ხორბლის მოსავლის აღება პიკურ ფაზაშია და რამდენიმე საყურადღებო საკითხიც გამოიკვეთა. წელს ქვეყანა 1 ჰექტარზე რეკორდულ მარცვლეულს მიიღებს და ფასიც შედარებით ხელსაყრელი იქნება ფერმერებისთვის. მთავრობა, თავის მხრივ, პირობას დებს, რომ გაუყიდავი ხორბალი არ დარჩება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთში ხორბლის მოსავლის აღებას თავად გაეცნო.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. ქვეყანაში სახელმწიფოს მხარდაჭერით 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.
მინისტრი ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ნათეს ფართობზე იმყოფებოდა, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი. ფერმერმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100 000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა ოთხი ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563 000 ლარი აგროკრედიტი აიღო.
როგორც ნუგზარ ალუღიშვილმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე სამ ტონას აღწევდა, წელს კი ერთ ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.
კარგ მოსავალიანობაზე საუბრობენ სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. როგორც სიღნაღელმა ფერმერმა მიხეილ ყანდოშვილმა განაცხადა, მთავარია, რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ, სხვა მხრივ, სტაბილურობა შენარჩუნდება.
„წინა წლების გამოცდილება იყო ძალიან არასასიამოვნო, რადგან მოსავლის გაყიდვის პრობლემა შეიქმნა და მხოლოდ ბოლო დროს დარეგულირდა ეს საკითხი. ხორბლის სიიაფის გამო ფერმერებს ბოლო 2-3 წელი დიდი ბრძოლა უწევდათ, რომ მოსავალი გაეყიდათ. მთავრობამ ამისთვის სპეციალური მოსაკრებელიც დააწესა ფქვილის იმპორტზე, რამაც ცოტათი შეამსუბუქა მდგომარეობა.
ახლა დადებით მოლოდინს აჩენს რუსეთში შექმნილი ვითარებაც, როგორც ცნობილია, იქ ხორბლის ფართობები მოიყინა და მოსავალი შემცირდა. ამიტომ ვფიქრობ, ქართული ხორბლის ფასი აიწევს და 1 კგ 65 თეთრის ფარგლებში იქნება, რასაც საუკეთესო გამოსავალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ცუდიც არ არის. უკეთესობაა იმასთან შედარებით, რაც დარგმა წინა წლებში გამოიარა.
ფერმერებს საბანკო ვალედებულებები აქვთ და როგორც მინიმუმ, თვითღირებულებაში მაინც უნდა შეძლონ გაყიდვა. შარშან ამის შესაძლებლობა არ იყო. კარგია, რომ სექტორს ყურადღება ექცევა, ასეთი მიდგომა უნდა შენარჩუნდეს და მეხორბლეების მხარდამჭერი ღონისძიებები უფრო გააქტიურდეს. როგორიც არ უნდა იყოს მოსავალი, რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს“, - განაცხადა სიღნაღლმა ფერმერმა.