ვადაგასული საკვების რეალიზაციასა და ეტიკეტირების წესის დარღვევის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობა მკაცრდება და მთავრობა ფულადი სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის.
კერძოდ, პარლამენტს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები წარედგინა, რომლის გათვალიწინებითაც, ბიზნესოპერატორის მიერ ვადაგასული სურსათის თუ ცხოველის საკვების რეალიზაცია, გამოიწვევს ფულად ჯარიმას - 500 ლარის ოდენობით.
მთავრობის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვადაგასული პროდუქტი განადგურებას ექვემდებარება, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ დღეს მოქმედ კოდექსში, აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის სანქცია არ არის გათვალისწინებული, კოდექსს 74-ე პირველი პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ფულადი ჯარიმები განისაზღვრება.
პროექტის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით. თუმცა, თუ იგივე ქმედება წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა გასამმაგდება და ის 1200 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფულადი სანქციების დაწესების პარარელურად, კოდექსი იმ ნორმასაც ავადებს, რომლის გათვალისწინებითაც, ვეტერინარი ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობას, 2014 წლის ნაცვლად, 2015 წლიდან განახორციელებს.
აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, ვადის გადაწევის მიზეზი ის ფაქტია, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, რომლითაც აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება.
„2015 წლის იანვრამდე, მთავრობამ საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და და მცენარეთა დაცვის სფროში არსებული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება უნდა უზრუნველყოს“, - აღნიშნულია პროექტში, რომლის ავტორიც სწორედ მთავრობაა.
აღნიშნული პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინა და მისი საკომიტეტო მოსმენა, ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა, საკვების უვნებლობის თაობაზე, გარკვეული რეგულაციების შემუშავების მიზნით, შესაბამისმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე მიმართეს. მათი პოზიციით, საქართველოში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის ნორმები და საკვების ეტიკეტირების წესი ხშირად ირღვევა.