კითხვები უშიშროების საბჭოს შესახებ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

კითხვები უშიშროების საბჭოს შესახებ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს. ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შეიქმნა.

ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აღარ გაუწევს ერთგვარ კურირებას უსაფრთხოების სექტორს და ის მხოლოდ ორიენტირებული იქნება თავდაცვის სფეროზე. „ის რჩება როგორც მთავარსარდალი და კურირებას უწევს თავდაცვის საკითხებში მთელ რიგ პროცედურებს“. შესაბამისად, იკვეცება ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებიც. რა მემკვიდრეობა მიიღო უშიშროების ყოფილი მდივნისგან ახლადდანიშნულმა ირინა იმერელიშვილმა და როგორ განისაზღვრება უფლებაშეკვეცილი უშიშროების საბჭოს მომავლი კომპეტენცია, ამ თემაზე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გვესაუბრება.

ქალბატონო ირინა, უკვე ერთი თვეა ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდექით, შეგიძლიათ მოკლედ გვითქხრათ, რა მემკვიდრეობა დაგიტოვათ უშიშროების ყოფილმა მდივანმა?

- უშიშროების საბჭოს მუშაობას არეგულირებს ორგანული კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ. უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძალოვანი მინისტრები, ასევე პრემიერ-მინისტრი. ახლა უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებები შედის, ვინაიდან ახალი კონსტიტუციაა ძალაში შესული პრეზიდენტი აღარ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭო, მისი აპარატი, ფუნქციონირება და უფლებამოსილებები საჭიროებს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

თუმცა საუბარია იმაზეც, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის პარალელურად შესამჩნევად იზღუდება უშიშროების საბჭოს ფუნქცია და უფლებამოსილებები...

- უშიშროების საბჭოს ფუნქცია კონსტიტუციის შესაბამისად, ახლებურად განისაზღვრება. უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება იზღუდება - მთლად სწორი ნათქვამი არ არის. ვინაიდან ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილება სხვანაირად არის განსაზღვრული, შესაბამისად, უშიშროების საბჭო გახლავთ სწორედ პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და ცხადია, უფლებამოსილებები უნდა იყოს გადანაწილებული მთავრობასთან, რომლის მეთაურიც გახლავთ უკვე პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად პრეზიდენტისა.

ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით იმ პერიოდში, როდესაც მას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ის ფინანსები, რასაც ეს უწყება ხარჯავდა, საუბარი იყო ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. ირღვეოდა თუ არა კანონი ამ შემთხვევაში?

- ეს ჩემი შესასწავლი საკითხი ნამდვილად არ არის და რამდენადაც ვიცი, პროკურატურა დაინტერესებულია ამ მასალებით. აღნიშნულ საბუთებს სწორედ პროკურატურა შეისწავლის.

2013 წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი გახდა უკვე 1,8 მილიონი, ნაცვლად 26 მილონზე მეტი ლარისა. საგარეო დეპარტამენტის სახით, უშიშროების საბჭოს ძირითადი ფუნქცია მართლაც ლობისტურ კომპანიებთან საქმიანობა იყო. ეს დებულებაშიც ეწერათ და ოფიციალურად ევალებოდათ.

როგორ იხარჯებოდა და რამდენად სწორად ეს თანხები, ამას უკვე პროკურატურა გვეტყვის.

რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ გიგა ბოკერია გახლდათ უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც პროკურატურამ ეს საქმეები გაითხოვა. ამის შესახებ რამდენიმეჯერ ყოფილმა პრემიერმაც გააკეთა განცხადება, მეტს ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, საუბარი იყო გაბერილ კადრებზე არაკომპეტენტურობაზე და .. ამის თაობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- გაბერილი კადრები ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ მდივნის ჩათვლით, სულ 38 ადამიანია უშიშროების საბჭოში. დებულებით იყო გაწერილი ვის რა ევალა - 4 მოადგილე ჰყავდა მდივანს.

მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდა და ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, საბჭოს მდივანმა და მოადგილეებმა დაწერეს განცხადება გადადგომის თაობაზე. ახლა გამოცხადებულია რეორგანიზაცია უშიშროების საბჭოს აპარატში და აუცილებლად მოვერგებით იმ ფუნქციებს, რომელსაც განგვისაზღვრავს კანონი.

გარდა იმისა, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქციები კანონმდებლობით რეგულირდება, ვიცით რომ ამ უწყების ძირითადი ფუნქცია იმ კრიზისებისა და საფრთხეების განსაზღვრა, ანალიზი და პრევენცია იყო, რაც მოსალოდნელი იყო - ეს ეხება ეკონომიკურ, ბიო, ენერგეტიკულ თუ საგარეო საფრთხეებს. თქვენ, ალბათ, გქონდათ შესაძლებლობა, გადაგეხედათ უკვე ჩატარებული სამუშაოსთვის. თქვენი შეფასებით, ასრულებდა უშიშროების საბჭო საკუთარ ფუნქციას თუ მართლაც მხოლოდ უცხოეთში ნაცმოძრაობის პიარით იყო დაკავებული ?

- საუბარია დახურულ დოკუმენტებზე, რომელზეც ღიად საუბარი არ შემიძლია, ეს დოკუმენტები დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელიც ამ სფეროებსაც ეხებოდა.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მომავალ ფუნქციებს, რა რჩება მის კომპეტენციაში?

- კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც იქმნება თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობისათვის. ასეთია ჩანაწერი კონსტიტუციაში და შესაბამისად, კანონიც ამ ფუნქციებს იქნება მორგებული.

სწორედ ამ ყველაფრის შესაბამისად იქნება რეორგანიზებული ჩვენი აპარატი და ამ ფუნქციებს მოერგება.

ლაპარაკია, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილება, მათ შორის, ამ სფეროშიც, ვინაიდან პრეზიდენტი აღარ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.

ყოველდღიური მენეჯმენტი, შესაბამისად, ის კრიზისოთახიც, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა და აქამდე მუშავდებოდა როგორც უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია, დღეს ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, არის უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება.

ანუ მარტივად, რა ფუნქციას ასრულებს უშიშროების საბჭო?

- ეს არის სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის ორგანიზება.