ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო

„უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რუსული „ფორბისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, ანუ მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს, მისი უფროსი შვილი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

„მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა, აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის ეშინია. მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად“, - ასეთია ექს-პრემიერის აღსარება.

სცენარის შესაბამისად, უტამ დაურეკა ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, თუ ის არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას, მაშინ ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და დაიწყებდა ბრძოლას. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ განგებ უყვიროდა უტას, რომ ის სულელია, ცდილობდა, „გადაეფიქრებინა“ მისთვის ამის გაკეთება, ჰპირდებოდა, რომ ჩავიდოდა პარიზში და იქ დაელაპარაკებოდა. უტა კი პასუხობდა, რომ არც კი შეხვდებოდა პარიზში და არ დაელაპარაკებოდა, თუ ქვეყანას მიატოვებდა და წავიდოდა. ეს საუბრები კი, რა თქმა უნდა, ისმინებოდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი იყო, რომ ჰოლდინგ „ქართუს“ პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი აგენტი იყო და უტასთან ამ საუბრის შემდეგ, მან ჩრდილელს შესჩივლა, რომ შვილს ვერაფერს უხერხებდა და უტა მას პარიზში ჩასვლას უკრძალავდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გიგა ჩრდილელთან მოილაპარაკა, რომ ის წავიდოდა მის მაგივრად პარიზში და დაბლოკავდა მისი შვილების ანგარიშებს მისი მინდობილობით.

„აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო - მან დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მე მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. უთხრა - მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მისცა მინდობილობა ვიღაც ნაძირალას, რომ დახუროს შენი ანგარიშებიო. უთხრა, ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარს. ამის შემდეგ, მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ჩემი ოჯახი წავიდა ჩემს წინააღმდეგ. ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და დაველოდები აქ ჩემს შვილს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამ გულახდილ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ასევე, მკვლელობების ბევრი საქმის გახსნას აანონსებს. ამასთან, აცხადებს, რომ პატარკაციშვილს პოლიტიკაში ყოფნა სურდა და არც მალავდა. სწორედ პატრაკაციშვილმა შესთავაზა პარტნიორობა, რაზეც უარი მიიღო.

„ვუთხარი, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ მინდოდა და, მით უმეტეს, არც ვინმეს პარტნიორობის სურვილი მქონდა. დიდხანს მარწმუნებდა, შედეგად შევთნხმდით, რომ ბარიკადების მეორე მხარეს იგი მე ვერ მიხილავდა, მას სიტყვა მივეცი. სააკაშვილმა მას „იმედი“ პოლიციის საშუალებით წაართვა. რომ ჩამოვედი და სააკაშვილი ვნახე, ხელიც არ ჩამოვართვი, მოვთხოვე სასწრაფოდ გადამდგარიყო. მას აღარ ვეკონტაქტებოდი“.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, პოლიტიკიდან ოფიციალურად წასულ ბიძინა ივანიშვილს, როგორც წინდახედულ და მომავალზე ორიენტირებულ პიროვნებას, ხომ არ აქვს ასეთივე წინასწარ მოფიქრებული, კარგად გათვლილი გეგმა, რაც მას ნაციონალების განეიტრალებაში დაეხმარება?! შესაძლებელია თუ არა, მომავალშიც ასეთი აღიარებები ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან შეუძლებელია, იგი უკანმოუხედავად გასცლოდა ბრძოლის ველს მაშინ, როცა ნაციონალებს კვლავაც ხელისუფლებაში მობრუნების დაუოკებელი ლტოლვა აქვთ და ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის აღიარება ნაცმოძრაობის დეზორიენტაციაზე უნდა იყოს გათვლილი. შესაძლოა, ეს მონათხრობი სულაც იყოს გათამაშება და რაც თქვა, არც კი ყოფილიყო. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი როცა რაღაცას აკეთებს ან ამბობს, ყოველთვის შედეგზეა გათვლილი. მით უმეტეს, ოჯახის წევრების პოლიტიკაში ჩართულობა ცოტა საფრთხილო მომენტია და ეს ბიძინა ივანიშვილის ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რადგან იგი სწორედ ოჯახის ფასეულობაზეა ორიენტირებული.

„კითხვა ჩნდება, ნუთუ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ოჯახის წევრებისადმი საფრთხის შემცველ რეალობას შექმნიდა?! ამიტომ ეს ინტერვიუ გათვლილია იმაზე, რომ ამჟამინდელ მოცემულობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დეზორიენტაცია შეუქმნას. მთელი მორალი ამ მონათხრობის ის არის, რომ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“ ეგონა, რომ თავიანთ თამაშს თამაშობდნენ. ამ დროს კი, აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშში იყვნენ ჩართულნი და ვერ ხვდებოდნენ. ახლაც „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება დაუშვას, ხომ არ არიან ისინი, თავისდა უნებურად, ისევ ჩართულნი ივანიშვილის თამაშში?! ეს კი ნაციონალების მუხტს და თვითშეფასებას დასწევს. თუკი ეს კომპლექსი ნაციონალებში გაჩნდება, მაშინ მათი მხრიდან მოქმედების ეფექტური დაგეგმვა მომგებიანი არ იქნება. დეზორიენტირების პრინციპია, რომ ადამიანი ამოაგდოს კაპლაპოტიდან“, - აცხადებს არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში.

მისი აზრით, მართალია, ბიძინა ივანიშვილი აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში, მაგრამ შეუძლებელია, იგი ტუილ-უბრალოდ აბარებდეს აღსარებებს მედიას. ეს ინტერვიუც ამტკიცებს, რომ ივანიშვილი კვლავ აქტიურ პოლიტიკაშია, ოღონდ არა იმ სტატუსით, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი.

თუ რა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის აღიარების მიზეზი, ამის შესახებ არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მომაგრდა, საკმაოდ კარგი პერსპექტივები მიეცათ, იმავე თბილისის მერის არჩევნებზე უგულავას მყარი შანსები ჰქონდა ნარმანიასთან მიმართებით.

„ეს არის სააკაშვილისა და ივანიშვილის ბრძოლა და, სანამ ბოლომდე არ განეიტრალდება რომელიღაცა მხარე, იქამდე გასტანს ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ აღარც მიხეილ სააკაშვილია ოფიციალურად პოლიტიკაში და აღარც ბიძინა ივანიშვილი, ეს ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს, ოღონდ ჩვენი საზოგადოებაა ბრძოლის ველი. ეს ინტერვიუ მაინც პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუა“, - ასეთია არჩილ გამზარდიას პოზიცია.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, რომ თავის დროზე, მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, იქნებ, ჯობდა, მაშინ უტა ყოფილიყო პოლიტიკაში და არა ბიძინა ივანიშვილი?! ექსპერტის თქმით, ის არგუმენტი, რომლითაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისთვის მთლად სანდო იმთავითვე არ ყოფილა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ დღემდე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უმთავრესია არა ის მოტივი, თუ რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, არამედ ის, თუ როგორ გააგრძელებდა ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომაც პოლიტოლოგი თავს იკავებდა თავისი რეაქციის გამოხატვისგან დიდხანს, რათა მოხსნილიყო საფრთხე, რომ ამ განცხადებებს სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებდა.

„ცხადია, ივანიშვილს გარკვეული განმარტება სჭირდებოდა და მოძებნა ყველაზე საუკეთესო არგუმენტი, თითქოს, უტა ურჩევდა პოლიტიკაში მოსვლას. მართლაც, მოვიდა პოლიტიკაში და გააკეთა ის, რაც გააკეთა. თუ კარგი საქმე გაკეთდება, მოტივაციას მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილს შეეძლო, დღესაც არ ეთქვა ამის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნა, გავითამაშე სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ დადგებოდა ჩემი ლიკვიდაციის საკითხი. ძალა დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ კი არ გაჩერდებოდა პროცესი, არამედ მას ეყოლებოდა გამგრძელებელი. როგორც ჩანს, მაშინ სხვა გამოსავალი ვერ ნახა. თუ გახსოვთ, რამდენჯერმე გაჟღერდა კიდეც, თუ რამე მომივა, მაშინ ჩემი მეუღლე გააგრძელებს ჩემს საქმესო. როგორც ჩანს, ეს პრობლემა ივანიშვილს მართლაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილს გადახდა, არა მგონია, ეს გამორიცხული ყოფილიყო“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში.

ამდენად, მისი თქმით, განცხადებების მიხედვით მსჯელობა პოლიტიკაში ცოტა სარისკო საქმეა და მთავარია საქმე და არა განცხადებები. უფრო მეტიც, პოლიტოლოგს დღესაც ეჭვი ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუბრუნდეს პოლიტიკას. იგი იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს, თუ საჭირო გახდება, მე პოლიტიკაში დავბრუნდებიო. ამდენად, პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია, სიტუაცია მუდამ იცვლება და რაც შეუვალი ჭეშმარიტება გვეგონა, შეიძლება, მასში კორექტივები შეიტანოს ცხოვრებამ. ამიტომ პოლიტიკისთვის ზედგამოჭრილია - არასოდეს თქვა არასოდეს.

„თუ რაიმე სცენარი აქვს ივანიშვილს, რაც კიდევ წაადგება ქვეყანას, დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ წასვლა ხელისუფლებიდან ქვეყნისთვის სასარგებლო იყო. უბრალოდ, მგონია, რომ სამოქალაქო სექტორიდან ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში გაცილებით ნაკლები რამ გაკეთდება, ვიდრე მისი პრემიერობის პოსტზე ყოფნისას“, - განმარტავს პოლიტოლოგი.

ექსპერტ ვაჟა ბერიძეს შეთქმულების თეორიების არ სწამს. არც იმის სწამს, რომ თურმე გარკვეული ჯგუფი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომ ვიღაც უცხოეთიდან მფარველობს ცალკეულ ჯგუფებს, რომ არსებობენ მასონები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ, ხოლო ბაზალეთის ტბის ძირას მდებარე აკვნიდან გადამრჩენელს ელის ქართველი ხალხი. მისი აზრით, ეს რაციონალური მარცვლის შემცველი ლამაზი ლეგენდებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტოტალიტარულ სახელმწიფოებშიც კი, ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს. შეიძლება, ხალხი თვლემდეს, ეძინოს, მაგრამ ვერდიქტი მაინც ხალხს გამოაქვს.

მისი აზრით, პოლიტიკა სახიფათო სფეროა და ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა, პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი ძმა, სენატორი რობერტ კენედი მოკლეს, მარტინ ლუთერ კინგიც გამოასალმეს სიცოცხლეს. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეზღვია თავისი გაბედული ნაბიჯი. მით უფრო, მას ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი, თუ როგორ გახდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მსხვერპლი ოფიციალური მილიარდერი. ამდენად, ვაჟა ბერიძეს აბსოლუტურად რეალისტურად მიაჩნია ივანიშვილის სიტყვები უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის ინსცენირებასა და საიდუმლო გეგმასთან დაკავშირებით.

„ის ამბობს, პასუხისმგებელი ვარ, რომ ეს ხელისუფლება არ იქნება კორუმპირებული. მართალი გითხრათ, ლეგალურ ბერკეტებს საამისოდ ვერ ვხედავ, რადგან პარტიულ სტრუქტურებში ბატონი ბიძინა არ ფიქსირდება, ხელისუფლების პირველ პირებთან მას მხოლოდ პირადი მეგობრობა აკავშირებს, გარდა ირაკლი ღარიბაშვილისა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა სახის შეხვედრები, კონსულტაციები აქვთ მათ. არც ის ვიცით, რა მექანიზმები აქვს საიმისოდ, რომ თავის თავზე ვალდებულება აიღოს ან გააკონტროლოს სიტუაცია. ბატონი ბიძინა ქართველ ხალხს უყვარს და მხარიც დაუჭირეს არჩევნებში, მაგრამ ის, რომ დღეს უკვე რიგითმა ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვროს, ვინ არის კორუმპირებული და ვინ არა, ვინ გადადგეს მინისტრობიდან და ვინ დანიშნოს გენპროკურორად, ეს უკვე განუკითხაობა იქნება, რაც მის მიზნებშიც არ შედის. თუმცა ვინ უნდა მიიღოს ფარცხალაძესთან მიმართებით გადაწყვეტილება? ივანიშვილმა? ის ხომ არ ერევა პოლიტიკაში? რატომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვისი ფუნქციაცაა? აქვს მას უფლება, ეჭიროს მთავარი პროკურორის პოსტი? ორი დღეა, პირდაღებული მისჩერებიან უგულავას, თუ რა ლეგენდებს მოყვება. ამიტომ გოდოს მოლოდინი, რომ ბატონი ბიძინა დაურეკავს და ეტყვის, გადააყენონ თუ არა ფარცხალაძე, ამაო მოლოდინია“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ კარნახობს მთავრობას, თუ რა უნდა გააკეთონ, რადგან ის საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვის ერთგულია და პოლიტიკაში არ ერევა. თუმცა ფაქტია, რომ არ შეიძლება ქვეყნის მართვა საინფორმაციო უზრუნველყოფის გარეშე, რომლის მთელი ფილოსოფიაც არსებობს დემოკრატიულ ნიდერლანდებში. აქ კი არ ხდება არაფრის განმარტება, დასაბუთება, მყისიერი რეაქცია და საკმაოდ გამოცდილი დემაგოგები, ნაციონალების სახით, მარტონი არიან დატოვებულნი ბრძოლის ველზე, რითაც ისინი კარგად სარგებლობენ.