„ნაყაჩაღარი ფარცხალაძე, სხვის ბედს უნდა წყვეტდეს?!“

„ნაყაჩაღარი ფარცხალაძე, სხვის ბედს უნდა წყვეტდეს?!“

საქართველოს მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ 2000 წელს, გერმანიაში პოლიციელთან ინციდენტი შეემთხვა, თუმცა განმარტავს, რომ კონფლიქტს მის მიმართ იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია.

ოთარ ფარცხალაძის მტკიცებით, სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, შეცდომა მოუვიდა, თუმცა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კონფლიქტი მოხდა.

ფარცხალაძის გარშემო არსებულ ვითარებაზეც, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ესაუბრა:

მთავარი პროკურორის შესახებ ინფორმაციას ავრცელებთ, რომ ის გერმანიაში ყაჩაღობის ბრალდებით არის გასამართლებული. არჩილ კბილაშვილის დროს, ამ უწყებასთან მიმართებაში, პასიურები იყავით, მაგრამ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გააქტიურდით. რატომ?

- ამ ადამიანმა როცა სასჯელის გარკვეული ნაწილი გერმანიაში მოიხადა, საქართველოში იქნა ექსტრადირებული. ზოგადად ექსტრადირების საფუძველს საკუთარ ქვეყანაში ძებნა წარმოადგენს და ამის გარკვევაც საინტერესოა. თუ ფარცხალაძე მართლაც ექსტრადირებული იქნა, მაშინ მისი ძებნის მასალები, სად გაქრა? ამ ეჭვების საფუძველს ისიც აჩენს, რომ მამამისი პოლიციელი იყო და ის ამასთანავე, თამაზ თამაზაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. თუმცა, შესაძლებელია, მისი საქართველოში ექსტრადირება გერმანელი სამართალდამცავების ინიციატივაც ყოფილიყო, რადგან ისინი ხშირად, საკუთარ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაჩერებას ერიდებიან.

თუმცა, ოთარ ფარცხალაძე მაღალ თანანმდებობას თქვენი ხელისუფლების პირობებშიც იკავებდა. მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციას, არ ფლობდით?

- სამწუხაროა, რომ ამ ინფორმაციას არ ვფლობდით, მითუმეტეს, რომ მას „ღირსების ორდენიც“ აქვს მიღებული. თუმცა, მან ეს ჯილდო კონკრეტულ საქმეზე დაიმსახურა, მაგრამ თანამდებობებს შორის დისპროპორციას აქვს ადგილი. ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა ისეთივე სუპერ საპასუხისმგებლო პოსტი არ არის, როგორიც არის მთავარი პროკურორის თანანმდებობა. გარდა ამისა, ფარცხალაძის ნასამართლების თაობაზე ინფორმაცია მას შემდეგ წამოვიდა, რაც მან რამდენიმე თავზეხელაღებული აქტი ჩაატარა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ნატო-ს დელეგაციის წევრთა საქართველოში ვიზიტის დროს, მის მიერ 25 პირი იქნა დაკავებული, დასავლეთში მასზე შეხედულება ჩამოყალიბდა, რომ ის არ არის გაწონასწორებული პიროვნება. ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება, სწორედ მისი ქმედებების განხორციელების შემდეგ მოხდა.

კონკრეტულად, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია?

- ინფორმაცია უცხოურმა ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს. იმ ადამიანებმა, რომელთაც მაღალი ნდობა აქვთ.

არის თუ არა თქვენი ინფორმაციის წყარო - „ევროპის სახალხო პარტია“?

- ხელს ვერცერთ ორგანიზაციას ვერ დავადებ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს გულშემატკივრები და მათი ასეთი მიდგომა დასაფასებელია.

თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და უწყება მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ფარცხალაძის პოსტიდან ჩამოშორების მცდელობას...

- უაზრო პასაჟია, რადგან მას ეს დანაშაული, ჩადენილი წლების წინ ჰქონდა და ის, რომ ინსინუაციებს აქვს ადგილი, არასწორია. ხელისუფლება რას გულისხმობს, ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სინამდვილეა? თუ რატომ ვთქვით, ეს?

მმართველ ძალაში მთავარი პროკურორის „ყაჩაღობის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და მთავარ პროკურატურას განმარტებების გაკეთებას სთხოვენ...

მათ ინფორმაციის მოძიება მარტივად შეუძლიათ. ამ მასალების ოფიციალურად გამოთხოვა, ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ინფორმაციის მოპოვების თაობაზე პროცედურები ძალიან კარგად არის განსაზღვრული გერმანულ იურისპრუდენციაში. ამ მასალების გამოთხოვის უფლება აქვს, ან თავად მსჯავრდებულს, ან მისი მინდობილობით ოჯახის წევრს, ან შესაბამის სახელმწიფო საგამოძიებო სტრუქტურას. ამ ხოვთ, რომ გერმანიაში შესაბამისი გამოთხოვის წერილი გააგზავნოს, მაგრამ როგორც ცნობილია, თეა წულუკიანი შვებულებაში იმყოფება და ეტყობა, გუშინდელმა ავრორამ მისთვის გაისროლა, რადგან, ალბათ, მას ბილეთებსაც აუღებენ და სასტუმროს ხარჯებსაც დაუფარავენ.

მაინტერესებს, თქვენმა წყარომ როგორ მოიპოვა, ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია?

- ეს ფაქტი გერმანიაში ხომ მოხდა? - შეიძლება, ამ ფაქტს გამოხმაურება ჰქონდა და შესაძლოა, ეს ინციდენტი ცნობილი იყო და ასე გაარკვიეს.

ვანო მერაბიშვილმა ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, თავზე ტომარაჩამოცმული გაიყვანეს ციხიდან. ყოფილი პრემიერის ამ განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეთ, რაც პარლამენტში ჩავარდა. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რატომ არ შექმენით კომისია მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილი აწამეს, რომელმაც ზეწოლაში გიგი უგულავა და გიგა ბოკერია დაადანაშაულა?

- ის პერიოდი დიდი ხნის წინ დამთავრდა, სანამდეც მათ ცხრაწლიანი მმართველობის შეხსენება შეეძლოთ. ხომ იძახიან, რომ ის პერიოდი იყო ცუდი? ახლა, გააკეთონ კარგი, საქმეს მიხედონ და ამ ცხარ წელზე, ნუ ყვირიან! ცხრა წლიან მმართველობაზე შენიშვნას მათგან არასოდეს მივიღებ, საზოგადოებისგან კი, ბატონო. მართალი გითხრათ, თუ მათ პოლიტიკური ალღო აქვთ, სიმართლის დადგენა უნდა მოახდინონ. როგორ შეიძლება, ნაყაჩაღარი ადამიანი სხვის ბედს წყვეტდეს?! მისი ამ პოსტზე დანიშვნა, ცინიკურია და ის გამოძიებას უნდა ჩამოაშორონ.