ბიზნესი ხელფასების მორიგ ზრდაზე უარს ამბობს

ბიზნესი ხელფასების მორიგ ზრდაზე უარს ამბობს

ბიზნესი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდას ვეღარ ახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელფასების დონე გარკვეულ მაქსიმუმამდე მივიდა, რისი გადახდაც კომპანიებს შეეძლოთ. თუკი სამომავლოდ ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი ისევ მზარდი ტემპით გააგრძელებენ წინსვლას, შესაძლოა, ეს ანაზღაურების მატებაში ისევ აისახოს.

ელფასების ზრდას გამორიცხავს ჰორეკა სექტორი. როგორც აღმოჩნდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებში ანაზღაურების მატების შესაძლებლობა არ არის. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ ბაზარი გაჯერებულია.

დღეს არსებული ხელფასები იმდენით არის გაზრდილი, ამაზე მეტის საშუალება, არ არის. ბრუნვა, რომელიც სფეროშია, დამსაქმებელს საშუალებას არ აძლევს, დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდოს. დღესდღეობით, ხელფასი მინიმუმ 1200 ლარიდან იწყება, შეფმზარეულზე 5000-6000 ლარზე ადის. თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება, რყევა აღარ იქნება და მუშახელის პრობლემა გადაიჭრება, ანაზღაურების მატებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

უკეთესი მდგომარეობა არც ადგილობრივ წარმოებაშია. ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება რძისა და რძის პროდუქტების კომპანიებშიც. ამის მიზეზად სექტორში წარმოების კუთხით არსებულ პრობლემას მიიჩნევენ.

კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ რეზონანსს განუცხადა, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ისედაც მცირდება ნედლი რძის მოცულობა, მოსახლეობა მსხვილფეხა საქონელს ყიდის, შესაბამისად, მცირდება ბრუნვა, რაც ხელფასების ზრდის საშუალებას არ იძლევა.

დღესდღეობით რძის პროდუიქტების წარმოებაში სერიოზული პრობლემაა, რადგან ირანსა და ბელორუსში დამზადებულ იმპორტირებულ რძის ფხვნილს კონკურენციას ვერ გაუწევთ. ფალსიფიკაცია თუ არ აღმოიფხვრა ქვეყანაში დარგი უკან-უკან წავა და ნედლი რძის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ცხადია, ეს ნეგატიური ვითარება აისახება ხელფასებზეც, კლება გამორიცხულია, როცა უფრო მეტად გვიჭირდა, მაშინაც შევუნარჩუნეთ ანაზღაურება დასაქმებულებს, მით უმეტეს, დღეს მსგავსი საკითხის განხილვა წარმოუდგენელია.

დავაკვირდებით დინამიკას მომავალში და თუკი შესაბამისი რესურსი გამოჩნდება და ინდუსტრიაში არსებული პრობლემაც აღმოიფხვრება, ამას, პირველ რიგში, დასაქმებულები და მომხმარებლები იგრძნობენ, - განაცხადა ბენიაიძემ.

ბოლო პერიოდში საქართველოში ხელფასების მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილი შემოსავლები კომპანიებმა ხელფასების ზრდისკენაც მიმართეს.

 

აღსანიშნავია, რომ თუ ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპს აღემატება, მაშინ ეს დასაქმებულთა მსყიდველუნარიანობას ამაღლებს, ხოლო თუ ფასები შემოსავლებზე სწრაფად იზრდება, ეს პირიქით, მათ მდგომარეობას აუარესებს.

"გალტ ენდ თაგარტის" პროგნოზით, 2024 წელს ხელფასები საშუალოდ წლიურად 10%-ის ფარგლებში გაიზრდება და წლის ბოლოს, საშუალო თვიური ხელფასი, 2000 ლარს გადააჭარბებს. ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად წლიურად 10%-ით იზრდება. სავარაუდოდ, ხელფასების ანალოგიური ზრდის ტემპი იქნება კერძო სექტორშიც.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 13.3%-ითაა შემცირებული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.

ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა 1,559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).