მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაკავებული თანანმდებობიდან შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადადგეს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ქვეყნის მთავარი მბრალმდებლის გერმანიაში ნასამართლეობის ფაქტმა, მმართველ გუნდში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და არ არის გამორიცხული, ფარცხალაძეს პოსტის დატოვება მოუწიოს.
წყაროს ცნობით, უმრავლესობის ნაწილი ოთარ ფარცხალაძის პოსტიდან გათავისუფლების მომხრეა, თუმცა, წყაროს შეფასებით, ამ ეტაპზე, მთავარი პროკურორი პოსტს მხოლოდ იმის გამო შეინარჩუნებს, რომ ამ საკითხს დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს.
„რა თქმა უნდა, ფარცხალაძის ნასამართლეობით დარტყმა ხელისუფლებამ მიიღო. ის უკვე „მორყეული კბილია“, მაგრამ ნაციონალების მოთხოვნის საფუძველზე, მას თანამდებობიდან არ გავუშვებთ“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა ლიდერმა.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრი, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ უმცირესობა თეა წულუკიანს კუთვნილი შვებულების შეწყვეტისკენ და მთავარი პროკურორის პოსტიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ნაციონალები ფარცხალაძის ნასამართლეობის გარდა, ყურადღებას მთავარი პროკურორის დიპლომზეც ამახვილებენ და აცხადებენ, რომ მას კრიმინალურ წარსულთან ერთად, თანამდებობისთვის საჭირო მინიმალური კვალიფიკაცია არ აქვს.
„ოთარ ფარცხალაძის დიპლომი ყალბია. 1991 წელს, ფარცხალაძეს უნივერსიტეტში ჩაბარება არ შეეძლო, რადგან ამისთვის აუცილებელი იყო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის ქონა, ის კი ამ დროს 15 წლის იყო. ამას გარდა, 1991 წელს, ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ გააჩნდა. მთავარი პროკურორის თანამდებობა უკავია ადამიანს, რომელიც გარდა კრიმინალური წარსულისა, არ ფლობს ამ თანამდებობისთვის საჭირო მინიმალურ კვალიფიკაციას. წულუკიანს მივმართავთ, კუთვნილი შვებულება დროებით შეწყვიტოს და დაკავებული თანამდებობიდან ფარცხალაძე გაათავისუფლოს“, - აღნიშნავს, უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მსგავს პოზიციაზე დგანან, მისი თანაგუნდელები - გიორკი კანდელაკი და ლევან ბეჟაშვილი.
for.ge-სთან საუბარში კანდელაკი აცხადებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოძრომა შეუძლებელია და ხელისუფლება თავს ორმაგად სამარცხვინო მდგომარეობაში იყენებს.
მისი თქმით, ყაჩაღობისთვის მსჯავდებული პირის მთავარი პროკურორობა წარმოუდგენელია და ეს იმ ადამიანებზე და მათ რეალურ იდენტობაზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანას რეალურად მართავს.
„მხედველობაში თამაზაშვილის კლანი მაქვს. ხელისუფლება ფარცხალაძის ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას თავდაპირველად უარყოფდა, მაგრამ მოგვიანებით მისი გამართლებით დაკავდნენ. ამას გარდა, მას ფიქტიური დიპლომი აქვს და ამ ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ეს არ არის შეუფერებელი მომენტები. ამ დოკუმენტების შეგროვების პროცესში ვართ და ინფორმაციას საზღვარგარეთიდან გვაწვდიან. ეს ამბავი კარგად წარმოჩენს „ოცნების“ ტყუილების კასკადს და მათ რიგებში ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. როცა პოლიტიკური თაფლობის თვე გავა, გამოჩნდება, რომ მათი დაპირებები იყო ტყუილი და ფარცხალაძის ისტორიაც ლოგიკურ ჯაჭვში ჩაჯდება“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა. ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ მას უმრავლესობის რამდენიმე წევრთან კულუარული საუბარი ჰქონდა და შთაბეჭდილება დარჩება, რომ ფარცხალაძის პოსტიდან გადადგომა რეალობასთან ახლოს დგას.
„თქვენს ინფორმაციას რეალური საფუძველი აქვს, რადგან ამ ფაქტებით უმრავლესობაც ძალიან დათრგუნულია. ხელისუფლებამ ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მართლები თავის თავთან მაინც უნდა იყვნენ. მმართველ ძალაში არის წრე, რომელიც ყველაფერს „აპრავებს“, მაგრამ წარსულში ყველაფერზე თვალის დახუჭვამ ჩვენც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. უმრავლესობამ სხვის შეცდომაზე მაინც უნდა ისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობამდე მივლენ“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომელიც შექმნილ ვითარებაში გამოსვალას ფარცხალაძის პოსტიდან გადადგომაში ხედვას.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ფარცხალაძის ნასამართლეობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს უმრავლესობა, რომელიც აცხადებს, რომ „ნაციონალური ისტერიკა“ დაიწყო.
როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მთავარმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო და როგორც ჩანს, ნაციონალებმა სტრატეგია შეუმუშავეს - თუ როგორ დააღწიონ თავი მართლმსაჯულებას.
„თუ გიგი უგულავას ჰგონია, რომ თავისი ჭკუით, ფარცხალაძის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატებს მოიტანს, ამით პროკურატურა მის მიმართ ლიბერალური გახდება და უკან დაიხევს, ძალიან ცდება. საქმე ძალიან ბევრ დანაშაულთან გვაქვს და ნაციონალების იაფფასიან სვლას არც პროკურატურა და არც საზოგადოება არ წამოეგება. თუ ფარცხალაძის წინააღმდეგ პრეტენზიები გვექნება, ეს კანონიერი უნდა იყოს. როგორც ვიცი, გერმანული კანონმდებლობა ყაჩაღობისთვის მკაცრია და აქ, ალბათ, გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რადგან მისი არც ექსტრადირება მომხდარა და არც ციხეში ჩასმა“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომელიც თვლის, რომ გიგი უგულავამ ბოლო „ჯოკერი“ გამოიყენა.
დეპუტატი აცხადებს, რომ იმის ნაცვლად, რომ ნაციონალებმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ, პრეტენზიები აქეთ აქვთ.
„უგულავა მიხვდა, რომ თუ ვინმეს თავს არ დაესხა, მეტი გზა არ აქვს და მისი აზრით, მან ბოლო „ჯოკერი“ გამოიყენა, მაგრამ მას არაფერი უშველის არა იმიტომ, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, არამედ იმიტომ, რომ მას ათობით მილიონი ლარი არ უნდა მოეპარა. ამერიკაში პასუხისგებაში 43 მერია მიცემული და ამათ რა უკვირთ?! იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ, მათ პრეტენზიები აქეთ აქვთ“, - აცხადებს დეპუტატი.
თინა ხიდაშელი თვლის, რომ ნაციონალები პანიკაში არიან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხარშილაძე დაპატიმრებულია.
„უგულავას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ამასთან არავითარ კავშირში არ არის ის, თუ ვინ არის ფარცხალაძე. რა კავშირი აქვს უგულავასთან იმას, თუ როგორ იქცეოდა „პატარა ბიჭი“?! იმედი მაქვს, ფარცხალაძემ საქმიანობა როგორ აქტიურადაც დაიწყო, ასევე გაგრძელდება. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ, ეს უნდა ვაღიაროთ და ბოდიში მოვიხადოთ. არ ვიცი, ერთი წლის განმავლობაში რას აკეთებდა პროკურატურა და იქედან გამომდინარე, რასაც ახლა ვუყურებთ, თუ როგორ სწრაფად და საქმიანად დაიწყო მუშაობა ახალმა შემადგენლობამ, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ არის ის პრემიები, რომელიც პროკურატურაში, გასულ წელს გაიცა. წინა შემადგენლობისგან გვჭირდება განმარტება - რა განსაკუთრებული საქმიანობისთვის მოხდა პრემიების გაცემა?!“, - აღნიშნავს ხიდაშელი, რომელიც ფარცხალაძის დიპლომთან დაკავშირებით ნაციონალების მიერ ატეხილ ამბავს, აბსურდს უწოდებს.
კანონმდებელის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოადგილეს იგივე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მას იგივე დიპლომი აქვს აღებული.
„ეს თემა თითიდან გამოწვილია. ჩვენი ოპონენტები პანიკაში არიან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხარშილაძე დაპატიმრებულია. ადრეც ვთქვი, რომ უნდა გვქონოდა მოლოდინი ნაციონალების ისტერიკის და ასეც მოხდა. მათი ყველაზე მძიმე საქმე ზურაბ ჟვანიას საქმეა და ოთხი წელია ვამბობ, რომ ხარშილაძისთვის იმ პირობების შექმნა, რაც „გრინ სერვისს“ ჰქონდა, ეს იყო იმის შედეგი, რომ მის სიჩუმეს ყიდულობდნენ. ხარშილაძე რაზე დაიწყებს საუბარს, ეს მათი ყველაზე დიდი სიზმარი და პანიკის საფუძველია“, - აცხადებს კანონმდებელი.
თინა ხიდაშელს მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადების სჯერა, მაგრამ ამბობს, რომ გერმანიაში მომხდარ ინციდენტზე დამატებითი დეტალები იქნება გარკვეული.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალების მსგავსად, ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის დროულად დატოვებას ურჩევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, იგი საზოგადოების ნაწილის სიმპათიებს დაიბრუნებს.
„ჩემი რჩევა იქნება, საკუთარ თავს ზედმეტი მსჯელობის საგნად ნუ გახდის და თანამდებობა, რაც შეიძლება დროულად და ღირსეულად დატოვოს. სხვა მხრივ, ამ თემაზე, კიდევ უფრო მეტი სპეკულაციები გვექნება, რაც მთლიანად ჩვენს ქვეყანას დააზარალებს. ქვეყნისთვისაც უკეთესია, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღოს და არა იძულებით, ან ვინმეს კარნახით“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
თუ რა აზრისაა ოთარ ფარცხალაძის „გერმანულ წარსულზე“ თეა წულუკიანი, ეს ამ დრომდე, უცნობი რჩება, რადგან იუსტიციის მინისტრი შვებულებაშია და მის პოზიციას საზოგადოება სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიგებს, რაც ის for.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში 3 იანვარს დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღური ქმედებისთვის არის გასამართლებული.