ლარის კურსის რყევაზე მოქმედი ფაქტორები

ლარის კურსის რყევაზე მოქმედი ფაქტორები

ახლად დაფუძნებულმა “ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა“ პირველ სხდომაზე ლარის კურსის რყევის განმაპირობებელი ფაქტორები და ფასებზე მათი ზეგავლენა განიხილა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო პერიოდში ეცემა. წლის დასაწყისთან შედარებით საშუალო თვიური კურსი დოლარის მიმართ დაეცა 2,08%-ით, ხოლო გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2,14%-ით. ამ ფაქტმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პანიკური განწყობილება დათესა, რასაც თავის მხრივ შეიძლება მოჰყვეს ნეგატიური შედეგები და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპი ბოლო პერიოდში შეჩერდა, აღნიშნული ტენდენციის განმეორე და განახლება გამორიცხული არ არის.

სწორედ ეს საკითხი განიხილა თავის პირველ შეკრებაზე, “ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა“, რომლის ჩამოყალიბებაც გაზეთ “ბანკები და ფინანსების“ მიერ იყო ინიცირებული და ჰოლიდეი–ინის საკონფერენციო დარბაზში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს ექსპერტების სიმრავლე აღიზიანებს, ხოლო მეორე ნაწილი მათი სიმრავლითაა შეშფოთებული, ინიციატორებმა ჩათვალეს, რომ ჩვენი საზოგადოების ამ ფენის გარეშე საზოგადოებრივი აზრის სრულფასოვანი ფორმირება შეუძლებელია. ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ განმარტა, რომ არც ერთი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელი თავის თავს ასე არ უწოდებს. ექსპერტი თავისი საქმის და ცოდნის ამა თუ იმ სფეროს ის წარმომადგენელია, რომელიც პრობლემებში ღრმა და საფუძვლიანი წვდომით გამოირჩევა, ასეთ პიროვნებებს ექსპერტებად ესა თუ ის მედიაგამოცემა ან საზოგადოების ნაწილი აღიარებს. მათ გარეშე პრობლემების საფუძვლიანი ანალიზი წარმოუდგენელია. ამიტომ ბერიძის აზრით, ისინი ვინც დამატებით აუნაზღაურებელ საქმიანობას ეწევიან როგორც ექსპერტები, მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. საბოლოო ჯამში, მათგან ვინ არის ღირებული და კომპეტენტური, ამას საზოგადოება განსჯის.

„ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის“ დაფუძნება განპირობებულია იმ ვაკუუმით, რომელიც ეკონომიკური პრობლემატიკის საჯარო განსჯის მხრივ არსებობს. პოპულარული თოქ–შოუები და ბეჭდური გამოცემები ეკონომიკურ პრობლემატიკას ხშირად თავს არიდებენ, როგორც ნაკლებად ეფექტურს ყველაზე ყურებადი “პრაიმ–ტაიმებისა“ და ბეჭდური გამოცემების წინა გვერდებისათვის. ეს ვაკუუმი, მოწოდებულია შეავსოს ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა, სადაც ქვეყნის წამყვანი ეკონომისტები იმ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემის შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან, როგორც შეკრებაზე აღინიშნა,  ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა დაიწყო, ეს ტენდენცია ნოემბერ -დეკემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, ამის პარალელურად წლიური ინფლაციაც, რომელიც III კვარტლის ბოლოს კვარტლის მინიმუმამდე დაეცა, ოქტომბრიდან უკვე ზრდა დაიწყო და ნოემბერში 0%-იანი ნიშნულიც გადალახა.

მართალია, ფასების დონის გაზრდა ეკონომიკისთვის აუცილებელიც კი იყო, თუმცა კურსის ცვალებადობამ გარკვეული დაძაბული ფონი შექმნა, ვინაიდან გასულ წლებში გაცვლითი კურსის რამდენიმე დღეში მკვეთრად შეცვლის  არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

„ფაქტია, რომ კურსის ცვლილება გამოწვეულია უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის ცვლილებით. ამ მხრივ საინტერესოა იმ მაჩვენებლების გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავენ ეროვნულ და უცხოურ ვალუტას შორის თანაფარდობას,“ – აღნიშნა შეკრებაზე ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციცაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, რომელმაც პრობლემის მიმოხილვა შესთავაზა შეკრებილ საზოგადოებას. მან გამოყო შემდეგი მთავარი ფაქტორები:

1) ექსპორტის ზრდა - მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2,306 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 369 მილიონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, ექსპორტის კომპონენტში წელს ქვეყანაში 369 მილიონი დოლარით მეტი შემოვიდა, რაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე დადებითად უნდა ასახულიყო;

2) იმპორტის შემცირება - დროის იგივე პერიოდში 2013 წელს 2012-თან შედარებით 261 მილიონი დოლარით ნაკლები იმპორტი შემოვიდა, ანუ შარშანდელთან შედარებით ქვეყნიდან არ მოხდა 261 მილიონის გადინება;

3) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა - 2013 წლის იანვარ-ნოემბერში უცხოური უნვისტიციები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა, ეს ფაქტორიც ლარის გამყარებაზე უნდა ასახულიყო;

4) მთლიანი საგარეო ვალის ზრდა - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი 2013 წლის პირველ 2 კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1,283 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რამაც უცხოური ვალუტის შემოდინება მკვეთრად გაზარდა და ეს შესაბამისად უნდა ასახულიყო ლარის კურსზე:

5) ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა - 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 80 მილიონი დოლარით მეტი გზავნილი შემოვიდა;

6) დეპოზიტები - 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები 41%-ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი 12%-ით. მსგავს ცვლილებას უნდა შეეცვალა მიმოქცევაში არსებული ფულის სტრუქტურა უცხოური ვალუტის სასარგებლოდ.

ამავე დროს ნოდარ ჭიჭინაძემ ის ფაქტორები გამოყო, რომელთაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე ნეგატიურად უნდა ემოქმედათ:

– სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა - 11 დეკემბრის მდგომარეობით წლის განმავლობაში გამართული სავალუტო აუქციონების შედეგად ეროვნულმა ბანკმა მოახდინა 575 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის შესყიდვა, ხოლო 200 მილიონი კი გაყიდა. საბოლოო ჯამში შესყიდული იქნა 375 მილიონი დოლარი;

– მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ზრდა - 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით მიმდინარე წლის ოქტომბერში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 255 მილიონი ლარით იყო გაზრდილი;

– ეროვნულ ვალუტაში სესხების წინმსწრები ტემპით ზრდა უცხოურ ვალუტაში სესხებთან შედარებით - 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25%-ით მეტი სესხი იქნა გაცემული ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 5%-ით მეტი უცხოურ ვალუტაში, ანუ საკრედიტო დაბანდებების შედეგად ეკონომიკაში ჩაეშვა უფრო მეტი ლარი, ვიდრე უცხოური ვალუტა;

– უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა - 2013 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებული უცხოური ვალუტის რეზერვი 182 მილიონი დოლარით აჭარბებს გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

სხდომის მონაწილე ექსპერტებმა პრობლემის სხვადსხვა ასპექტი გამოკვეთეს. ლია ელიავამ აღნიშნა, რომ ლარის კურსი ბევრად დაბალია, ვიდრე რეალურად ფიქსირდება. ეს არასწორი ფულად–საკრედიტომ და სავალუტო პოლიტიკის შედეგია. ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევის მიზეზი სპეკულაციურია. თუ მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა მკვეთრად და მკაფიოდ არ ჩამოაყალიბა, წინსვლა შეუძლებელი იქნება. მისივე აზრით, საგულისხმოა კიდევ ერთი ტენდენცია – მცირე და საშუალო ინვესტორებმა ქვეყნიდან ფულის გატანა დაიწყეს, წლის განმავლობაში მხოლოდ მათ მიერ 600 მილიონ დოლარამდეა გატანილი. ექსპერტ ვაჟა კაპანაძის აზრის კი ფული იმიტომ გარბის, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვალუტით ვაჭრობა გახდა მომგებიანი. ყველაზე საფრთხილოა, რომ კომერციულმა ბანკებმა და ეროვნულმა ბანკმა ლარის რყევაზე არ დაიწყონ ფულის კეთება, მისი აზრით ნიშანდობლივია, რომ ეროვნული ბანკი პარლამენტში ფაქტობრივად აღარ წარადგენს ფულად–საკრედიტო პოლიტიკას დასამტკიცებლად. ექსპერტ სოლომონ პავლიაშვილის აზრით, ბევრი ინფლაციას ჩვენი ეკონომიკის აღმავლობისთვის აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა, მისი აზრით, ინფლაციამ ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა არ მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება და ეს სახიფათოა. სიტუაციის ანალიზისას ექსპერტმა გოგიტა ცუცქირიძემ ხაზი გაუსვა სხვა ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობასაც. ფაულის ბაზარი საქართველოში დღემდე არ ჩამოყალიბებულა. ფულსა და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის კავშირი არ არსებობს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველო 4.4–ჯერ ჩამორჩება თვით ესტონეთსაც კი.

გადაწყდა, რომ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა ან დოკუმენტი მიღებული არ იქნას. ყველა საყურადღებო მოსაზრება შეაჯეროს მოდერატორებმა და მიაწოდონ პარლამენტისა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს. ექსპერტებმა მიხეილ ჯიბუტმა და ლევან კალანდაძემ ხელისუფლებასა და ექსპერტებს შორის მუდმივი დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითეს. ვაჟა ბერიძემ კი ხაზი გაუსვა, უმწვავეს პრობლემებთან მიმართებაში მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას. მისი თქმით, ხალხმა მაინც ვერ გაიგო, რა მოხდა, რატომ შეცვალა დეფლაცია ინფლაციამ, რას ნიშნავდა ეს დროებითი რყევა და გაუფასურება და რა ზეგავლენას ახდენს ასეთი მერყეობა ფასებზე, ეკონომიკაზე და თითოეულ მოქალაქეზე. „ამ კითხვებს დროდადრო მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს“, –  აღნიშნა მან.