„მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“, - ამ სლოგანით „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველ ამომრჩეველს სთავაზობს და ამასთან დააანონსა, რომ სულ მცირე, 12 წელიწადი არც ერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მოუწიოთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო.
როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ხელისუფლებას დაუპირსპირდება გლობალური ომის ძალები და მათი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას უყენებენ ულტიმატუმს - „ან იომებთ, ან წახვალთ“, რაც ივანიშვილის განცხადებით, ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა.
„ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. სწორედ ამისათვის გვჭირდება მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა.
საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება არა აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, არამედ საერთო თანამშრომლობის შემავსებელი ფაქტორია.
„ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე, წლების განმავლობაში, ვქმნიდით საფუძველს. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს.
იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, გადასატანი რჩება, მაქსიმუმ, ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები საქართველოს მიმართ. მისივე განცხადებით, ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს.
„გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია - ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ, ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.
„არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ურჩევნია ომი თუ მშვიდობა, მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ; აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს; აირჩევს ბნელ წარსულს თუ ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს. დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება, გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო.
კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მიეცეთ. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი.
„2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის, ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაშ ასე, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამომრჩეველს კი მარტივი არჩევანი აქვს - ომი, თუ მშვიდობა. არჩევანი მარტივია, მაგრამ როგორც ჩანს, არჩევნები რთული იქნება. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს იმასთან შედარებით, რაც თქვა 29 აპრილს, როდესაც დაასახელა ის პრიორიტეტები, რაც მას აქვს და რომელიც ნომერ პირველი ამოცანაა - საქართველოს ისეთი ყოფნა ამ ტურბულეტურ მსოფლიოში, რომ არ მოვხვდეთ იმ საშინელებაში, რომელშიც საკუთარი ხელისუფლების წყალობით იმყოფება უკრაინის მოსახლეობა.
„ცალსახად თქვა, რომ დღევანდელ მსოფლიოს მართავს ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაიმეზე არის მოწადებული - ხოცვა-ჟლეტისა და ომების მეშვეობით გაისქელოს მისმა წევრებმა ჯიბეები და ამავე დროს, ჯიბეები გაასქელებინოს თავის საკუთარ აგენტურას ამა თუ იმ ქვეყანაში. ნახეთ, როგორი სიტუაცია არის - უკრაინის ხელისუფლებას მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად მათი ენჯეოშნიკები ანუ მათი ე.წ. „სუკინ სინები“ არც ერთ შემთხვევაში გაწვეული არ უნდა იქნას ჯარში.
ე.ი. მათ ჯავშანი გარანტირებული აქვთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ანალოგიური სიტუაცია არის აქაური მათი „სუკინ სინების“ - ლომჯარიების, გიგაურების, გუბაზების და ამათ მიმართ. ამიტომ, ნომერ პირველი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება და რამენაირად იმ ძალების განეიტრალება, რომლებიც წარმოადგენენ მეხუთე კოლონას საქართველოში და რომლებიც მოწოდებული არიან საქართველოს ომში ჩართვისათვის“, - აცხადებს გვენეტაძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. ანუ, რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რომელიც უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს მშვიდობის სასარგებლოდ.
„ანუ, მივიღებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოვიდეს „ქართთული ოცნება“. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ მიღებული იქნას ისეთი კანონები, როგორიც მიღებული იქნა „უცხოური გამჭვირვალეობის“ შესახებ, მიღებული უნდა იქნას ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და მთელი რიგი კანონები, რომლის შედეგად, ფაქტობრივად, უნდა დადგეს პოლიტიკურ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ ძალების მიმართ, რომელსაც ჰქვია - კოლექტირუი ნაცმოძრაობა. ეს არის უმთავრესი ამოცანა საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე თვლის, რომ დღევანდელ მოცემულობით მმართველი გუნდის გამარჯვება ეჭვგარეშეა. რაც შეეხება სლოგანს და დაპირებებს, მისი თქმით, საარჩევნო სლოგანი სრულად პასუხობს ხალხის დაკვეთას - ევროპა ყველას გვსურს, მაგრამ ევროპაში შესვლა ღირსების შელახვის და იდენტობის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე არასდროს დამდგარა და არც მომავალში დადგება. დასჯის ნაწილში სრულად ვეთანხმები ივანიშვილს, სამწუხაროდ, ქართველებს მოვლენებისთვის არასწორის სახელის დარქმევა გვახასიათებს ხოლმე, რაც დაუსჯელობას იწვევს. ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, თუნდაც 2008 წლის ომის კონტექსტში, ქვეყნის ღალატის კლასიკური შემთხვევაა. თუნდაც ტალიავინის დასკვნა და იქ ასახული ქვეყნისთვის საზიანო პუნქტები გავიხსენოთ. დადგა დრო ყველაფერს საკუთარი სახელი ვუწოდოთ, ობიექტურ, ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიება ჩატარდეს და ქვეყნის მოღალატეებმა ყველა დანაშაულზე პასუხი აგონ“, - აცხადებს ჩიხელიძე.
მისი თქმით, საგულისხმოა გლობალისტების ხსენება, რომლებსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვთ და აღნიშნული არ არის შეთქმულების თეორია, რადგან ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აბსოლუტური უმრავლესობა არა ფაქტებს, არამედ კერძო პირების მოსაზრებებს ეფუძნება.
„სწორედ მსგავსი ტიპის, არასამართლიანი დამოკიდებულება აჩენს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს გლობალური ბოროტებასთან, რომელიც საქართველოს მშვიდობისთვის სჯის. დღეს რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ქვეყანა ვითარდება და ა.შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ზეწოლის, შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ქვეყანა ომის ქარცეცხლში არ გახვია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.
კი ძირითადი კერძი
რა თქვა გუშინ ტყუილი ოცნებამ? 1. რომ არა სააკაშვილი და სხვა ჩათლახები ომი არ იქნებოდა სწორია!
2. ვიზალიბერალიზაცია არ მოგვცეთო, კანდიდატობა არ მოგვცეთო ... საქართველო არასანქცირებულ ტვირთებს ატარებსო ... უკრაინას იარაღით დაეხმარეთო (მარგველაშვილი) ომში ხალხი გააგზავნეთო, რუსეთს პირდაპირი სანქციები დაადეთო ... ამეების მთქმელი ქვეყნის მტერი არაა? ჰოდა ესაა ნაცები!