შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების ბაზაზე სპორტული დარბაზი გაიხსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა შენობა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების ფარგლებში, სამაშველო რაზმების მომზადების დონის დემონსტრაციის მიზნით, საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა. სცენარის მიხედვით გათამაშდა ქიმიური ინციდენტი, მიწისძვრის და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები.
სპორტული დარბაზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო. შენობა თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, დარბაზი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებით, შვედური კედლით და საშხაპეებით.
ახლადაშენებული სპორტული დარბაზი დეპარტამენტის პირად შემადგენლობას საშუალებას მისცემს აიმაღლოს და მუდმივად შეინარჩუნოს ფიზიკურ მომზადების მაღალი დონე. აღნიშნული დარბაზით სარგებლობას ასევე შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალური სახანძრო-სამაშველო რაზმის წარმომადგენლები, რომელთა პროფესიული გადამზადება და სერთიფიცირება ეტაპობრივად ხდება სამმართველოს ბაზაზე.