დედაქალაქის მერიამ მოწვეული სტუმრებისთვის სხვადასხვა რესტორანებსა და ბარებში ვახშმებისა და ფურშეტების მოწყობაზე - 484 255 ლარი დახარჯა, მობილური კავშირით მომსახურებაზე - 493 905 ლარი, ხოლო მერიის ვებ-გვერდის ტექნიკური, ვიზუალური და საინფორმაციო მომსახურებისთვის - 1 555 326 ლარი.
აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაზე საუბარია თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც რეაგირების მიზნით, მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება.
კომისიის მიერ შესწავლილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2012 წლის 1-ელი იანვრიდან, 2013 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდის საფინანსო საქმიანობა და for.ge-ის მიერ ექსკლუზიურად მიპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის პირობებში, მერია კოლოსალურ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა.
კერძოდ, მასალებით ირკვევა, რომ უწყების მიერ მობილური კავშირით მომსახურებაზე გაწეულია - 493 905 ლარი, ლიმიტების ზევით კი უკანონოდ დახარჯულია - 22 692 ლარი. გარდა ამისა, მასალებით ცნობილი ხდება, რომ გიგი უგულავას ფაქტიური ხარჯიდან გამომდინარე დაწესებული აქვს ლიმიტი და 2013 წლის მარტში, მისმა სატელეფონო ხარჯმა - 36 674 ლარი შეადგინა, აპრილში - 15 279, 2012 წლის სექტემბერში - 28 714 ლარი, ხოლო დეკემბერში - 17 815 ლარი.
ამას გარდა, მასალებით ირკვევა, რომ ქალაქგაფორმებით ღონისძიებებზე დახარჯული 2 519 670 ლარიდან - 835 452 ლარი გაწეულია არამიზნობრივად.
ამასთან, დოკუმენტების თანახმად, „თბილსერვის ჯგუფის“ 1 500 000 ლარის კაპიტალის გაზრდის მიზნით დაფინანსებიდან, რომელიც ნოემბერ-მარტში დასუფთავების ტარიფების შემცირების შედეგად კომპანიის შემცირებული შემოსავლების შევსებისა და ქალაქის დასუფთავების მიღწეული დონის შენარჩუნებისთვის გამოიყო, 900 000 ლარის ხარჯი არამიზნობრივად არის გაწეული.
ასევე, კომისიაში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან „112“-ისთვის ქონების შეძენის მიზნით, არამიზნობრივად დახარჯულია - 2 032 500 ლარი, რადგან მათი შეფასებით, ხარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან უნდა გაწეულიყო.
გარდა ამისა, კომისიის ცნობით, ტელეკომპანიებში - „რუსთავი-2“ და „იმედი“ სარეკლამო რგოლების განთავსების მომსახურებისათვის გადახდილია - 1 980 873 ლარი. თუმცა, მათი მტკიცებით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ არის წარმოდგენილი მედიაგეგმა, რომელიც ნათელს გახდის - რა პერიოდულობით, რა დროს და რა მოცულობით გაწია მომსახურება მომწოდებელმა და ასევე რა თანხას შეადგენს ერთი წუთის ღირებულება.
„ჟურნალში რეკლამის განთავსების მომსახურებასთან დაკავშირებით, უკანონოდ და არამიზნობრივად გაწეულია - 44741 ლარი“, - მიიჩნევენ კომისიაში.
აღსანიშნავია, რომ კომისიას საეჭვოდ მიაჩნია ვებ გვერდის - www.tbilisi.gov.ge-ს ტექნიკური, ვიზუალური და საინფორმაციო მომსახურებისთვის განკუთვნილი - 1 555 326 ლარის ხარჯიც. ამას გარდა, კომპანიას საეჭვოდ მიაჩნია ის ხარჯებიც, რომელიც 167 ავტომანქანის ტექნიკურ მომსახურებაზე შპს-ებისთვის არის ანაზღაურებული და კომისიაში ვარაუდობენ, რომ ამ არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯების ნაწილი პარტიულ მიზნებს მოხმარდა.
ასევე კომისიაში ვარაუდობენ, რომ რიგი პარტიული შეკრებების ხარჯები მერიის ბიუჯეტიდან იქნა დაფარული. კერძოდ, კომისიის ცნობით, 896 571 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან - 484 255 ლარი (54%) დახარჯულია მოწვეული სტუმრებისთვის სხვადასხვა რესტორანსა და ბარში ვახშამებისა და მიღება-ფურშეტების მოწყობაზე.
მათი ინფორმაციით, „ფართი ჰაუსის“ მიერ გაწეული მომსახურება გაუმჭვირვალეა და მათი არაერთი სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, რომ წარმოედგინათ თუ რა წინაპირობა არსებობდა მიღება-ფურშეტის მოსაწყობად და ვინ იყვნენ მოწვეული სტუმრები, უფლებამოსილმა პირმა აღნიშნული დოკუმენტები არ წარადგინა.
„გამოითქმის ეჭვი, რომ შესაძლოა, აღნიშნული ღონისძიებები პარტიული შეკრებები ყოფილიყო“, - მიიჩნევენ კომისიაში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მასალებით ირკვევა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, „ჰერმესის“, „სინათლის ქალაქის“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და „თბილსერვისის“ სამეთვალყურეო საჭოებში 44 ნაციონალი დასაქმდა, რომელთა ხელფასისთვის გამოყოფილია - 1 282 500 ლარი.
კომისიაში ბევრ სხვა არამიზნობრივი ხარჯებზეც არის საუბარი. მათ შორის, მათი ინფორმაციით, საჯარიმო ქვითრის ადრესატისთვის ჩაბარებისთვის გაწეული საფოსტო-საკურიერი მომსახურების 190 484 ლარის ხარჯიდან - 76 194 ლარი ადმინისტრაციის მიერ არამიზნობრივად არის გაწეული. ასევე მათი განცხადებით, მერიის კუთვნილი ფართების ტექნიკურ სამეურნეო მომსახურებაზე გაწეული - 204 179 ლარის დანახარჯებიდან ზედმეტად 152 315 ლარია გადახდილი. ხოლო, მერიის მიერ დასუფთავების მომსახურებისთვის 61 996 ლარია გადახდილი.
რაც შეეხება მერიის მაღალჩინოსანთა და აპარატის თანამშრომელთა პრემიებს, კომისიის ცნობით, 2012-2013 წლებში, აპარატის დაფინანსებისთვის მოთხოვნილი საპრემიო თანხა - 9 562610 ლარი დაუსაბუთებელია და მას არავითარი გაანგარიშება არ ერთვის.
მათი განმარტებით, პრემიების დარიცხვის დროს პრემირების წესი ირღვევა და მაღალი თანამდებობის პირებს - მერს, მის მოადგილეებს, გამგებლებს (დაახლოებით 70-მდე საშტატო ერთეულს) პრემია წინასწარი განსაზღვრით ეძლევათ და არა მათი ზეგანაკვეთური მუშაობის, სამუშაოში შეტანილი წვლილის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
„პრემიები განუსაზღვრელი რაოდენობით გაიცემა. მაგალითად, 2012 წლის დეკემბრში 78 ადამიანს - მერს, მის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, გამგებლებსა და მათ მოადგილეებს, პრემიის სახით მიღებული აქვთ - 704 397 ლარი, რაც მათ თანამდებობრივი სარგოს 500-600 პროცენტს შეადგენს. არის შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეს ერთ თვეში დანამატისა და პრემიის სახით, ხელფასის შესაბამისი 677 პროცენტი აქვს მიღებული. ყოველთვიურად, ხელმძღვანელ მუშაკებზე დარიცხულია სარგოს შესაბამისი პრემიები, ხოლო რიგით თანამშრომლები გათვალისწინებული არ არიან“, - მიიჩნევენ კომისიაში.
აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაზე, მოუწევს თუ არა პასუხის გაცემა თბილისის უფლებამოსულებაშეჩერებულ მერს, გიგი უგულავას, ამას პროკურატურა დაადგენს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, ბიუჯეტი არც დედაქალაქის მერს „დაუნდვია“.