2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 123 816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. განსაკუთრებით გააქტიურებულია საჰაერო მიმოსვლა და საქართველოს აეროპორტები დიდი დატვირთვით მუშაობენ.
საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42 905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია. ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ 2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
„პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინი წლევანდელ წელთან დაკავშირებით, პროგნოზი რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა და სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ჩვენ შევხედავთ მესამე კვარტლის ბოლოს, რა ციფრებს მივიღებთ.
ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ტრენდი ამას აჩვენებს. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით რომ ვისაუბროთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღსანიშნავია ევროპის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან ზრდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან თითქმის 40%-იანი მატებაა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ეს სწორი პოლიტიკის გატარებით მიიღწევა, რაც გულისხმობს ბაზრის დივერსიფიკაციას, ავიარეისების დამატებას, სიხშირეების გაზრდასა და სწორ მარკეტინგულ კამპანიებს“, - განაცხადა ომიაძემ.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლააა. წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 30%-ით აღემატება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.
„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და ა.შ.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს, მისი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე,“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33% შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 20%.
სეზონთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ ტურიზმის სფეროს სპეციალისტებს. როგორც ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა, საქართველოს მთას და ზღვას წელს ტურისტები არ მოაკლდება. მანვე აეროპორტების დატვირთულობაზე გაამახვილი ყურადღება.
„ქუთაისის აეროპორტი გაცილებით მძლავრად მუშაობს, ვიდრე შარშან მუშაობდა. თბილისის აეროპორტსაც ეტყობა წინსვლა. თბილისიდან არ დაფრინავენ დაბალიუჯეტიანი კომპანიები, მაგრამ მაინც გაცილებით მეტია მგზავრი. წელს, თბილისის აეროპორტი, ალბათ, 6 მილიონზე ავა, ქუთაისის აეროპორტმა კი შესაძლოა, 2 მილიონსაც მიაღწიოს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო რეისი.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაინც გარანტირებულად გეტყვით იმას, რომ წლის ბოლოსთვისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაცილებით გადააჭარბებს შარშანდელ შემოსავალს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.