საქართველოს მთავრობამ იმდენი მოახერხა, რომ საწვავის გაძვირება „ნაციონალური მოძრაობის“ სალაპარაკო გახადა. მომხმარებელი თვალნათლივ ხედავს, რომ ბენზინისა და დიზელის ფასი საპარლამენტო არჩევნებამდელ პერიოდს დაუბრუნდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საწვავის გაძვირების მთავარ მიზეზად ამ ეტაპზეც საერთაშორისო ტენდენციებს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ლარის კურსის კლებასაც მიიჩნევენ. მსგავსი განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ბენზინის გაძვირების მიზეზების განმარტებისას გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნავთობპროდუქტების გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდითაა გამოწვეული.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ლარი გაუფასურდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დარეგულირდება და ფასიც თავის ნიშნულს დაუბრუნდება“, - მიიჩნევს კახა კალაძე. მინისტრი სულ რამდენიმე კვირის წინ საწვავზე ფასების შემცირებას პროგნოზირებდა და ამის მიზეზად აზერბაიჯანთან მიღწეულ შეთანხმებას ასახელებდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში თურქმენული საწვავი უნდა შემოსულიყო. ჯერჯერობით კი არც თურქმენული საწვავი გამოჩენილა და ფასების შემცირებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, პირიქით, რაც დრო გადის - უფრო მეტად იზრდება.
რაც შეეხება სავალუტო კურსს, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 61 პუნქტით გაიზარდა და1.7228 ნიშნულზე შეჩერდა. 1.72-იან ზღვარზე ლარი ბოლოს 2011 წლის მარტში დაფიქსირდა. წლის დასაწყისიდან კი მისი კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 4%-ით შემცირდა. ლარი ევროპულ ვალუტასთან შედარებითაც, 76 პუნქტით გაუფასურდა და და 2,3559 ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან კი კურსი 7,3%-ით დაეცა.
საწვავის ფასებზე ლარის კურსის შემცირების გავლენას აღიარებენ ნავთობიმპორტიორებიც. „სოკარის“ პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი საქართველოში საწვავის გაძვირებას კურსის ვარდნას დანავთობის “ტრენდის” მზარდ ტენდენციას უკავშირებს.
როგორც კომპანიის პრეზიდენტმა განმარტა, „სოკარი“ ცდილობს, საწვავის ფასი მინიმალურ ნიშნულზე შეინარჩუნოს. „წლეულს ნავთობის „ტრენდის“ ტენდენცია მზარდია. ამასთან აზერბაიჯანშიც გაძვირდა საწვავი. ფასის ცვლილება ასევე უკავშირდება ლარისა და აშშ დოლარის გაცვლით კურსს, ამიტომ უმნიშვნელო ფასის ზრდა აღინიშნა. ჩვენ ვცდილობთ, გვქონდეს მინიმალური ტარიფი, მაგრამ საბაზროზე ნაკლებ ფასში არ შეგვიძლია გავყიდოთ საწვავი“, - განაცხადა „სოკარის“ პრეზიდენტმა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ეს განცხადება აბდულაევმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს.
საწვავზე ფასის ზრდა, რასაკვირველია, კარგი საკბილო აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისთვის. „ნაციონალურ მოძრაობა“ ამ თემის კომენტირებისას თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში. დეპუტატის გიორგი ვაშაძის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთი ბარელი 124-125 დოლარამდე მერყეობდა, თუმცა ბენზინი უფრო იაფი იყო ვიდრე დღეს, როცა ნავთობის ფასი 111 დოლარამდეა შემცირებული.
ვაშაძის განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იყო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს და ბენზინიდან მოგება ნაციონალების ჯიბეში მიდიოდა. დეპუტატს აინტერესებს ახლა ვის ჯიბეში იყრის თავს უპრეცენდენტოდ გაძვირებული საწვავის ფასიდან ამოღებული თანხები.
„დღეს საქართველოში ბენზინი არის ყველაზე ძვირი თუ კი ოდესმე ყოფილა. ასეთი ძვირი ბენზინი არასდროს ყოფილა და ეს არის დღევანდელი რეალობა. ბარელ ნავთობზე ფასი, ყველაზე ძვირი როცა იყო ბენზინი, მაშინ იყო 124-125 დოლარი, დღეს ბარელ ნავთობზე საერთაშორისო ფასი არის 111 დოლარი. მაშინ კითხვა დავსვათ სად არის გაიაფებული ბენზინი, რატომ ძვირდება ბენზინი და რატომ ვაგდებთ მოსახლეობას ასეთ რთულ მდგომარეობაში?“ - კითხვას სვამს ვაშაძემ, მაგრამ მთავრობას, როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია.