საქართველოს მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესაძლო ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპის სახალხო პარტიამ“ მიაწოდა. for.ge-ს ინფორმაციით, EPP-მ ფარცხალაძის წინააღმდეგ კომპრომატები უმცირესობას, რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
ქვეყნის მთავარი მბრალდებელის წარსულზე კი, თბილისის უფლებამოსულებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ გუშინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით - ყაჩაღური ქურდობისთვის.
უგულავას ცნობით, ფარცხალაძეს ძირითადი სასჯელი პატიმრობა - 1 წელი და 3 თვე მიესაჯა, დამატებითი სასჯელის სახით კი, პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა.
„დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში კი, 2001 წლის 14 მარტს შევიდა“, - განაცხადა უგულავამ, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც, უმცირესობა მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსულების შეჩერებას ელოდება.
დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სერიოზული კითხვა არსებობდა, მათ შორის ციხიდან ვანო მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანასთან და ნატო-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს, 25 ადამიანის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.
„ყაჩაღობა და ქურდობა ძალიან სერიოზული დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს შემთხვევითი დანაშაული არ არის, რომელიც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს მთავრობა სახელმწიფოებრივად შეხედავს და ველოდები, რომ ამ ფაქტის საბოლოო დაზუსტებამდე, ფარცხალაძეს უფლებამოსილება შეუჩერდება. თუმცა, თუ ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა, რა თქმა უნდა, ველოდები იმას, რომ ეს ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება“, - აცხადებს ბაქრაძე, რომლის პათოსსაც მისი თანაგუნდელები - გოკა გაბაშვილი და დავით საყვარელიძე იზიარებენ.
for.ge-სთან საუბარში საყვარელიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძის დატოვება სირცხვილია.
მისი თქმით, როცა მთავარი პროკურორი ობიექტური გამოძიების გარანტია და ის მთავარი ბრალდებელია, ის ყაჩაღობაში მსჯავდებული არ უნდა იყოს.
„ეს შოკური მდგომარეობაა, რაშიც უმრავლესობა იმყოფება. ეტყობა, წუხელ, ბატონ ბიძინას ცხრა საათის შემდეგ ეძინა, რის გამოც, ფარცხალაძის საქმეზე ვერ შეთანხმდნენ. იმედია, მმართველ გუნდში ერთი კაცი მაინც გამოჩნდება ჭკვიანი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს საყვარელიძე, რომლის მსგავსადაც ფარცხალაძის „გერმანულ წარსულზე“ აპელირებს გოკა გაბაშვილი.
დეპუტატის შეფასებით, ქვეყნის მთავარი პროკურორი ყაჩაღობაზე ნასამართლევია და თუ ის თანანმდებობას შეინარჩუნებს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
„თუ უმრავლესობა სიტუაციას „გააპრავებს“, მაშინ ეს თქვან! ფარცხალაძის ყაჩაღობა არ გაქარწყლდება, რადგან ეს მისი დამღაა. ფარცხალაძე ყოფილი ყაჩაღია, რომელსაც ეს ინსტიქტები მოშლილი არ აქვს და ეს მის საქციელს აშკარად ეტყობა. ფაქტია, რომ მმართველი ძალა, ამ ნაყაჩაღარ კაცს იცავს, რადგან ეს არის მათი ინსტრუმენტი ოპოზიციის განადგურების. ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელიც ციხეში მერაბიშვილს „აკაჩავებს“ და ეს ადამიანი მათ სამართალს წარმოადგენს“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.
უმცირესობისგან განსხვავებით, ფარცხალაძის შესაძლო ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციას უმრავლესობა არ ფლობს და ისინი განმარტებების გაკეთებას პროკურატურას ითხოვენ.
ზურაბ აბაშიძეს იმის გათვიცნობიერება უჭირს, რომ შეიძლებოდა ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონოდა.
„მთავარი განმარტება ისევ პროკურატურამ უნდა გააკეთოს, რადგან ეს თემა გასარკვევია. თუმცა, უგულავა აგონიურ ვითარებაშია, რადგან მან მთავარი ბერკეტი - თბილისის მერობა დაკარგა და კომპრომატების მოძიება დაიწყო. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, შესაბამის გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირები მიიღებენ. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამჟამად, ფარცხალაძე სახელმწიფოს ემსახურება და გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში რაღაც შეიძლება ყველას მოსვლოდა“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ, რომლის მსგავსად ფარცხალაძის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს მეორე ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
კობახიძე თვლის, რომ თუ დამატებითი კითხვებია, მას პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.
„დამატებით კომენტარს არ ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ამ განცხადებაში ბევრი რამ საეჭვოა და ეს ის მეთოდია, რითაც ნაციონალებმაც ბრძოლა დაიწყეს. უგულავას ურჩევნია იმ კითხვებს გასცეს პასუხები, რაც გამოძიებას აქვს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის შესაძლო ნასამართლეობაში პრობლემას ვერ ხედავს მესამე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თავადაც ნასამართლევი არის.
დეპუტატის მოსაზრებით, უგულავას მოსაწონი პროკურორი არ დაინიშნება.
„უგულავას სერიოზული პრობლემები აქვს და ის კომპრომატების ომზეა გადასული, რაც გასაგებია. რომ გითხრათ, მას თანავუგრძნობ, ეს ტყუილი იქნება. მართალი გითხრათ, ძალიან მაინტერესებს სად წავიდა 49 მლნ ლარი. რაც შეეხება ფარცხალაძეს, თუ კანონი არ ირღვევა, ფარცხალაძის თემა საფუძველს მოკლებულია. თუმცა, თუ მასთან დაკავშირებით წარდგენილია ყაჩაღობის მუხლი და თუ მას კაცი ჰყავს მოკლული, მაშინ სხვა ტიპის განაჩენი დადგებოდა. თუ 12 წლის წინ რაღაც მოხდა, ეს უგულავას ვერ უშველის“, - აღნიშნავს ძიძიგური.
ძიძიგურის მსგავსად, მთავარ პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძის ყაჩაღად შერაცხვა მიზნად მისი თანანმდებობიდან ჩამოშორებას ისახავს.
პოლიტიკოსებისგან განსხავავებით კი, საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლობა თუ დადასტურდება, მაშინ იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
მისი მოსაზრებით, ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა სამართლებრივად კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, საზოგადოების ნდობაზე მთავარი პროკურორის ნასამართლობის საკითხი დადებითად ვერ იმოქმედებს.
იქედან გამომდინარე, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებაშია, რას ფიქრობს ის ფარცხალაძის საქმეზე, უცნობია, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრს მოუწევს, რადგან მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.