში შეშა ვერ მოვიმარაგე და ვაშლის ხეები რაც მქონდა სულ დავჭერიო. კაკლების მოჭრა ენანება, თორემ ალბათ იმათაც დაჭრიდა. ლიახვის ხეობის ქვემო სოფლებშიც ეგეთი მდგომარეობა იყო შარშან. წელს ცოტა დაგვეხმარნენ, თორემ, ჩვენც დავიწყებდით ხეების ჭრას. აბა ბავშვებს ხომ არ გავყინავთ ამ სიცივეში? 

სარწყავის გაკეთება მადლობა ღმერთს – უკვე დაწყებულია და გვაიმედებენ, რომ ზაფხულისათვის წყალი გვექნება. იანვარში ახალი წლები იყო და შეაჩერეს მუშაობა. ახლა კიდევ ძალიან აცივდა. ალბათ რომ დათბება, ისევ დაიწყებენ არხის გაყვანას. ამ სარწყავის შემყურე ვართ ყველა“. 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი კომუნიკაციების ე.წ. სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ოსი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავენ. 

აგრესორების შიში იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ რეგიონში რუსული სამხედრო შენაერთების რიცხოვნების გაზრდის პარალელურად, ქართველი სამართალდამცავები ამჯერად უკვე კონფლიქტის ზონის მთელი პერიმეტრის გაყოლებით დგანან და ისევე როგორც ფრონეს ხეობაში (ზნაურის რაიონის მისადგომებთან), ასევე დიდი ლიახვის ხეობაში და ახალგორთან ახლოსაც, გამოჩნდა “კობრად“ წოდებული ქართული საპოლიციო ჯავშან-მანქანები. 

ეს სწორედ ის მანქანებია, რომლებმაც 2 წლის წინ, აგვისტოს ომის პირველ ეტაპზე, ცხინვალის უკუპანტებისაგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა და სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ დონეზეც შეასრულეს დაკისრებული მისია. ეს კი ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ აგრესორებსა და სეპარატისტებს. 

როგორც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ქართველი პოლიციელები, აგრესორების ღამეულ პროვოკაციებსა და სროლებს, სროლითვე კვლავ არ პასუხობენ, თუმცა ნიქოზში, მერეთში თუ ერგნეთში მცხოვრებ გლეხებს, გარკვეული იმედი ჩაესახათ, რომ მათი აწიოკება, ძარცვა და დარბევა, სეპარატისტებისათვის ასე იოლი მომავალში მაინც აღარ იქნება. 

გიორგი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოელი გლეხი: -“რუსები არ გაჩერდებიან, სანამ მათზე ძლიერ ძალას არ დაინახავენ. მართალია ის ამბავი, რომ რუსები მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და მხოლოდ ძალისა ეშინიათ. ძალიან კარგია, რომ ამერიკელებმა როგორც იქნა, სერიოზულად დაიწყეს საქართველოს დახმარება. 

რუსებს და კოკოითის ხალხს ჰგონიათ, რომ ამერიკა შემოვა და ცხინვალს აიღებს. კოკოითმა აბა რა იცის, რომ არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. მთავარია, ამერიკამ მხოლოდ ის გააკეთოს, რომ რუსებმა ასე თავისუფლად არ იჯლიგინონ ჩვენს სოფლებში და იარაღის ამბავშიც დაგვეხმარნონ. დანარჩენს ჩვენც გავაკეთებთ. 

ძველ დროს, არც ამერიკა გვეხმარებოდა და არც არავინ, მაგრამ მტერს საკუთარი ძალებითაც ვიგერიებდით. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ხეობის ხალხმა, საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ხელი არ ჩაიქნიოს და ყველაფერი კარგად იქნება!“ 

სამხრეთ ოსეთის ფსევდოხელისუფლებას რომ ჰკითხოთ, ისინი ქართველი სპეცრაზმელების თავდასხმის მოლოდინში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კოკოითის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფებიან და შესაძლო იერიშის მოსაგერიებლად მზად არიან. 

ოსური მხარის ინფორმაციით, როკის გვირაბში ათობით სათვალთვალო ვიდეოკამერა და უსაფთხოებისთვის საჭირო სხვა მოწყობილობებია დამონტაჟებული. ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე “სამართალდამცავი სტუქტურების“ დანაყოფები იმყოფებიან. 

ქართულ სოფლებში კი ამბობენ, რომ ქართველი სპეცრაზმელები არათუ ცხინვალზე შეტევას არ აპირებენ, სროლის უფლებაჩამორთმეული ქართველი სამართალდამცავები ყოველ ღამეს შიში ელიან, რადგან არავინ იცის, ვინ გახდება სეპარატისტების ტყვიის მორიგი მსხვერპლი. როგორც ჩანს, კონფლიქტის ზონის ორიენტირი, ლიახვის ხეობიდან, თანდათან ფრონეს ხეობაში გადადის. ქარელის რაიონი ბოლო დღეებში სეპარატისტებისა და ოკუპანტების საჯლიგინო ადგილად იქცა.

სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, უკვე ორ წელიწადზე მეტი  გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ძალიან გამწვავდა და ყველაფერს გლობალური კუთხით თუ შევხედავთ, სამაჩაბლოს კონფლიქტის აქტუალობამ უკანა პლანზე გადაიწია. 

როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, ეს სიმშვიდე (თუკი ამას სიმშვიდე ჰქვია) მხოლოდ ცოტა ხანს გასტანს, რადგან ამ რეგიონის მილიტარიზაციამ დიდ მასშტაბებს მიაღწია და რუსი, ასევე კოკოითის ჯარისკაცები კვლავ “გადამწყვეტი გასროლის“ მოლოდინში არიან. ეს ფსევდოსიწყნარე უპირველესად სწორედ მათ არ უხარიათ. იმედია, ეს გასროლა არასოდეს მოხდება.