მართლის თქმა სჯობს არათქმასა..

მართლის თქმა სჯობს არათქმასა..

მე მეამაყება, რომ 2004 წლის 15 იანვრიდან 20 სექტემბრამდე გახლდით ქ.თბილისის პროკურორი. ამ პერიოდში მრავალმა უსამართლობით შეწუხებულმა თბილისელმა იპოვა სამართალი. მრავალი მოქალაქე მოდიოდა ჩემთან მიღებაზე. არათბილისელები ითხოვდნენ, რომ საქმე წამოეღო ქ.თბილისის პროკურატურას. მრავალი ადამიანი ცრემლიანი თვალებით იხდიდა მადლობას სამართლიანი და პატიოსანი გადაწყვეტილების გამო. მადლობას მიხდიდა არა მარტო მე, არამედ ხელისუფლებას, რადგან პროკურატურის მუშაობა სამართლიანობის აღდგენის საქმეში ხელისუფლების სახეს წარმოაჩენს. მეამაყება, რომ მითითებულ პერიოდში ქ.თბილისის პროკურატურას არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინც დასასჯელი იყო წარედგინათ შესაბამისი ბრალდებები, ხოლო მრავალი პირი, რომლებიც უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ეს ხდებოდა მანამდე, სანამ დაიწყებოდა სამართლის სარკის გამრუდება.

ძალიან ძნელია და თითქმის გმირობის ტოლფასია, იმ ადამიანების მიმართ გამოძიების წარმოება, რომლებსაც გააჩნიათ ძალიან დიდი ფული და გავლენა. სწორედ ასეთი ადამიანები იყნენ და არიან მამალაძე, მოლაშვილი და სხვები, რომელებიც ჩემი ქ.თბილისის 8 თვიანი პროკურორობის დროს მიეცნენ პასუხისგებაში. ისინი დღემდე ჩემს მიმართ მიმართავდნენ შავ პიარს, არ იშურებენ ფინანსებს, პერიოდულად მომიკითხავენ აშკარად ცილისმწამებლური შინაარსის წერილით თუ სატელევიზიო განცხადებით. ერთ-ერთი გაზეთი, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 8 თვის მანძილზე ყოველ ნომერში მიძღვნიდა ცილისმწამებლურ სტატიას. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, გამიზნული ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვისაკენ. ამ გაზეთმა დაიქირავა საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები და აქეთ მიჩიოდა სასამართლოში, თითქოს მე შევლახე მათი ღირსება და პატივი, ვინაიდან თურმე მე მათთვის მითქვამს, რომ ამ გაზეთს დავხურავდი. გაზეთის მესვეურები თვითონ იგონებდნენ ჩემს გამონათქვამებს და შემდეგ თვითონვე პასუხობდნენ. მე, როგორც საჯარო მოხელემ, მით უმეტეს პროკურორმა, ვიცი, რომ გამაჩნია თმენის ვალდებულება, დღემდე არ მიპასუხია არცერთი მათგანისათვის, მაგრამ ბოლო პერიოდში მამალაძე-მოლაშვილის ტანდემი არ ჩერდება, კვლავ აგრძელებენ ჩვეულ ცილისწამებას, რის გამოც გადავწყვიტე ზოგიერთ ცილისმწამებლურ წერილს ვუპასუხო.

ბოლო პერიოდში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების სურვილი გამოთქვა ქ.თბილისის პროკურატურის მიერ 2004 წელში კორუფციული დანაშაულისათვის ბრალდებულად შერაცხულმა პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის ქვემო ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 17 წლის თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მამალაძესა და სხვა ყოფილ ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ სამართლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის ოცნების აღსრულება, იქნებოდა მათთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ლ. მამალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იწყებდა „ბრძოლას“ ამ მიზნის მისაღწევად. ბრძოლის დაწყებად, როგორც ჩანს, უნდა ჩაითვალოს პრესითა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს ამ ყოფილ ჩინოვნიკს არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული, მათ შორის არც ის, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. საზოგადოების ამ მიმართებით გაბითურების მცდელობაა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ 2013 წლის 26 თებერვალს გამოქვენებული წერილი „ახალი და სკანდალური დეტალები ლევან მამალაძის საქმეში“. ეს წერილი ეძღვნება სასამართლოს მიერ დადასტურებული ფაქტის უარყოფას იმის თაობაზე, რომ 2001-2003 წლებში რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი ვლადიმერ კოკაია თავის მძღოლს კობა ბექაურს ყოველთვიურად ატანდა გარკვეულ თანხას, ლ. მამალაძის, მისი დედისა და მეუღლის ანგარიშზე განსათავსებლად. ამ პერიოდში ანგარიშებზე განთავსებულმა თანხამ შეადგინა შვიდასი ათას ლარამდე. ეს თანხა მამალაძემ რამდენიმე დღეში გახარჯა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოგზაურობისას. გამოძიებამ ვლადიმერ კოკაია და ლევან მამალაძე ვერ დაკითხა, ვინაიდან ისინი მიიმალნენ და მათზე გამოცხადდა ძებნა. გამოძიება რომ ეძებდა კობა ბექაურს გაარკვია, რომ საქართველოში სულ 11 კობა ბექაური იყო. მათგან ერთ-ერთი მუშაობდა კოკაიას მძღოლად. ის მოყვანილი და დაკითხული იქნა. მძღოლმა კობა ბექაურმა გამოძიებას მისცა გულწრფელი ჩვენება და დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.

კოკაიას კობა ბექაური თვალით არ მინახავს, არ ვიცი როგორ გამოიყურება. მე წავიკითხე მხოლოდ მისი ჩვენება და კარგად მახსოვს გამომძიებელმა ბარბაქაძემ გულწრფელი ჩვენებისათვის ჩემთან შეაქო ის და ითხოვა რომ არ მიცემულიყო პასუხისგებაში. გადაწყდა, რომ ბექაურს არ წარდგენოდა ბრალდება და არ მიცემულიყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ადვოკატ ნონა ფილაურის განცხადება, თითქოს მე ბექაურს დავემუქრე „პადვალში“ ჩაგდებით და სხვა უმსგავსო საქციელით სრული აბსურდია. ამ ადვოკატის განმარტებით, ამჟამად ბექაური თურმე ადასტურებს თანხების მამალაძის ანგარიშზე განთავსებას, მაგრამ განმარტავს თითქოს ყოველი თვის ბოლოს მამალაძე იბარებდა მას, როგორც საგადასახაო ინსპექციის უფროსის მძღოლს და აძლევდა გარკვეულ თანხას, რაც შექონდა მამალაძის ანგარიშზე. რატომ გონია ამ ადვოკატს, რომ ასეთ აბსურდს ვინმე დაიჯერებს. კი მაგრამ მამალაძეს ხომ ყავდა თავისი მძღოლი და თანამშრომლები. ყოველი თვის ბოლოს რატომ იბარებდა სხვის მძღოლს, თავის მძღოლთან და თანამშრომლებთან გაბუტული იყო? ისე ამ ადვოკატის გასაგონად ვიტყვი, რომ სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები, პოლიციელები, პროკურორები, მოქალაქეთა დროებით დაკავების საკანს, უწოდებენ „კაპეზეს“ ან „საკანს“ და არავითარ შემთხვევაში `პადვალს“. სიტყვა „პადვალი“, როგორც ჩანს, მისი პირადი ლექსიკონიდანაა.

კ. ბექაურის ადვოკატი განმარტავს, რომ ამ საქმის სასამართლო პროცესი გამართულა 2006 წელში, რა დროსაც მას ორჯერ მიუცია ჩვენება სასამართლოსთვის. მე მხოლოდ 2004 წელში 8 თვე ვიყავი ამ საქმის საპროცესო ხელმძღვანელი. ბექაური თვალით არასოდეს მინახავს. მათი სიტყვებიდან გამოდის, რომ 2004 წელში ჩემი ისე შეეშინდა, რომ გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელთან და მოსამართლესთან 2006 წელში ე.ი. სამი წლის შემდეგ იგივე ჩვენება გაიმეორა, რომლითაც ამხელდა კოკაია-მამალაძეს ქრთამის აღებასა და მიცემაში. კ. ბექაურის განმარტებით, ქალაქის სამმართველოს შენობაში, როდესაც ჩემი ოთახიდან გაიყვანეს, აიყვანეს ერთი სართულით მაღლა, სადაც სხვადასხვა ოთახებში აყენებდნენ შეურაწყოფას. ქალაქის პროკურორის კაბინეტი იყო სამმართველოს შენობის მეათე სართულზე, ერთი სართულით მაღლა ანუ მეთერთმეტე სართულზე, არ იყო არავითარი კაბინეტები, არამედ იყო დიდი სააქტო დარბაზი. ქალაქის პოლიციის შენობა, საბედნიეროდ, ახლაც თავის ადგილზე დგას და ეს ფაქტი ყველას შეუძლია შეამოწმოს. ქალბატონო ადვოკატო, თუ გსურთ რომ თქვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეცვალოს ჩვენება, ეს თქვენი უფლებაა. თუ უკვე აღარ გეშინიათ კანონის, შეცვალეთ ჩვენება, მაგრამ სულ მცირეოდენი ნამუს-სინდისი ხომ უნდა გქონდეთ, რომ თქვენს კოლეგას არ დააბრალოთ მისთვის შეუფერებელი საქციელი.

იმ პერიოდში, როდესაც ბექაური ყოფილ გუბერნატორ მამალაძის ანგარიშზე ასეულ ათასობით ლარს ანთავსებდა, მე როგორც პროკურატურის მუშაკს მრავალ ათეულ თვითმკვლილობის შემთხვევაზე მიწევდა გასვლა. გაჭირვებული, უქონელი, უმუშევარი და მომავლის რწმენადაკარგული ადამიანები თვითმკვლელობით ამთავრებდნენ სიცოცხლეს, ხტებოდნენ მაღალსართულიანი სახლის სახურავებიდან, ხიდებიდან, ხშირი იყო თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით. ერთ-ერთ შემთხვევაზე აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდა კაცი იყო გარდაცვლილი. მას ჯიბეში აღმოაჩნდა წერილი, სადაც აღწერდა თავის უკიდურეს გაჭირვებას, მიუთითებდა რომ მას არ აძლევდა თავმოყვარეობა მათხოვრობის უფლებას. ჭირდებოდა სულ რამდენიმე ლარი, რომ ვლადიკავკაზში სამუშაოდ წასულიყო, მაგრამ სამგზავრო ფული ვერ იშოვა. მაშინ, როდესაც 15-20 ლარის უქონლობის გამო, უფრო სწორედ იმედის გადაწურვის გამო, ახალგაზრდა ადამიანები თბილისში თვითმკვლელობით ამთარებდნენ სიცოცხლეს, ეს იმედი ვისაც უნდა შეექმნა, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები თავისთავს უფლებას აძლევდნენ რამდენიმე დღეში საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაეხარჯა 700 ათასი ლარამდე. ჩემთვის გასაგებია, რომ დიდმა ფულმა შეიძლება შედეგი გამოიღოს და ლევან მამალაძეს შეიძლება მართლაც მისცენ პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მაგრამ სანამ თეთრ ცხენზე ამხედრდებოდეს, კარგად დაფიქრდეს, რომ არ შეიძლება იმ სახელმწიფო მოხელეების, ამ შემთხვევაში პროკურორისა თუ გამომძიებლის ლანძღვა და მუქარა, რომლებიც თავის მოვალეობას კარგად ასრულებდნენ.

ლ. მამალაძის მიმართ საქმის გამოძიებისას, იმ პერიოდში გამოძიება განიცდიდა გარკვეულ ზეწოლებს. განსაკუთრებით ეს ზეწოლა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე ქ.თბილისის პროკურორის პოსტი. დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამ საქმის გამომძიებელი ამირან ბარბაქაძე, რომელიც იყო უაღრესად პროფესიონალი, გონიერი, უშიშარი და ვაჟკაცობით გამორჩეული კაცი. ბარბაქაძე ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ აიძულებდნენ ლ.მამალაძის მიმართ აღძრულ საქმის შეწყეტას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახის განადგურებით, მაგრამ ის პრინციპულად მოიქცა და საქმე მაინც არ შეწყვიტა. ვარაუდობდა, რომ ამ საქმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან და წუხდა, რომ საქმიდან მტკიცებულებებს ამოიღებდნენ. ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ საქმე შემდგომი გამოძიების საწარმოებლად წამოიღო გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. როგორც ჩანს, ბატონმა ამირან ბარბაქაძემ ამდენ მუქარასა და უსამართლობას ვერ გაუძლო და მალე ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა.

კოკაიას კობა ბექაური, ანუ მძღოლი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნამდვილად არასოდეს მინახავს, რასაც ვერ ვიტყვი სულხან მოლაშვილის აპარატის უფროსზე გაგა ხვედელიძეზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება იცვლებოდა და ყალიბდებოდა ახალი მთავრობა, გაზეთ „ასავალ დასავალმა“ ნოემბრის სამ ნომერში, ამ ფაქტს დაამთხვია სულხან მოლაშვილის, გაგა ხვედელიძის და ლევან მამალაძის ჩემთვის ღირსების შემლახავი ინტერვიუები. მათი ინტერვიუს მიზანი ჩემთვის გასაგები იყო. მე გამაოცა მათი უსინდისობის ზღვარმა.

თურმე სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ჩემთან მიმართებაში სამივე ინტერვიუ თითქოს ერთი ადამიანის ნააზრევი იყო, მხოლოდ ტყუილი და შეურაცხყოფა. თითქოს ვურეკავდი ტელეფონით მათ ოჯახებს და ვაწიოკებდი, ამასაც არ ვჯერდებოდი და ვავალებდი სხვებს, რომ დაერეკათ მათ ოჯახებში და დაეწიოკებინათ. დიდი გამომძიებლობა, ან პროკურორობა არ ჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს წერილები იყო შეკვეთილი და შესრულებული ერთი ადამიანის მიერ.

ლ. მამალაძის შესახებ ნაწილობრივ ვისაუბრე. რაც შეეხება კონტროლის პალატის ყოფილ აპარატის უფროსს გაგა ხვედელიძეს, ეს ახალგაზრდა კაცი მთლად ჯანმრთელად არ უნდა იყოს. მაბრალებს თითქოს მე დავაპატიმრე. „ჯერ ბრალი შემითითხნა და მერე წუხდა ამაზეო“ - ამბობს ის თავის ინტერვიუში. მე ახლაც ვწუხვარ თუ ის დააპატიმრეს, მაგრამ მის დაპატიმრებასთან მე არაფერი მაქვს საერთო. მე არავისთან მაქვს ბოდიში მოსახდელი. ჩემი ხელმძღვანელობით მრავალი ადამიანი დაპატიმრებულა, თვითოეულ მათგანზე პასუხს ვაგებ, რამეთუ ყველა ისინი დაპატიმრებულნი იქნენ კანონიერების სრული დაცვით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაგა ხვედელიძე ჩემს მიერ ან ჩემი ხელმძღვანელობით დაპატიმრებული არ ყოფილა. 2004 წლის 20 სექტემბერს გამათავისუფლეს ქ.თბილისის პროკურორობიდან, გაგა ხვედელიძე კი, როგორც თვითონ წერს, დაუპატიმრებიათ 2005 წლის 25 აგვისტოს, ე. ი. თერთმეტი თვის შემდეგ. ამ პერიოდში მითითებულ საქმესთან არავითარი კავშირი არ მქონია და ბუნებრივია მას ვერ დავაპატიმრებდი. მაშინ რატომ მაბრალებს ასე ჯიუტად თითქოს მე დავაპატიმრე. პასუხი ელემენტალურია, სავარაუდოდ ასრულებს თავისი ყოფილი უფროსის ს.მოლაშვილის დავალებას. სხვა მხრივ კაცი 7 წელი იჯდეს ციხეში და ვინ დააპატიმრა არ იცოდეს ძნელი წარმოსადგენია.

2004 წლის ივნისის თვეში გენერალურ პროკურორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი. ამ პერიოდში ქალაქის პროკურატურას უკვე დაპატიმრებული ყავდა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი და საქმეზე მიმდინარეობდა საფინანსო-დოკუმენტური რევიზია. ადეიშვილმა სხვა საქმეებთან ერთად მოისმინა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის საქმე და გასცა ზეპირი განკარგულება, რომ კონტროლის პალატაში, როგორც მისი აზრით ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურაში, სამაგალითოდ მოგვეხდინა ყველა ხელმძღვანელი მუშაკის დაპატიმრება. ბრძანება იყო აშკარად უკანონო, ვინაიდან ადამიანის დაპატიმრება შეიძლება კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო და არა ასე ბითუმად, ვიღაცის, თუნდაც უმაღლესი საპროცესო ხელმძღვანელის ბრძანებით. ადეიშვილს მოვახსენე, რომ პირადად ვნახე და ვესაუბრე კონტროლის პალატის თითქმის ყველა ხელმძღვანელ პირს, ასევე რევიზორებს. კონტროლის პალატის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი და რევიზორი თანახმა იყო მოეცათ წერილობითი ჩვენებები მათი ხელმძღვანელის კორუფციული საქმიანობის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი მიუთითებდნენ იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს, საიდანაც ათეულ და ზოგიერთ შემთხვევაში ასეულ ათასობით დოლარი მიედინებოდა კონტროლის პალატაში. ადეიშვილს ასევე მოვახსენე, რომ თუ სურდა კონტროლის პალატის ხელმძღვანელი პირისათვის წაგვეყენებინა ის ბრალდება, რასაც ის იმსახურებდა, არ შეიძლებოდა მისი (ადეიშვილის) ბრძანების შესრულება. ამ საკითხზე მე და ადეიშვილი ვერ შევთანხმდით. ყოველ შეხვედრაზე ის მოითხოვდა მისთვის დამეჯერებინა. ამ ფაქტიდან ორი თვის შემდეგ გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგ ერთად დაკავეს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი მუშაკები. შედეგი კი ის გახლდათ, რომ არცერთმა კონტროლის პალატის მუშაკმა გამოძიებას აღარ მისცა ჩვენება მოლაშვილის წინააღმდეგ. ვერ ამხილეს მოლაშვილი კორუფციულ დანაშაულში და დარჩა მოლაშვილს ძველი ბრალდება, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ქვია. კონტროლის პალატის ყოფილი აპარატის უფროსი გაგა ხვედელიძე თავის ინტერვიუში კი აცხადებს „ტყუილს არ ვიკადრებო“ და მე მაბრალებს თავის დაპატიმრებას. ვფიქრობ უზნეობაა მისი საქციელი.

სულხან მოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა 2004 წლის აპრილის დასაწყისში. იმ პერიოდში მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გადაწყდა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხის, ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ცარიელ ბიუჯეტში, გადახდის შემდგომ, მას შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება. დეტალებში მოსალაპარაკებლად გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად ვიმყოფებოდი N7 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ჩვენს შორის მოლაპარაკება შედგა. ვისარგებლე შემთხვევით და სულხან მოლაშვილს შევეკითხე: სულხან თქვენ სავარაუდოდ ხვალ გადიხართ, რომ ამბობთ „კაპეზეში“ ყოფნისას გაწამეს, ეს ხომ აშკარად ტყუილია. ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ არავის არ უწამებიხართ. უფრო მეტიც, ორი პოლიციის პოლკოვნიკი, თქვენი ძმა და თქვენი ოჯახის ახლობელი - მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსი პაატა ჟღენტი ერთი წუთით არ მოგცილებიან. მათ მთელი ღამე თქვენთან ერთად გაატარეს. „კაპეზეში“ სულ 3-4 საათი იყავი, იქაც შემოგყვნენ ეს ორი პოლიციის პოლკოვნიკი. კარგად რომ გეგრძნო თავი პაატა ჟღენტმა თავისი მძღოლი გააგზავნა სახლში და მოგიტანა ყველაზე საუკეთესო ბალიში და მატრასი. ამ „კაპეზეს“ ისტორიაში თქვენზე კარგად არავის არ მოქცევიან და რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რატომ იტყუებით? გთხოვ, კაცურად მითხარი სიმართლე და თუ ციხეში ვინმემ შენზე აღმართა ხელი, პირობას გაძლევ ის დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. სულხან მოლაშვილმა გაიცინა და მიპასუხა, „მე იურისტი ვარ, რევოლუციის შემდგომ მე ვიცოდი რომ აუცილებლად დამიჭერდით, დავწერე განცხადება გადადგომაზე და ველოდებოდი დაპატიმრებას, გავშიფრე ყველა მანქანა, რომელიც ჩუმად დამყვებოდა. მივხვდი, რომ კონტროლდებოდა ყველა ჩემი გადაადგილება. თქვენ ელოდებოდით ახალი პარლამენტის შეკრებას, რომელიც ჩემს განცხადებას დააკმაყოფილებდა და მომიხსნიდა კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის განკუთვნილ იმუნიტეტს. მრავალი შანსი მქონდა, რომ ქვეყნიდან გავქცეულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. საკმაოდ დიდი დრო მქონდა პარლამენტის შეკრებამდე. ამ პერიოდში თერმულ დამწვრობაზე წავიკითხე მრავალი ლიტერატურა, ველაპარაკე ექსპერტებს და გავარკვიე, რომ თერმული დამწვრობიდან თუ გავიდა ერთი თვე, ექსპერტი კი არა ეშმაკი ვეღარ გაიგებს რისგან შეიძლებოდა მისი მიღება. გავიდა ერთი თვე და საქვეყნოდ ვყვირი მაწამესო. აბა თუ კარგი ბიჭები ხართ დამიმტკიცეთ, რომ არავის ვუწამებივარ. ვის უფრო დაუჯერებს საერთაშორისო საზოგადოება. ადრე პრეზიდენტზე ვთქვი, თითქოს მან მომაყენა დაზიანება, მაგრამ ხალხმა არ დაიჯერა. ხვალ რომ მიშვებ ამიტომ დიდ შარს გადარჩი, თორემ შენზე ვაპირებდი დაბრალებასო. მე დაგაბრალებდი და მერე აღარ ექნებოდა მნიშვნელობა თავს როგორ გაიმართლებდი“. ეს რომ მითხრა გაოცებულმა შევხედე სახეზე. მეც ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ ისე გაბოროტებული, ეშმაკისეული თვალები ჰქონდა, რომ მისთვის არაფერი მითქვამს. ის, რომ არ მოხერხდა მეორე დღეს მოლაშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, ჩემი ან პროკურატურის ბრალი არ იყო. მოლაპარაკების პირობები მისმა ოჯახობამ დაარღვია და ტყუილად იშვერს ჩემსკენ ხელს. ამ საკითხის სხვა დეტალებზე აღარ შევჩერდები.

სულხან მოლაშვილმა თავისი ბოროტი ჩანაფიქრი მაინც განახორციელა. 2012 წლის 28 სექტემბერს მე-9 არხის ეთერში საფრანგეთიდან ჩაერთო და განაცხადა. თითქოს მას რომ აწამებდნენ თვალები ჰქონდა ახვეული, მაგრამ ადეიშვილის, ბოკერიას და ჩემი ხმა იცნო. თითქოს ჩვენ ერთად ვიდექით და ვსაუბრობდით. 2004 წლის აპრილში კი არა, პირადად ბოკერიას დღემდე არ ვიცნობ, ხოლო ადეიშვილი გავიცანი მაშინ, როცა გენპროკურორად დაინიშნა 2004 წლის ივნისში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ზოგიერთი ადამიანი ვინც მოლაშვილის ეს სისულელე დაიჯერა ან ვითომ დაიჯერეს.

2013 წლის 23 ნოემბრის ინტერვიუში მოლაშვილმა განაცხადა თითქოს მის წამებაში უშუალოდ ბოკერიასთან ერთად ვმონაწილეობდი. მან შეასრულა დანაპირები, იმ განზრახვით, რომ ხალხმა თუ დაიჯერა მისი წამების ფაქტი,დაიჯერებს სხვა სისულელესაც.მოლაშვილის წამების ფაქტზე აღძრულ საქმით დადასტურდა რომ იმ გარემოებებში არ მომხდარა მისთვის დაზიანების მიყენება როგორც ის აღწერს, მაგრამ როგორ მიიყენა ამ მატყუარა კაცმა დაზიანება გამოძიებამ ვერ დაადგინა.

მე ჩემი პროკურატურაში მუშაობის 22 წლის მანძილზე, ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობის, ობიექტურობისა და დაზარალებულის უფლებების დასაცავად, მოლაშვილმა რაც არ უნდა სისულელეები მოიგონოს მთავარია, აღარ დაბრუნდეს მისი ბინძური ეპოქა.