„ფობიებით შეპყრობილი, მატყუარა სევდია - ქალბატონი სევდია!!!“ - ასე ეხმაურება საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-მერის- სევდია უგრეხელიძის განცხადებას, თითქოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერი მას დაემუქრა.
For.ge-სთან საუბრისას კოკა ყანდიაშვილი რამდენიმე დღის წინანდელ მოვლენებს იხსენებს: „თითქმის, უკვე, მთავრდებოდა მთავრობის სხდომა და ერთ-ერთი ბოლო საკითხი დღის წესრიგში გიგი უგულავას უნდა გამოეტანა. ამ დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ითხოვა შემოვიდეს უგულავაო. იღება კარი და შემოდის ქალბატონი სევდია, რამაც ყველას გაკვირვება გამოიწვია, რადგან მთავრობის წევრები გიგის ელოდნენ.
პრემიერმა მას მიმართა კითხვით, - „ქალბატონო სევდია, თქვენ რატომ გამოგაქვთ ეს საკითხი - მერის მოვალეობას ასრულებთო?“ რაზეც სევდიამ მიუგო - „თქვენი განცხადება მუქარას ჰგავს?“ -
ამან გარკვეული მხიარულებაც კი გამოიწვია მთავრობის სხდომაზე. პრემიერმა ხუმრობით უპასუხა: - „მუქარა რა კავშირშია ჩემს კითხვასთან? ისე კი, სიამოვნებით გიხილავდით მერის თანამდებობაზეო...“ ამან კიდევ უფრო მეტი მხიარულება გამოიწვია. ქალბატონი სევდიაც უბედნიერესი ჩანდა. საკითხი განიხილა მთავრობამ და დაამტკიცა“, - აღნიშნა კოკა ყანდიაშვილმა.
მისივე თქმით, იგი გაკვირვებულია, რატომ იკადრა სევდია უგრეხელიძემ ასეთი ტყუილი მაშინ, როცა მთავრობის ყველა წევრი შეესწრო ამ სიტუაციას. მას ისიც აინტერესებს, რაში სჭირდებათ ნაციონალებს ასეთი რაღაცები, მაშინ, როცა მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ „მიმჯდარია“ თბილისის მერიაზე და სისხლს წოვს, მთელი თბილისის ფული მიედინება არა იმაზე, რომ ქალაქში საქმე კეთდებოდეს, არამედ - ვიღაცის ჯიბეებში. უფრო მეტიც, კოკა ყანდიაშვილის თქმით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე ეს ადამიანები სხვადასხვანაირად ფინანსდებოდნენ, ზოგი მძღოლად იყო გაფორმებული, ზოგიც - ფანჯრების მწმენდავად და ფულს ითვისებდნენ.
„ნაციონალებს ტყუილი რომ არ უჭირთ, ეს მთელმა ერმა აღიარა. ეს ქალბატონი გამოდის და ამხელა ტყუილს კადრულობს. როგორც ჩანს, მათი პრინციპია, რაც უფრო დიდია ტყუილია, მით უფრო, დამაჯერებელია. უბრალოდ, სამწუხაროა, როდესაც ქალაქის მერს ედავებიან 70 მილიონის გაფლანგვას, ამ დროს ეს ადამიანები კიდევ კადრულობენ ტყუილებს. სამწუხაროა, რომ მერი პლასტიკურ ბარათებს იპარავს. პროკურატურამ დაიწყო ამ საქმეების განხილვა. უამრავი ფული აქვს წინა ხელისუფლებას ხალხისგან მოპარული და პროკურატურამ ამის შესახებ უნდა იმუშაოს და ასეც არის. მერობა ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა სისხლის სამართლის დევნისგან იმუნიტეტი რომ იყოს, მაშინ ყველანი „ნაცმოძრაობაში“ გაწევრიანდებოდნენ. მათ შორის, ყველა კრიმინალი, იქ აღმოჩნდებოდა“, - განმარტა კოკა ყანდიაშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქის მერი თანამდებობას ვერ ინარჩუნებს, რადგან სასამართლომ მას უკვე შეუჩერა უფლებამოსილება. რაც შეეხება სევდია უგრეხელიძეს, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მას ურჩევს, რომ ეფექტურად იმუშაოს ამხელა ქალაქისთვის და არა ისე, რომ მხოლოდ რუსთაველის გამზირია გაბრდღიალებული.
„აბა, გაიარეთ გლდანში, სადაც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის 250 ათასი მოქალაქე და ერთი საახალწლო ნათურა არ კიდია. ამაზე იზრუნოს ქალბატონმა სევდიამ და თბილისის მერიამ და არა - 24 საათი რომ იყვნენ ტელევიზორში და ბრალდებულ მერს დასდევდნენ და „უპრავებდნენ“ საქმეებს. სევდია უგრეხელიძე ისეთივე ვიცე მერია, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. ქალბატონ სევდიას მხოლოდ „გამარჯობით“ ვიცნობ, მასთან არ მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ, რასაც მთავრობის სხდომაზე შევესწარი, აშკარა ტუილია, თანაც პოლიტიკური სარჩულით ტყუილი“, - გვითხრა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მას ასევე კითხვები უჩნდება, საერთოდ, როგორ აირჩა გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე როგორ გახდა ვიცე-მერი, ხოლო ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც მანამდე საინფორმაციო პროგრამას მართავდა - კრწანისის გამგებელი. მისი თქმით, ყველა „ენჯეოს“ გამოკვლევები, უამრავი ჟურნალისტური გამოძიება მიეძღვნა იმ ფაქტს, რომ მერიაში არ არის საქმე წესიერად, ხალხს ართმევდნენ საკუთრებას, მარტო „იმედის“ ეპიზოდი რად ღირს. ასევე, შეკითხვებს აჩენს, თუ როგორ ფინანსდებოდნენ ტელევიზიები მერიისგან და ცნობილი მომღერლები მექანიკოსებად თუ აგრონომებად როგორ იყვნენ გაფორმებულნი.
კოკა ყანდიაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მთავრობა ამ საეჭვო საკითხებს არ შეისწავლიდა, თუმცა ახლა პასუხს აგებს ყველა, ვინც ხალხის ფულის მოპარვაშია დამნაშავე.
„ახლა რომ ითხოვენ ეს „ენჯეოები“, აბა, სასწრაფოდ გიგიმ ასე თქვა და დავიწყოთ გამოძიებაო, რატომ არავინ არ მოითხოვდა საქმეების აღძვრას იმ უსამართლობაზე და საკუთრების დატაცებაზე, რაც ათი წლის განმავლობაში ხდებოდა?!“- აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.
რაც შეეხება გიგი უგულავას, სასამართლოს მიერ უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ იგი ირწმუნება, რომ თანამდებობისთვის არ იბრძვის და ხუთ თვეში ისედაც არჩევნები იყო დანიშნული. ის აპირებს, ბოლომდე იბრძოლოს „მავნებლობის და მარაზმის წინააღმდეგ“, რაც მთავრობამ სასამართლოს ხელით გააკეთა და მისი გაუქმების შემდეგ კანონით დადგენილი წესით თავადვე შეიჩეროს უფლებამოსილება.
„ჩემი თავი ჭირსაც წაუღია“, - აცხადებს უგულავა და ვერ აკონკრეტებს, თუ რა სტატუსი აქვს ამჟამად. იგი არ მალავს, რომ თავადაც არ იცის, არის თუ არა ამ ეტაპზე თბილისის მერი. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი იცის სევდია უგრეხელიძემ. იგი უკანონოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და ამტკიცებს, რომ პირადად ვიცე-მერის თანამდებობაზე რჩება, ხოლო ქალაქის მერი კვლავ გიგი უგულავაა, რომელიც აპელაციის უფლებით ისარგებლებს.
უფრო მეტიც, სევდია უგრეხელიძე პროკურატურას განმარტების მისაღებად მიმართავს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გადაყენებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ზემდგომმა ორგანომ უნდა შეასრულოს, თუმცა მას ასეთი არ ჰყავს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა. დღეს მივიღეთ პროკურატურის განცხადება, რომელსაც, თავის მხრივ, დაევალა გადაწყვეტილების აღსრულება. ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ ჩვენი მოვალეობის ფარგლებში აღვასრულოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც გვაკისრებენ, თუმცა არ ვიცით, როგორ, რადგან ეს არ არის განმარტებული. როგორ უნდა აღვასრულოთ, თუ ქალაქის მერს ზემდგომი ორგანო არ ჰყავს, მე მერის ზემდგომი არ ვარ, ამიტომ, ხვალ დილით შევიტან წერილს პროკურატურაში განმარტების მისაღებად“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
იმის გასარკვევად, არის თუ არა გიგი უგულავა კვლავ დედაქალაქის მერი და რას ეფუძნება სევდია უგრეხელიძის ოპტიმიზმი ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს მივმართეთ. იგი ამბობს, რომ ქალაქის მერად გიგი უგულავას დატოვება უკანონობაა, რადგან ნაციონალების მიერ მიღებული კანონით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად ითვლება. ამდენად, ნაციონალებს მოუწიათ იმ დრაკონული კანონების საკუთარ ტყავზე გამოცდა, რასაც ათი წლის განმავლობაში ხალხზე ცდიდნენ.
„რაც მოხდა, ნაციონალების მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა და არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. ვერავინ იტყვის, რომ კანონის რომელიმე მუხლი დაირღვა იმით, რომ სასამართლომ ქალაქის მერი გადააყენა. მე ის უფრო გამიკვირდა, მოსამართლემ პატიმრობა რომ არ შეუფარდა უგულავას, მაგრამ, რადგან ის პოლიტიკური ფიგურაა, თავი შეიკავა. თორემ, ნაციონალების მიერ მიღებული კანონების და მათ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასიდან ასი ადამიანი დაპატიმრებული იქნებოდა. რატომღაც მაშინ არაფერი უკვირდათ ნაციონალებს. თუ ევროპული სტანდარტებით ვიმსჯელებთ, გირაოს შეფარდება ნორმალური იყო, რადგან ეკონომიკურ დანაშაულზე, როგორც წესი, პატიმრობას არ უფარდებენ ხოლმე, მაგრამ, რადგან ჩვენთან ნაციონალებმა ასე დაამკვიდრეს, რომ ყველანი ციხეში და ყველა დანაშაულზე პატიმრობა, ამიტომ პატიმრობაც რომ შეეფარდებინათ, ნაციონალებს არაფერი არ უნდა ჰქონოდათ სათქმელი“, - განმარტა For.ge-სთან საუბარში გელა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ცხადია, ნაციონალებს არ სურთ, ეს დავა იურიდიულ-სამართლებრივ სივრცში გადაიყვანონ, რადგან იქ მათი პოზიციები ძალიან სუსტია. ამიტომაც პოლიტიკურ სივრცეში გადაჰყავთ და შესაძლოა, პოლიტიკური მოტივით ბევრიც იდავონ, რადგან ამით დასავლეთს „აბოლებენ“. სამართლებრივად კი ყველაფერი ასი პროცენტით წაგებული აქვთ. ამდენად, ადვოკატს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. სხვა საქმეა, შემდეგ შეწყალებით, საპროცესოს გაფორმებით, ან თუნდაც ამნისტიის შედეგად მოუწევს თუ არა უგულავას ციხეში ჯდომა.
„ასეულობით ადამიანი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ნაციონალების ყულაბაში მიდიოდა. ამის მექანიზმი ჰქონდათ, ბარათებს ბეჭდავდნენ, კოორდინატორების და თავიანთი ხალხის მეშვეობით გამოჰქონდათ თანხა. არავინ არის გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, თითქოს, ამ ყველაფერში გიგი უგულავას ბრალი არ მიუძღოდა და მისი ხელმძღვანელობით არ ხდებოდა ყოველივე. ის, რომ თითქოს არჩევითი მერი არ უნდა იყოს გადაყენებული, მაშინ რას გვთავაზობენ? როცა არის საფუძველი, რომ იმ თანამდებობაზე, რომელზეც აირჩიეს, 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ბრალი, ისევ იმ თანამდებობაზე უნდა დატოვონ? ეს ხომ ბევრად ალოგიკური იქნება?!“ - ინტერესდება უფლებადამცველი.