სანამ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების თაობაზე მრავალრაუნდიან შეხვედრებს მართავს, კრემლი სეპარატისტების წასახალისებლად გადაწყვეტილებებს თვალის დახამხამებაბში იღებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმზე გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.
კრემლმა დოკუმენტი აღნიშნული რესპუბლიკების “საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის გამო” სატარიფო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის დასარეგულირებლად შეიმუშავა. ერთი კვირის წინ რუსეთის დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ პუტინის ხელმოწერამაც არ დააყოვნა.
“საკანონმდებლო ცვლილებით”, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში ექსპორტირებისას დაიბეგრება მხოლოდ შაქარი, სპირტი და თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე საწვავიც, თუ დადგენილ მოცულობას გადააჭარბებს. აფხაზეთისთვის ლიმიტი წელიწადში 35 ათასი ტონით, ხოლო სამხრეთ ოსეთისთვის - 50 ათასი ტონით განისაზაღვრა. როგორც ვარაუდობენ, ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა თვითაღიარებულ რესპუბლიკებს საწვავის რეექსპორტის საშუალება წაართვა.
სეპარატისტული წარმონაქმნები რუსეთის მიერ აღიარებამდე, იმ პრეფერენციებით სარგებლობდნენ, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის 1994 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
როგორც რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობს, თავისუფალი ვაჭრობის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტები იმპორტის ბაჟის სახით მნიშვნელოვან წყაროს დაკარგავენ, სამაგიეროდ, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს, რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია თავისუფლად გაიტანონ.
დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკის განმარტებით, დოკუმენტები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ შექმნილი ვითარების შედეგად შეიქმნა, თუმცა მასში კვლავ არ არის ასახული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შაქრის და სპირტის თავისუფალი ვაჭრობის პირობებში იმპორტირება.
ექსპერტების აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეს გარკვეული კომპენსაციაა სეპარტისტული რესპუბლიკებისთვის, რადგან ისინი საბაჟო კავშირში ვერ შედიან. საბაჟო კავშირის სხვა წევრებს - ბელარუსს და ყაზახეთს - მათი დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ოსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აღიარებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს. როგორც აბაშიძემ განმარტა, რუსული მხარის ეს ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა.
„ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფა. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას. შეიქმნა განცხადება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდება”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად გააპროტესტა მოსკოვის გადაწყვეტილება. „შეთანხმება არაკანონიერია, რადგან ეს ოკუპირებული რეგიონებია და მათზე საერთაშორისო კანონები არ ვრცელდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაეთანხმება და რაც ყველაზე მთავარია რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებას ეწინააღმდეგება.